მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

„ახალი მეჩეთი იქცა დემოკრატიის განვითარებისათვის ბრძოლად“ – გამოხმაურება ბათუმის მერს

30.06.2019 • 2722
„ახალი მეჩეთი იქცა დემოკრატიის განვითარებისათვის ბრძოლად“ – გამოხმაურება ბათუმის მერს

ავტორი: ტარიელ ნაკაიძე, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე

_______________

გუშინ „ბათუმელებში“ გავრცელდა ბათუმის მერის, ბატონ ლაშა კომახიძის ინტერვიუ. ინტერვიუში მოცემული შინაარსი სამწუხაროდ ამოვარდნილია რეალურ მსჯელობისგან, ეს არ შეშვენის სახელმწიფო მოხელეს. შეიცავს დისკრიმინაციულ მიდგომებს და ადასტურებს ჩვენ შიშების მიზეზებსაც, რის გამოც მუსლიმი მრევლი უარს ამბობს საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწის ნაკვეთი გადასცეს მუსლიმთა სამმართველოს. ამ ინტერვიუმ ასევე გამოააშკარავა საკითხის მოლაპარაკების გზით მოგვარების მიმართ მერის არაგულწრფელი დამოკიდებულება. აღნიშნულ ინტერვიუსთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებისთვის განვმარტავ რამდენიმე საკითხს.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი დაახლოებით 15 წელია დგას. ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს მუსლიმი მრევლი, რომელსაც წარმოადგენდა ოფიციალურად არარეგისტრირებული, თუმცა სახელმწიფოსგან აღიარებული „აჭარის სამუფთო სამმართველო“. მეჩეთის მშენებლობისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის მოთხოვნით არაერთხელ გაეგზავნა მიმართვა ხელისუფლებას. რიგ შემთხვევებში, როცა პოლიტიკური საჭიროებები (არჩევნებს ვგულისხმობ) იჩენდა თავს, ხელისუფლება მუსლიმ მრევლს ჰპირდებოდა მეჩეთის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გადაცემას. მეჩეთის მშენებლობისათვის ნებართვას და მიწის ნაკვეთის გადმოცემას „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოც“ (რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირდა 2011 წელს) ითხოვდა. ამ მიმართულებით არაერთი მიმართვა გაეგზავნა ხელისუფლებას მიწის გადაცემის მოთხოვნით. 2012 წელს შეიცვალა ხელისუფლება. ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ დაპირდა მუსლიმ მრევლს, რომ გადასცემდა მიწის ნაკვეთს მეჩეთის მშენებლობისათვის და ასევე აცხადებდა, რომ პირადად თვითონ მზად იყო 30 მილიონი ლარამდე გაეღო მეჩეთის მშენებლობისათვის შემოწირულობა.

ტარიელ ნაკაიძე

2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში ჩამოყალიბდა „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო“ (საეჭვო რეპუტაციის მქონე ხელმძღვანელითა და ორგანიზაციული წარმონაქმნით). 2014 წლის ოქტომბერში, სავარაუდოდ რელიგიის საკითხთა სააგენტოს მკაცრი ზეწოლის ქვეშ (აღნიშნული ზეწოლის მსხვერპლი ნაწილობრივ თავადაც ვიყავი), ხელი მოეწერა წერილს და მოთხოვნას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე (აღნიშნული წერილი არ მოუმზადებია მუსლიმების წარმომადგენლობას). შემდეგ, დიდი ზეწოლის ქვეშ, სამწუხაროდ წერილს ხელი მოაწერეს მუსლიმთა სამმართველოს მუფთებმა და რამდენიმე მორწმუნემ. წერილის შინაარსი შედგენილი იყო რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ და სხვადასხვა საკითხთან ერთად მესამე მუხლის პირველ ნაწილში ეწერა შემდეგი: „ქ. ბათუმში მოქმედ „ორთა ჯამეს“ გაფართოების ან ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ალტერნატივად, მოვითხოვთ სახელმწიფომ უზრუნველყოს ბათუმის „ორთა ჯამეს“ რეკონსტრუქცია-რესტავრაცია და სათანადოდ მოწყობა“. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მოთხოვნა იყო რეზიდენციის გადმოცემის შესახებ. ამ ხელწერების შემდეგ სახელმწიფომ მეჩეთთან დაკავშირებით შეცვალა დამოკიდებულება. განაცხადა, რომ ბათუმში, მეჩეთს მუსლიმი მრევლი აღარ ითხოვსო. სამწუხაროდ მუსლიმთა სამმართველომაც შეაჩერა მეჩეთის მშენებლობისათვის მოთხოვნა.

მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებთან საუბრისას ნათლად ირკვეოდა, რომ ამ მუხლში მოცემულ მოთხოვნას არ ეთანხმებოდნენ, რაც ასევე დაადასტურეს შემდეგ 12 კაცის მიერ ხელმოწერებში თავიანთი ხელმოწერებით, რომლითაც საინიციატივო ჯგუფი ითხოვდა მეჩეთის მშენებლობას.

აღნიშნულმა წერილმა და მუსლიმთა სამმართველოს წევრებზე ხელისუფლების რეპრესიულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია მუსლიმთა სამმართველოსა და მუსლიმი მრევლის ერთგვარი დაშორება და ასევე, გაამყარა ხელისუფლებისა და მათ შორის მუსლიმთა სამმართველოსადმი უნდობლობა. ამ გარემოებამ განაპირობა დამოუკიდებლად ჩამოყალიბებულიყო სახალხო მოძრაობა არარეგისტრირებული ფორმით – „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი“.

საინიციატივო ჯგუფში ძირითადად გაერთიანდა ბათუმის ორთა ჯამეს მრევლი, რომლებიც ასევე წარმოადგენდნენ აჭარის სხვადასხვა რეგიონებსა და დაბებს. (მინდა აქვე შენიშვნის სახით დაგიდასტუროთ, რომ „ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის“ ჩამოყალიბების არცერთ ეტაპზე არ მიმიღია მონაწილეობა, არც მქონია ინიციატივა. საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება იყო საზოგადოების ერთობლივი აზრი და მოწადინება. საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბებიდან სამი კვირის შემდეგ ამირჩიეს ამ ჯგუფის ხელმძღვანელად). ამის შემდეგ დაიწყო მოძრაობა და დაგეგმვა, თუ როგორ შეიძლებოდა სამმართველოს მიერ ხელმოწერილი მოთხოვნა მეჩეთის არაშენებაზე გაუქმებულიყო. ამისათვის საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, მეჩეთის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და ნებართვის გაცემის მოთხოვნით.

ერთი თვეში შეგროვდა 12 ათასი კაცის ხელმოწერა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ხელწერებს შორის არის მუსლიმთა სამმართველოს ყველა წევრის ხელმოწერა და უშუალოდ იმ ადამიანების ხელმოწერები, რომელებმაც, სამწუხაროდ, ვერ გაუძლეს ზეწოლას და როგორც ავღნიშნეთ ზემოთმოცემულ უარზე მოაწერეს ხელი. ეს იყო დასტური მათი მხრიდან, რომ სამმართველოს წევრები არ ეწინააღმდეგებოდნენ მეჩეთის მშენებლობას.

ამის შემდეგ საინიციატივო ჯგუფმა შეისყიდა მიწის ნაკვეთი და მიმართა ბათუმის მერიას მეჩეთის მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის თაობაზე, რაზედაც მიიღო უარი. პროტესტის ნიშნად მუსლიმმა მრევლმა მიიღო გადაწყვეტილება ღია ცის ქვეშ გაეხსნათ მეჩეთი. 2017 წლის 26 მაისს მუსლიმმა მრევლმა ოფიციალურად გახსნა მეჩეთი და ამ დღიდან დაიწყო ღია ცისქვეშ ლოცვის შესრულება. მეჩეთი დღესაც მოქმედებს თავისი ყველა აუცილებელი ატრიბუტით (გარდა შენობისა). სამწუხაროდ მუსლიმთა სამმართველო ამ პროცესებში ღიად ვერ ჩაერთო, ამის მიზეზი იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს (რაც ამავე დროს ნიშნავს ხელისუფლების პოზიციასაც) კიდევ ერთი ზეწოლა. სამი წლის განმავლობაში მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ მხოლოდ ერთხელ შეძლო მისვლა ახალ მეჩეთში.

საინიციატივო ჯგუფმა მერიის უარი სასამართლოში გაასაჩივრა. მერიამ პირველსავე სასამართლო სხდომაზე გამოთქვა მოლაპარაკების სურვილი. პირველი შეხვედრა მოლაპარაკების შესახებ შედგა 2018 წლის მარტში. მერიის შემოთავაზება იყო შემდეგი: „მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაგვეცა მუსლიმთა სამმართველოზე და შემდეგ მერიას, მუსლიმთა სამმართველო თუ მიმართავდა ნებართვაზე, ემსჯელა ნებართვის გაცემაზე“. რა თქმა უნდა ეს საკითხი განვიხილეთ მრევლში და მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. კრებები ჩავატარეთ სხვადასხვა მეჩეთებშიც. მიწის ნაკვეთის სამმართველოზე გადაცემის თაობაზე ყველგან მივიღეთ უარი.

მრევლის მოსაზრება იყო, რომ მუსლიმთა სამმართველოზე მიწის გადაცემა ნიშნავდა მუსლიმი მრევლის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის დაკარგვას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილით მოგვმართა მუსლიმთა სამმართველოს ხულოს რაიონის 50-მდე წინამძღვარმა, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ „აღნიშნული მიწის ნაკვეთისთვის ჩვენ სოფლებში შევაგროვეთ თანხები, ჩვენ წარმოვადგენთ მუსლიმთა სამმართველოს წინამძღვრებს, მაგრამ ფული ჩაგაბარეთ საინიციატივო ჯგუფს. ეს განპირობებულია მხოლოდ იმით, რომ თქვენს მიმართ არის ნდობა და დარწმუნებული ვართ თქვენ ააშენებთ მეჩეთს. ვეწინააღმდეგებით მუსლიმთა სამმართველოზე მიწის გადაცემის ფაქტს“.

აღნიშნულმა წერილმა საბოლოოდ მიგვაღებინა გადაწყვეტილება, არ გადაგვეცა მიწის ნაკვეთი მუსლიმთა სამმართველოს საკუთრებაში. პასუხი წერილობით ვაცნობეთ მერიას. სამწუხაროდ მერია დღესაც მუსლიმი მრევლისათვის მიუღებელ წინადადებებს გვთავაზობს. რა თქმა უნდა, ჩვენ აღნიშნულ შეთავაზებას არ ვეთანხმებით და არ ვაპირებთ მიწის გადაცემას მესამე პირებზე. ვფიქრობთ, მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის გადაცემა მუსლიმთა სამმართველოზე ნიშნავს სახელმწიფოს მიერ მიწის ნაკვეთის წართმევას. რასაც ნამდვილად ვერ დავუშვებთ.

ჩვენ გვაქვს შემდეგი მიდგომა მუსლიმთა სამმართველოსთან ამ საკითხში თანამშრომლობის:

1. მზად ვართ მუსლიმთა სამმართველომ თანაბარი უფლებით მიიღოს მონაწილეობა ჩვენთან ერთად ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაში. მეჩეთის აშენების შემდეგ ვიმსჯელებთ მეჩეთის მუსლიმთა სამმართველოზე გადაცემა – არ გადაცემის საკითხზე. 

2. ვთავაზობთ ბათუმის მერიას, მუსლიმთა სამმართველოს გადასცეს სხვა მიწის ნაკვეთი სადაც მოხდება ახალი მეჩეთის მშენებლობა, ჩვენის მხრივ მხარს დავუჭერთ ამ პროცესს, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაშიც გავაგრძელებთ სასამართლო დავას.

და ბოლოს, ვფიქრობთ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ საკულტო ნაგებობის მშენებლობას. ეს იქცა ერთგვარად საქართველოს დემოკრატიის განვითარებისათვის ბრძოლად. ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ვთქვათ უარი და რაიმე მიზეზიდან გამომდინარე დავთმოთ პოზიციები.

მართალი გითხრათ, ძალიან გვიმძიმს, როცა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შედგენილ ანგარიშებში ბათუმის მეჩეთის მშენებლობის საკითხი სახელდება ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებად, რაც ულახავს იმიჯს ჩვენს ქვეყანას. ასევე, ხელისუფლებას ვთხოვთ, ნუ გვაიძულებთ ჩვენი უფლებების დაცვისთვის ვეძებოთ მომხრეები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე. ხელისუფლების არასწორი ქმედებები მუსლიმებს გვაიძულებს მუდმივად ვიყოთ ჩვენი უფლებების დაცვის ბრძოლაში, რაც ხელს უწყობს მუსლიმი მრევლის კონსოლიდაციას, როგორც სოციალურ, ასევე პოლიტიკური მიმართულებით.

დარწმუნებული ვართ, ადრე თუ გვიან ჩვენ შევძლებთ მივიღოთ მშენებლობის ნებართვა. ჩვენ ამოვწურავთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს. თუ ვერ მოვახერხებთ ამ მექანიზმებით მეჩეთის მშენებლობას, მაშინ ვიმოქმედებთ იმ ხერხებით, რაც აქამდე არის აპრობირებული ეკლესიების მშენებლობის დროს. საბოლოოდ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ავაშენებთ მეჩეთს.

______

ფოტოზე: ლოცვა ბათუმის ახალ მეჩეთში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: