მთავარი,სიახლეები

ფორმალური დაზღვევა მუშებისთვის

16.07.2019 • 2358
ფორმალური დაზღვევა მუშებისთვის

16 ივლისი თბილისში კიდევ ერთი მუშის დაღუპვით დაიწყო. სამშენებლო ობიექტებზე უბედური შემთხვევების მაჩვენებელი ისევ მზარდია იმის მიუხედავად, რომ კანონით უსაფრთხოების კუთხით კონკრეტული რეგულაციების დაცვა სავალდებულო გახდა.

სავალდებულო გახდა მშენებელი მუშების დაზღვევაც – კანონმა სამშენებლო კომპანიებს 2019 წლის პირველი იანვრიდან დაავალა ყველა მუშის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა. 80 პროცენტი დააზღვიეს კიდეც, თუმცა მშენებელი მუშა, მესამე სექტორი, სადაზღვევო კომპანია თუ პარლამენტარი – ყველა თანხმდება იმაზე, რომ „მუშების დაზღვევა არ მუშაობს“.

რა არ მუშაობს მშენებელი მუშების დაზღვევაში

„კანონს არ განუსაზღვრავს, რა ლიმიტით უნდა დაეზღვიათ ეს ადამიანები. შესაბამისად, სამშენებლო კომპანიების დიდმა ნაწილმა მინიმალური პაკეტები შეისყიდა, რომ ფორმალურ დონეზე კანონი დაეცვათ,“ – განმარტავს თინათინ სტამბოლიშვილი, სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი.

სადაზღვევო კომპანიაში განმარტეს, რომ დაზღვევის მინიმალური პაკეტი – 3 ათასი ლარია, ანუ თუკი მუშა საწარმოო შემთხვევის შედეგად დაინვალიდდება და მუშაობას ვეღარ შეძლებს, მისი ოჯახი 3 ათას ლარს მიიღებს. დაზღვევა ითვალისწინებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასაც მაქსიმუმ 3 ათასი ლარის ფარგლებში.

„ჩვენ მინიმალური პაკეტი გავაკეთეთ – 3 ათასი ლარი. უფრო დაბალფასიანი პაკეტი რომ შეგვეთავაზებინა, იმასაც იყიდნენ,“ – დასძენს თინა სტამბოლიშვილი. მისივე თქმით, ევროპული პრაქტიკით, სიცოცხლის დაზღვევა გულისხმობს შემთხვევას, როცა დაღუპულის ოჯახი მინიმუმ 5-10 წლის განმავლობაში იღებს იმ ხელფასს, რასაც გარდაცვალებამდე მშენებელი იღებდა.

„ამ ცვლილების მოტივაცია იყო არა მხოლოდ უბედური შემთხვევის თავიდან არიდება, არამედ უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება… რეალურად გამოვიდა, რომ დასაფლავების თანხას იღებს მხოლოდ დაღუპული მუშის ოჯახი,“ – დასძენს თინათინ სტამბოლიშვილი.

„ჯი პი აი ჰოლდინგის“ მონაცემებით, არიან სამშენებლო კომპანიებიც, რომლებმაც განსხვავებული პაკეტი შეიძინეს, თუმცა მინიმალური პაკეტების მიმართ ინტერესი დიდია. სადაზღვევო კომპანიაში მიიჩნევენ, რომ სამშენებლო კომპანიებს არ აქვთ განცდა, რომ დაღუპული ან მძიმედ დაშავებული მუშის ოჯახი მათ სასამართლოში უჩივლებს და ზიანის ანაზღაურება მოუწევთ.

დაღუპული მუშის ოჯახი სამშენებლო კომპანიას სასამართლოში უჩივის

„…როცა ჩამოვარდა, ამბობენ, რომ გონება არ დაუკარგავს, ლაპარაკობდა ყველაფერსო. საავადმყოფოში შეყვანის დროსაც გვითხრა სახელი და გვარიო, ასე მითხრეს ექიმებმა. როცა მე მივედი, ის უკვე გონებაზე აღარ იყო,“ – გვიყვება თბილისში, ორთაჭალაში მშენებლობაზე დაღუპული ვეფხვია ხუჭუას მეუღლე, ნინო მჭედლიძე. შემთხვევა 16 მარტს მოხდა – მშენებლობიდან სამი ადამიანი ერთდროულად ჩამოვარდა, ორი ადგილზე დაიღუპა, ვეფხვია ხუჭუა კი – შემთხვევიდან ერთი კვირის თავზე.

„30 წლის იყო ვეფხვია, ორი წელი ჰქონდა მუშაობა დაწყებული მღებავად… ვეფხვია სამტრედიიდანაა, მე – ხარაგაულიდან. ერთი შვილი გვყავს, ოთხი წლისაა, უსახლკაროდ დავრჩით, ნაქირავებში ვცხოვრობდით, ახლა ნათესავთან ვარ,“ – ამბობს ნინო მჭედლიძე. მის საქმეს ახლა „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტები სწავლობენ. ნინო აპირებს, რომ სამშენებლო კომპანია „მონოლითს“ სასამართლოში უჩივლოს და ის ფული აიღოს ყოველთვიურად, რასაც ვეფხვია იღებდა.

„ასეთია ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა, ვიდრე ბავშვი სრულწლოვანი გახდება… ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგს, რომ სამოქალაქო წესით დავიწყოთ დავა,“ – განმარტავს EMC-ის იურისტი, კოტე ერისთავი.

ვეფხვია ხუჭუას სიცოცხლე დაზღვეული იყო, თუმცა დაზღვევის თანხა ამ დრომდე ნინო მჭედლიძეს არ აუღია. ნინოს თქმით, სადაზღვევო კომპანია კონკრეტულ დოკუმენტაციას ელოდება.

„ძირითადად დავები მორიგებით სრულდება და საქმე სასამართლომდე არ მიდის, ეს იშვიათი გამონაკლისია,“ – აღნიშნავს EMC-ის იურისტი, კოტე ერისთავი. იგივე გვითხრეს მშენებელთა პროფესიულ კავშირებში.

„ჩვენ ამ კუთხით არ გვაქვს არც ერთი საქმე. დაზღვევა ფორმალურია, მაგრამ არავინ დავობს. ძირითადად შემთხვევის შემდეგ მაინც ახერხებს სამშენებლო კომპანია ოჯახთან შეთანხმებას და საუბარიც კი აღარავის უნდა,“ – გვითხრა მშენებელთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა, მარინა კურტანიძემ.

სასამართლოსთვის მიმართვას და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას აპირებს ჟანა არუთინიანიც. მისი მამა – რაჯ არუთინიანი 2019 წლის 12 თებერვალს დაიღუპა „ოლიმპიური ქალაქის“ მშენებლობაზე. რაჯი დაცვის თანამშრომლად მუშაობდა და სამშენებლო კიბეზე ასვლის დროს ჩამოვარდა.

„ეს მოხდა შემოვლის დროს… მან საფეთქელი დაარტყა და ადგილზე მოკვდა. 56 წლის იყო მამაჩემი, ის  იყო ჩემი ოჯახის მარჩენალი… მუშებმა მითხრეს, სულ კანკალით ავდიოდით მაგ კიბეზე, ისე ყანყალებდა და მოაჯირი არ ჰქონდაო. ვიცოდით, რომ რამე მოხდებოდაო… უკვე ხუთი თვე გავიდა და სამშენებლო კომპანიიდან არავინ შემხმიანებია. ვაპირებ, რომ ვიდავო სასამართლოში,“ – გვითხრა ჟანა არუთინიანმა.

რაჯ არუთინიანს სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევაც ჰქონდა. მის ოჯახს  7 ათასი ლარი უნდა მიეღო, თუმცა ოჯახს ამ დრომდე კომპენსაცია არ მიუღია, რადგან ექსპერტიზის დასკვნა ჯერ კიდევ მზად არ არის.

 

როგორ აპირებს პრობლემის მოგვარებას მთავრობა?

„მანიპულირება მოხდა კანონის ჩანაწერის… გიდასტურებთ, რომ ეს არის პრაქტიკულად ფორმალური,“ – მიიჩნევს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც შრომის უსაფრთხოების კუთხით შექმნილი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის წევრია. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ შეთანხმება მიღწეულია და პირველ სექტემბრამდე ჯანდაცვის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას.

„ამ ბრძანებით განისაზღვრება მინიმალური პაკეტი რა უნდა იყოს, რას უნდა მოიცავდეს ეს,“ – დასძენს დიმიტრი ცქიტიშვილი.

„ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს ამ საკითხზე, ვთხოვეთ დახმარება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას და ექსპერტი ჩაერთვება ამ პროცესში,“ – გვითხრა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ. ამ ეტაპზე სამინისტროში ვერ გვითხრეს, განისაზღვრება თუ არა მშენებლობაზე დასაქმებული მუშების დაზღვევის მინიმალური ზღვარი ან რა ოდენობის თანხას მოიაზრებს ამ „მინიმალურ ოდენობაში“ ჯანდაცვის სამინისტრო.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მშენებლობაზე 2019 წლის პირველი იანვრიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში 11 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. 16 ივლისს მშენებლობიდან კიდევ ერთი მუშა გადმოვარდა და დაიღუპა.

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის“ ინფორმაციით, 2018 წელს საწარმოო ადგილებზე 199 დაშავდა და 59 დაიღუპა. 2011-2018 წლებში კი, საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა.

_____

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/349701/

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: