მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულომ საბჭოთა გენერლის მემორიალური დაფის გახსნას მხარი დაუჭირა

16.07.2019 • 2248
ბათუმის საკრებულომ საბჭოთა გენერლის მემორიალური დაფის გახსნას მხარი დაუჭირა

ბათუმის საკრებულოში დღეს მხარი დაუჭირეს საბჭოთა გენერლის, მიხეილ ბეჟანიძის  მემორიალური დაფის გახსნას ბათუმში. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, „მიხეილ ბეჟანიძე იყო მილიციის გენერალ-მაიორი, აჭარის ასსრ შსს მინისტრის მოადგილე (1975-1988), მინისტრი (1988-1991), დაჯილდოებულია 1 ორდენით და 12 მედლით“.

მიხეილ ბეჟანიძისთვის მემორიალური დაფის გახსნის საკითხის განხილვისას საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა გელა დეკანაძემ იკითხა, მიხეილ ბეჟანიძე სუკის გენერალი იყო თუ მილიციის. ის ასევე დაინტერესდა, უზენაესი საბჭოს სხდომა, რომელმაც მას გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა, 9 აპრილამდე იყო თუ 9 აპრილის შემდეგ?

ამ კითხვას საკრებულოს წევრმა პირდაპირ არ უპასუხა. მან თქვა – „უზენაესმა საბჭომ გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა 1989 წელს“. თუმცა, დოკუმენტაციას, რომელიც დღეს საკრებულოში ჰქონდათ წარმოდგენილი, თან ერთვის სსრკ 1989 წლის 1-ელი ნოემბრის დადგენილება, რომლითაც მიხეილ ბეჟანიძეს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

დოკუმენტებს ასევე თან ერთვის სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრ ბაკატინის ხელმოწერილი წერილი, სადაც ის მიხეილ ბეჟანიძეს მაღალ წოდებას ულოცავს: „გისურვებთ შემდგომ წარმატებას, თქვენს საპასუხისმგებლო და საპატიო საქმიანობაში ჩვენი დიადი სამშობლოსათვის“.

„ღირსების ორდენის მფლობელი რომაა, ამას არაფრად თვლით, ერთი რეგიონის ორი ქალაქის საპატიო მოქალაქე რომ იყო, ეს ჩვეულებრივი ადამიანის რეგალიაა? – ეს პასუხიც 9 აპრილთან დაკავშირებული კითხვის ავტორს გასცეს დღეს ბათუმის საკრებულოში.

„ამ ქალაქში თუ ვინმეს ეკუთვნის ღირსება და პატივისცემა, ამ ადამიანს ეკუთვნის“, – ეს პოზიცია საკრებულოს სხვა წევრმა დააფიქსირა.

საკითხის მომხსენებელმა თქვა, რომ „ბატონ მიხეილს ბევრი რაღაცა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის. მთავარი ის არის და სამაგალითო, რომ ადამიანმა სამაგალითო შვილი აღზარდა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას ემსახურება“.

მიხეილ ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრის, ლევან/ნუკრი ბეჟანიძის მამაა.

„ეს პიროვნება იყო კარგი შინაგან საქმეთა მინისტრი, კარგი პიროვნება, ჩვენი კუთხის კარგი წარმომადგენელი, კარგი კაცი… მე ვიცნობდი მას, ადრე შს ორგანოებში ვმუშაობდი, ყველა ამ ადამიანს დადებითად ახასიათებდა. ბევრი იღვაწა ჩვენი რეგიონისთვის. კარგი ქართველი კაცია“, – ასე დაახასიათა კიდევ ერთმა გამომსვლელმა მიხეილ ბეჟანიძე.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

 

გადაბეჭდვის წესი