მთავარი,სიახლეები

თაგოდან სხალთაში ახალი საფეხმავლო მარშრუტით – მოგზაურის ჩანაწერები

30.06.2019 •
თაგოდან სხალთაში ახალი საფეხმავლო მარშრუტით – მოგზაურის ჩანაწერები

თაგო სოფელია მაღალმთიან აჭარაში, სადაც ბათუმიდან სულ რაღაც 2 – 2.5 საათში აღმოჩნდებით. თუმცა ჯერ ხულოს ცენტრამდე უნდა ახვიდეთ, რისთვისაც ბათუმის ძველ ავტოსადგურს უნდა მიაკითხოთ, აქედან ხულოს მიმართულებით მიკროავტობუსები ყოველ საათში ერთხელ დადიან, დილის 8-დან საღამოს 4-5 საათამდე. მგზავრობა ძვირი არ ღირს, სულ რაღაც 5 ლარი.  გზად გაივლით ქედის, შუახევისა და ხულოს სოფლების ულამაზეს გზას, აჭარისწყლის ხეობას, ამწვანებულ მთებს და ველებს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ მძღოლი გზადაგზა ბევრგან გააჩერებს.

თავიდანვე აირჩიეთ ადგილი ფანჯარასთან, რომელიც იღება. თუ „მარშუტკით“ მგზავრობა გეზარებათ, კი ბატონო, იმგზავრეთ ავტომობილით, სწრაფადაც ჩახვალთ და უფრო კომფორტულადაც, მაგრამ იცი როგორ არის? მოგზაურობა ავტობუსითა თუ „მარშუტკით” ნამდვილ ქვეყანას, ნამდვილ მხარეს გაჩვენებს, ნამდვილი ადამიანებით, ცოცხალი ურთიერთობებითა და შეულამაზებელი პეიზაჟებით. დაბურულმინიანი მანქანიდან ეს ყველაფერი არ ჩანს. რას მივედ-მოვედები? კარგი ბატონო, წადით მანქანით.

მოკლედ სულერთია რითაც, ხულოს ცენტრამდე რომ ახვალ, იქვე დაგხვდება საბაგირო, საიდანაც პატარა, წითელი ვაგონით ერთი მთიდან თითქმის ორი კილომეტრით დაშორებულ მეორე მთაზე გადადიხარ. აქ პატარა სოფელი, თაგოა გაშენებული. სოფელში გზა ვიწრო ბილიკით შედის, ზუსტად ისე, როგორც ზღაპრების უღრან ტყეში, სადაც აუცილებლად სხვა სამყარო დაგხვდებათ.

სოფელში ყველაფერი პატარაა: სკოლა, მეჩეთი და ხის სახლები, მაგრამ ტყე და მთებია დიდი. აუცილებლად მოგჭრით თვალს ხის ძველი სახლები, აქ სხვანაირ სახლს ვერც ნახავთ ერთი მარტივი მიზეზის გამო: ტყე აქვეა და სახლს ფიცრებით აშენებენ, ცემენტის და სხვა მძიმე სამშენებლო მასალების მოტანა კი ერთადერთი ვიწრო და რთული სამანქანე გზით ჭირს.

ხის ნალიებით, ყანებითა და ბოსტნებით ამწვანებული სოფელი ზაფხულში ბავშვებითაა სავსე. ზოგი სტუმარია, ზოგიც წელიწადის ყველა დროს თაგოში ატარებს. „სად მიდიხარ? საიდან ჩამოხვედი? გაგაცილოთ? გზას გასწავლით!” მომძახიან ორღობეებში მაჟალოს და ბლის ხეებზე გაბმული ბავშვები. პირი წითელი ბლით აქვთ მოთხუპნული, ყურებამდე გიღიმიან, კამერით რის გადაღებასაც ასწრებ ესაა.

დაჩი, აჩი, მათი მშობლები და ბებია მუდმივად თაგოში ცხოვრობენ. ამბობენ, რომ აქ ცხოვრება რთული არ არის. თესენ კარტოფილს, სიმინდს, ლობიოს, ხეხილი აქვთ ეზოში, ძროხები და ქათმები ჰყავთ – არაფერი აკლიათ და სუფთა გარემოში, ქალაქიდან შორს ცხოვრობენ. აქ ხმაური არ აღწევს და ყველგან პირველყოფილი სიმშვიდეა, შენც ყველაფერი გავიწყდება რაც გღლის და ნერვებს გიშლის, გრძნობ ერთადერთი რამეა საჭირო ბედნიერებისთვის: ბუნებრივი გარემო, სიმწვანე, სუფთა ჰაერი, ადამიანების მშვიდი, ღიმილიანი სახეები, ჩიტების ხმა, მთებზე ნისლი და ცაზე ღრუბლები.

მაღალმთიანი აჭარის ამ სოფელში ზამთრობით დიდი თოვლი მოდის, ქალებს ხელსაქმისთვის ბევრი დრო რჩებათ, ნაქარგებს და ნაქსოვს გოგოებს მზითევში ატანენ ან ერთმანეთს ჩუქნიან.

ხის სახლებში ზოგან საოჯახო სასტუმროებია მოწყობილი, სადაც 30-50 ლარად ღამესაც გაათევთ და ტრადიციულ აჭარულ კერძებსაც დააგემოვნებთ: ბორანოს, ქალაჯოს, ხავიწს, ნაღბიბორასა და სინორს.

სინორი

სხვანაირად გძინავთ და სუნთქავთ ზაფხულში წარმოუდგენლად გრილ ხის სახლებში, ისეთში, მაგალითად, როგორიც ასლან ცეცხლაძის საოჯახო სასტუმროა: სიმინდის ყანაში ჩაფლული სახლი. დიასახლისი აქ შინ მოყვანილი პროდუქტებით მომზადებული ტრადიციული კერძებით გაგიმასპინძლდებათ. სახლი თაგოს საბაგიროდან სულ რაღაც 900 მეტრის დაშორებით მდებარეობს. საოჯახო სახლებს ერთი რამ გამოარჩევს ღამის სხვა გასათევებისგან – აქ სტუმარი არ ხარ, შინ მოდიხარ – საღამოს სიგრილეში ბუხარს შეგიძლია შენით შეუკეთო, დიასახლისის ფუსფუსს უყურო ან სულაც შენივე სალათის მომზადებაში მიეხმარო.

აქვეა ზურაბ ცეცხლაძის საოჯახო სასტუმროც, პირველ სართულზე ოჯახს შეშის საწყობი მოუწყია ყოველდღიური საჭიროებისთვის, თაგოში თითქმის ყველაფერს შეშის ღუმელზე ამზადებენ და ზამთარ-ზაფხულ ორღობეებში ხის სასიამოვნო სუნი დგას, კვამლი ყველა საკვამურიდან ამოდის.

საოჯახო სასტუმროებიდან სოფლის ულამაზესი ხედები იშლება მთებით და ტყეებით. თუ თაგოში 2-3 დღით მაინც გადაწყვეტთ დარჩენას, აუცილებლად უნდა გაიაროთ 9-კილომეტრიანი თაგო-სხალთის მარტივი საფეხმავლო ბილიკი. გზად შერეულ წიწვოვან და ფოთლოვან ტყეს გადიხართ. მარშრუტი მთლიანადაა მარკირებული ტურისტული ნიშნულებით და დაკარგვა შეუძლებელია. ტყეში 1, 2 კილომეტრის გავლის შემდეგ, მდელოდან ხულოს სოფლების ულამაზესი ხედები იშლება, სადაც შეგიძლიათ პიკნიკი მოაწყოთ ან იქვე კარვით დარჩეთ.

ტყეში ერთსაათიანი შეჩერებაც კი სისხლის გადასხმასავითაა, ცოცხლდები, ენერგია გემატება. მდელოზე ჩათვლემის შემდეგ სხვანაირად ახელ თვალებს და ფიქრობ, მაგრად გაგიმართლა შენი სამსახური რომ სხვა რამეებთან ერთად ზურგჩანთით ხეტიალს და ნანახ-გაგონილზე წერას გულისხმობს. ვრთავ ტელეფონს, არ ვპასუხობ ზარებს და ღრმად ვსუნთქავ, ბეტონის ქალაქში დაბრუნებულს ეს ჟანგბადი დიდხანს რომ მეყოს.

ბილიკი ძირითადად დაუსახლებელ ტერიტორიას მიუყვება, ტყის დასასრულს მოასფალტებულ გზაზე კილომეტრნახევრის გავლის შემდეგ სხალთის ხეობაში გადადიხართ, აქ შერიფ ხიმშიაშვილის მუზეუმის და სხალთის XII-XIII საუკუნეების მონასტრის დათვალიერება შეგიძლიათ. სხალთის მონასტერი პირვანდელი სახითაა მოღწეული და კედლებზე დღემდეა შემორჩენილი XIV-XV საუკუნის ფრესკები.

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი გამჭოლია. ეს იმას ნიშნავს, რომ გზის გავლა პირიქითაც შეგიძლიათ: სხალთის ხეობიდან თაგომდე, ამ შემთხვევაში ცოტა უფრო მეტი აღმართის ავლა იქნება საჭირო, მაგრამ თაგოს საოჯახო სახლებში დარჩენისას ამწვანებული ხედები დაღლას დაგავიწყებთ.

უკან დაბრუნებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხულოდან ბათუმისკენ ბოლო სამარშრუტო ავტობუსი 17:00 საათზე მიდის, ისევ ქათმებით, პომიდვრიანი ხის ყუთებით, გზაში გაგონილი ამბებით, მგზავრები ერთმანეთს რომ უყვებიან ოჯახის ტვირთსა და მძიმე შრომაზე, მწვანილების ტომრებით და მძღოლის შეძახილებით შავი ღრუბლების დანახვაზე: „ნენეეეეევ! რაფერი ღრუბლებია ჯოვ! ჯერ ეწკლარტუნება, მერე დუუშვებს ბათუმშიც!” – ესაა ჩემი ქვეყანა. არა, არ წახვიდეთ თაგოში დაბურულმინებიანი მანქანით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: