სიახლეები

აქცია ბათუმში: „ხელისუფლებამ არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა“

30.06.2019 • 1038
აქცია ბათუმში: „ხელისუფლებამ არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა“

29 ივნისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციით ბათუმელმა ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს. იდენტური იყო  მთავარი მოთხოვნაც – გადადგეს გიორგი გახარია.

„მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა, რასაც მოყვა ადამიანების დასახიჩრება. აქციის რამდენიმე მონაწილე დღესაც გადარჩენისთვის იბრძვის.

ჩვენ, აქ შეკრებილი ადამიანები ვამბობთ, რომ ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და მთელ მმართველ პოლიტიკურ კლასს.

მოვითხოვთ, დაისაჯოს დარბევის ბრძანების გამცემი პირები და ასევე სისტემას ჩამოშორდეს ჯალათები, რომლებიც მზად არიან, მათ წინ მდგომ მშვიდობიან თანამოქალაქეებს დამიზნებით ესროლონ ტყვია.

ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არაერთხელ გასცეს პასუხი ხელისუფლებას, რომელიც მშვიდობიან დემონსტრანტებს იარაღით დაუპირისპირდა. უარი ვუთხარით 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას სწორედ ამ მიზეზით. დღეს კი, როდესაც არსებული ხელისუფლება იმავე მეთოდებით იბრძის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, ვდგავართ ქუჩაში, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში და ვამბობთ რომ ამას არ შევეგუებით!

ქართველი ხალხი არ იმსახურებს არსებულ პოლიტიკურ კლასს, რომელიც მზადაა საკუთარი ინტერესებისთვის საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენოს. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ადარდებს ქართული სახელმწიფო და ქართული დემოკრატია იფიქროს ხვალინდელ დღეზე და გადადგას ნაბიჯები ახალი ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის დასაწყებად, რომელიც უარს ეტყვის არსებულ პოლიტიკურ კლასს“- აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: