მთავარი,სიახლეები

სტეფანოვკის სასაფლაოზე ბილიკები და საფლავები ეკალ-ბარდითაა დაფარული

23.07.2019 • 2310
სტეფანოვკის სასაფლაოზე ბილიკები და საფლავები ეკალ-ბარდითაა დაფარული

სტეფანოვკის სასაფლაოზე საფლავებამდე მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია, ბილიკები ბალახითა და ეკალ-ბარდითაა დაფარული. სასაფლაო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარეობს და ბათუმს ეკუთვნის. შესაბამისად, მის ირგვლივ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ბათუმის მერიის პრეროგატივაა. სასაფლაოს გასწვრივ, ფრიდონ ხალვაშის გამზირის ერთ მხარეს, ფაქტობრივად  არ არსებობს ტროტუარი და იქ გავლა ფეხით მოსიარულეთათვის შეუძლებელია. იქ, სადაც, წესით, ტროტუარი უნდა იყოს, მაღალი ბალახი და ამოთხრილი  მიწის გორებია.

„აქ ასვენია ჩემი მშობლები, ამიტომ ხშირად დავდიოდი, მაგრამ ბოლო დროს ისეთი ვითარებაა, რომ მისვლა შეუძლებელი ხდება“, – ამბობს ბათუმის მცხოვრები გულნარა კაკაბაძე.

მოქალაქის თქმით, რომელმაც „ბათუმელებს“ იმ მიზნით მომართა, რომ მისი ხმა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს მიაწვდინოს, ამ სასაფლაომდე მიღწევა მას შემდეგ კიდევ უფრო გართულდა, რაც  ტროტუარი გადათხარეს  და მის არათუ მოპირკეთებაზე, არამედ პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანაზეც არავის უზრუნია. ახლა სასაფლაოს შესასვლელთან ტროტუარი მთლიანად აყრილია, მანქანების სავალი ნაწილის კიდეებზე კი გაწვიმებისთანავე უზარმაზარი გუბეები დგება.

„სასაფლაოს შესასვლელთან რომ მიაღწიო, ან ამ გუბეებში უნდა გაიარო, ან დაზიანებულ ტროტუარზე, სადაც მიწა გორებად ყრია და ატალახებულია“, – გვიყვება გულნარა კაკაბაძე.

ასე გამოიყურება “ტროტუარი” სასაფლაოს გვერდით

მოქალაქე ამბობს, რომ ამ პრობლემით შეწუხებულმა მოქალაქეებმა მრავალგზის მიმართეს ბათუმის მერიას, თუმცა მათგან არავითარი რეაგირება არ ყოფილა.

გულნარა კაკაბაძე ასევე წუხს იმაზე, რომ სასაფლაოზე გაუვალი ბალახია და არავინ ზრუნავს მის მოწესრიგებაზე. „შეიძლება გველებიც მომრავლდნენ, ამიტომ იქ მისვლა მე, პირადად, უკვე მეშინია. გარდა ამისა, ქვეწარმავლები შეიძლება იქ მცხოვრებთათვისაც პრობლემად იქცნენ“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, სტეფანოვკის სასაფლაოზე წლების განმავლობაში იდგა ნაგვის ურნები, რამდენიმე თვის წინ, ეს ურნები სასაფლაოს ტერიტორიიდან გზაზე გამოიტანეს.  ახლა ამ ურნებით სასაფლაოს გასწვრივ მცხოვრები ოჯახები სარგებლობენ. სასაფლაოზე კი დღითიდღე მატულობს ნარჩენები და მოუწესრიგებელია.

მოუწესრიგებელია და სარეველბითაა დაფარული საფლავებამდე მისასვლელი ბილიკები

ბათუმის სასაფლაოების დირექტორი ავთანდილ ბურკაძე ამბობს, რომ  გარე ტერიტორია მოსავლელად მათ არ ეკუთვნით. სასაფლაოს შიდა ტერიტორიას კი მუდმივად წმენდენ.

“შიგა ტერიტორიაზე ბილიკები გაწმენდილია. უშუალოდ საფლავებს ხელს ვერ ვკიდებთ და არც გვაქვს უფლება მოვკიდოთ მეპატრონის გარეშე. მეპატრონემ უნდა გაწმინდოს. რემონტი ჩავატარეთ, 120 მეტრი ღობე გავაკეთეთ. ჩვენ რაც გვევალება, ის კეთდება, როგორც კი ბალახი ამოდის, იცელება,” – ამტკიცებს ავთანდილ ბურკაძე.

სასაფლაოზე მისულ “ბათუმელებს” ბილიკები ბალახით დაფარული დახვდა,  ზოგ ადგილს კი ეტყობოდა, რომ იქ გაწმენდითი სამუშაოები არავის ჩაუტარებია.

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის პრესცენტრის ცნობით,  სასაფლაოს გვერდით მდებარე ტროტუარს მიმდინარე კვირის ბოლომდე [26 ივლისამდე] მოაწესრიგებენ.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ბათუმის მერიის  კეთილმოწყობის სამსახურის პრეროგატივაა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: