მთავარი,სიახლეები

მშენებარე კორპუსში, საიდანაც ლიფტი ჩამოვარდა, სამუშაოები შრომის ინსპექციამ შეაჩერა

02.08.2019
მშენებარე კორპუსში, საიდანაც ლიფტი ჩამოვარდა, სამუშაოები შრომის ინსპექციამ შეაჩერა

შრომის ინსპექციამ სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა იმ მშენებარე კორპუსში, საიდანაც 29 ივლისს სატვირთო ლიფტი ჩამოვარდა. ლიფტით 6 ადამიანი გადაადგილდებოდა და აქედან 3 დაშავდა.

შრომის ინსპექცია მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში იღებს, როცა მშენებლობის პროცესი სამშენებლო უსაფრთხოების სტანდანტებთან კრიტიკულად შეუსაბამოა. ეს შემთხვევა აღმაშენებლის 2ა-ში მოხდა, სადაც კომპანია „გრანდ სითი“ აშენებს საცხოვრებელ კორპუსს.

შრომის უსაფრთხოების ინსპექციის წარმომადგენლის თქმით, სამშენებლო ობიექტზე შეჩერდა, როგორც სიმაღლესთან დაკავშირებული მშენებლობა, ასევე ლიფტის მოწყობის სამუშაოები

„არ იყო წარმოდგენილი სამაშველო გეგმა, საფრთხეები რისკების შეფასებისას, შრომის უსაფრთხოების გეგმა, ზოგიერთ ადგილზე არ იყო მოაჯირი სრულყოფილად მოწყობილი,“ – ამბობს მაია მიქაია. მისი განმარტებით, მშენებლობის პროცესი მას შემდეგ გაგრძელდება, თუკი კონკრეტული დარღვევები აღმოიფხვრება. შრომის ინსპექცია აგრძელებს მოკვლევას ამ სამშენებლო ობიექტზე.

„ჩვენ არ გაგვიპროტესტებია შრომის ინსპექციის ეს გადაწყვეტილება, ეს არ მიგვიღია სასჯელად. პირიქით, კომპანიის მიდგომაა, რომ ეს არის სისტემის დახვეწის წინაპირობა,“ – ამბობს კომპანია „გრანდ სითის“ იურისტი, მერაბ დიმიტრაძე. მისი თქმით, პროკურატურამ გამოკითხა დაზარალებულები, რომლებიც უკვე გაწერეს კლინიკებიდან.

პროკურატურას ამ საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: