მთავარი,სიახლეები

გიდების შენიშვნებიდან 1 თვის შემდეგ რა გამოსწორდა ტურისტულ ობიექტებზე ბათუმში 

02.07.2019 • 3281
გიდების შენიშვნებიდან 1 თვის შემდეგ რა გამოსწორდა ტურისტულ ობიექტებზე ბათუმში 

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების შენიშვნები მოისმინა ბათუმში და არა მარტო ამ ქალაქში, ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ შედგა,  გიდები საუბრობდნენ იმაზე, რომ ქალაქის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც დატანილია ტურისტულ რუკაზე და რომელთა სანახავადაც მიჰყვათ ტურისტები, ისე არ გამოიყურება, როგორც სარეკლამო ბუკლეტზე.

მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ობიექტი „ალი და ნინო“, ღამით გაუნათებელია. „მოძრაობს ნელა და მეტალიც გასაწმენდია“, – ამბობდნენ გიდები.

მოუწესრიგებელია ნავსადგურთან არსებული „ჭაჭის თაუერიც“, რომელმაც თავდაპირველი ფუნქცია დიდი ხანია დაკარგა. ჭაჭის თაუერში არც ჭაჭაა და კარებიც დაკეტილია. კოშკის ირგვლივ  არც შადრევნები მუშაობს. ქალაქის სასეირნო ზოლში მდებარე შენობის ღიობები კი სანაგვედ არის ქცეული.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ჭაჭის თაუერი

დიდი ხანია არ ფუნქციონირებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, დრამატული თეატრის წინ განთავსებული ნეპტუნის შადრევანიც. შესაბამისად, შადრევანში წყალი არ არის და არც ღამის განათებებია ჩართული.

ნეპტუნის შადრევანი ადრე

ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნა. რა შეიცვალა სეზონის გახსნის შემდეგ და მოაგვარა თუ არა მერიამ ამ ობიექტებთან დაკავშირებული პრობლემები? „ბათუმელები“ ამის გასარკვევად ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ნეპტუნის შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და მისი ჩაბარება 15 დღეში იგეგმება.

„გლუვი გამოიცვალა და დაემატა რვა რქოვანა, შადრევნის შიგნით კაბელები შეიცვალა, განახლდა იზოლაცია, ეს ყველაფერი დაჯდა 102 ათასი ლარი. შესრულებულ სამუშაოებს მალე ჩავიბარებთ“, – გვითხრეს სამმართველოს პრესსამსახურში.

რაც შეეხება ჭაჭის თაუერს, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ თაუერთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, რაიმე ცვლილება ჯერ-ჯერობით არ იგეგმება.

„ალი და ნინო“ ბათუმის ბულვარის ბალანსზეა. ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, რომ სკულპტურის განათებასთან დაკავშირებული პრობლემა წელს მოგვარდება, თუმცა სკულპტურის მოძრაობა ვერ აჩქარდება.

„ჩვენ დიდი ხანია გვაქვს მიმოწერები გერმანელ სპეციალისტებთან, რომლებმაც თავის დროზე დაამონტაჟეს ეს ქანდაკება. როგორც ისინი გვიხსნიან, ამ ორი ქანდაკების ერთმანეთში გადასვლის დრო ვერ ჩამოვა 10 წუთზე, რადგან პროექტით 20-წუთიანი ინტერვალია გათვალისწინებული. ჩვენ შეგვიძლია დავაპროგრამოთ ათ წუთზეც, თუმცა ეს ძეგლის მიმართ იქნება არასწორი მოქცევა, რადგან ტექნიკური ინჟინრის რეკომენდაციაა, რომ  მოძრაობის დაჩქარება ქანდაკების დეფორმაციას გამოიწვევს“, – ამბობს ირაკლი ჯინჭარაძე.

რაც შეეხება განათებას, ირაკლი ჯინჭარაძის თქმით, გერმანელი სპეციალისტები 20 ივლისისთვის აპირებენ ჩამოსვლას და განათებას თვითონ დაამონტაჟებენ. „ეს ის ინჟინერია, რომელმაც განათება 2010 წელს დააპროექტა თამარ კვესიტაძესთან ერთად. განათების განახლება 7 ათასი ევრო ჯდება და თანხის პრობლემა არ არის, ველოდებით სპეციალისტს და ეს საკითხი მოგვარდება“, – გვეუბნება ბულვარის დირექტორი.

ბათუმმა 9 ივლისს, „World Travel Awards“-ის ჯილდო მიიღო პორტუგალიაში, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ქალაქმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: