ბათუმის საკრებულომ ენმ-ის ინიციატივა 20 ივნისის მოვლენებზე არ დაარეგისტრირა


ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრებს  მიმართვის პროექტი არ დაურეგისტრირეს.  ფრაქცია მიმართვის ტექსტში ითხოვდა, რომ ბათუმის საკრებულოს ოფიციალურად დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია საქართველოში რუსი დეპუტატის გავრილოვის ვიზიტთან და 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ბათუმის საკრებულოში, მირდატ ქამადაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკრებულომ მათ ამ ქმედებით ინიციატივის უფლება წაართვა.

„თვითმმართველობას შეუძლია მიიღოს კონკრეტული უწყებისადმი მიმართვა, ამიტომ ჩვენ ოფიციალურად, კანონით დადგენილი წესების დაცვით, პარასკევს, 12 ივლისს, საკრებულოში დავარეგისტრირეთ საქართველოს მთავრობისადმი მიმართვის პროექტი. საკრებულოს უნდა ემსჯელა და კენჭისყრაზე უნდა დაეყენებინა ეს საკითხი და თუ დაუჭერდა უმრავლესობა მხარს, ამის შემდეგ გამოვიდოდა, რომ ბათუმის საკრებულო მიმართავდა საქართველოს მთავრობას, მაგრამ ჩვენი ინიციატივა დღის წესრიგშიც კი არ შეიტანეს,“ – აცხადებს მირტად ქამადაძე.

მისი თქმით, დეპუტატის ინიციატივა, რომელიც რეგისტრირდება ფორმალური პროცედურების დაცვით, უნდა შევიდეს საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში. „თუმცა, ბიურომ დღის წესრიგშიც არ შეიტანა და ამით დაარღვია კანონი. დღეს, 15 ივლისს, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ერთპიროვნულად მივიღე თურმე გადაწყვეტილება და ამიტომ არ უნდა შევიდეს ეს საკითხი დღის წესრიგში, წინასწარ უნდა გაგევლოთ კონსულტაცია ჩვენთანო,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

მისი თქმით, იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ მას ვერ მიუთითა სამართლებრივი ნორმა, რომელიც საკრებულოს წევრს ინიციატივის დაყენებამდე კონსულტაციების გავლას ავალდებულებს იურიდიულ კომისიასთან.

მიმართვის პროექტში, რომლის  დარეგისტრირებასაც საკრებულოზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა, წერია: „2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მიწვეული იქნა რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელმაც თავის დროზე აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა.

სერგეი გავრილოვმა დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა, საიდანაც ზვიად გამსახურდიას მიერ გამოცხადებული იქნა საქართველოს დამოუკიდებლობა.  შეურაცხმყოფელია და ჩრდილს აყენებს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და საზოგადოების მისწრაფებებს.

მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, როგორც ამ ქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ, დააფიქსიროს პოზიცია აღნიშნულ შემაშფოთებელ ფაქტთან დაკავშირებით და საოკუპაციო რეჟიმს აჩვენოს საზოგადოების ერთიანობა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობის იდეისათვის ბრძოლაში“.

რეზოლუციის პროექტში საქართველოს მთავრობის მისამართით დაყენებულია შემდეგი მოთხოვნები:

  • გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პირები
  • საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით
  • გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია
  • საქართველოს ხელისუფლებამ მიმართოს ყოველგვარ ძალისხმევას, რათა არ დაუშვას საოკუპაციო რეჟიმის გაძლიერება ქვეყნის ტერიტორიაზე და მიიღოს ზომები რუსული პროპაგანდისა და პროვოკაციების აღსაკვეთად
  • დაისვას იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ხელი შეუწყვეს სერგეი გავრილოვის პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას და რუსული ინტერესების გატარებას
  • გაძლიერდეს ანტისაოკუპაციო კანონმდებლობა, რომელიც ხელს შეუშლის რუსეთის ინტერესების გატარებას საქართველოში.

რეზოლუციის პროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ „საქართველოს მოსახლეობამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოთქვა სამართლიანი პროტესტი, რომელიც დარბეული იქნა ძალოვანი უწყებების მიერ, აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს დამიზნებით ესვროდა სპეცრაზმი, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება, ნაწილმა დაკარგა მხედველობა, ნაწილი ჯერ კიდევ სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფება, დაკავებული იქნა ასობით მოქალაქე, პოლიცია ახორციელებდა ადამიანების დევნას და ძალადობას მაშინაც კი, როდესაც ეს ადამიანები საკმაოდ მოშორებით იყვნენ საქართველოს პარლამენტის შენობისგან“.

ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა დაგეგმილია ხვალ, 16 ივლისს, სწორედ ამ სხდომაზე აპირებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნული საკითხის განხილვას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com