მთავარი,სიახლეები

ჩაქვში „წადი გახარია“ ბანერის გამოფენისთვის ზედამხედველობამ აქტივისტები 7-ჯერ დააჯარიმა

16.07.2019
ჩაქვში „წადი გახარია“ ბანერის გამოფენისთვის ზედამხედველობამ აქტივისტები 7-ჯერ დააჯარიმა

ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე, აქტივისტების მიერ გამოფენილი ბანერის – „წადი გახარიას“ გამო ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახური აქტივისტებს აჯარიმებს.

„ყოველდღე მოდიან, გვთხოვენ პირადობის მოწმობებს, მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ. წერენ რაღაც ოქმებს და გვეუბნებიან, რომ ჯარიმები მოგვივა. თუმცა კონკრეტულად ვის სახელზე წერენ ჯარიმას, არ ვიცით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი აქტივისტი, ხათუნა ბერიძე.

მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახური მათ ეუბნება, რომ ბანერის გამოფენით ისინი ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებენ.

„ჩვენ ვიცით, რომ ამის უფლება გვაქვს და კანონს არ ვარღვევთ. ყოველ 6 საათზე მოვდივართ და 1-2 საათით ვკიდებთ ბანერს, შემდეგ ვხსნით და მივდივართ“, – ამბობს ბერიძე.

„ბათუმელები“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს, დათო ზოიძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ბანერის გამოფენის გამო სამართალდარღვევის ოქმი შვიდჯერ შეადგინეს. „ზედამხედველობის სამსახურმა დააფიქსირა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. კოდექსის 150-ე მუხლი ითვალისწინებს დაჯარიმებას სხვადასხვა ბანერების, პლაკატებისა და წარწერების თვითნებურად მონტაჟისა და განთავსების შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრებაზე.

კოდექსი პირველ შემთხვევაში ითვალისწინებს 50-ლარიან ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში არის 500 ლარი. შედგა შვიდი ოქმი და ყოველ სამართალდარღვევაზე იქნება შესაბამისი რეაგირება“, – აცხადებს ზოიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ ვის აჯარიმებენ კონკრეტულად, ზოიძე ამბობს, რომ ბანერის გამოფენაზე პასუხისმგებელ პირს. „პირველ შემთხვევაში სხვა პიროვნება იყო, მეორე შემთხვევაში – სხვა. ვინც ადგილზეა უფლებამოსილი პირი, ის ჯარიმდება. დაახლოებით 450-ლარამდე ჯარიმა დაუგროვდათ“.

აქტივისტებმა ბანერი – „წადი გახარია“ ჩაქვის ხიდზე პირველად  12 ივლისს გამოფინეს.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: