მთავარი,სიახლეები

მერიის მაღალჩინოსნისა და ბიზნესმენის ქუჩაში ჩხუბზე მოკვლევა არავის დაუწყია

28.06.2019 • 1664
მერიის მაღალჩინოსნისა და ბიზნესმენის ქუჩაში ჩხუბზე მოკვლევა არავის დაუწყია

„ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, პირველად მესმის“, – გვითხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერიის მაღალჩინოსნის და ბიზნესმენის დაპირისპირებაზე. მშენებელი მუხრან ელიაძე აცხადებს, რომ მას მერიის მაღალჩინოსანი – ჯემალ დიასამიძე ქრთამის სახით 10 ათას ლარს და ძვირადღირებულ მანქანას სთხოვს. მათ შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას გუშინ, 27 ივნისს, „ბათუმელების“ ჟურნალისტი შეესწრო. მათ სასამართლოს შენობის წინ იჩხუბეს.

მუხრან ელიაძე სამშენებლო კომპანია „კრისტალს“ ფლობს, რომელიც მერიის ერთ-ერთი ტენდერის ფარგლებში გონიო-კვარიათში ასფალტს აგებდა. მერიამ ამ ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და არც შესრულებული სამუშაოების თანხა გადაიხადა სრულად. მხარეები ამ ეტაპზე სასამართლოში დავობენ.

გუშინ მომხდარ ინციდენტს უარყოფს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე ჯემალ დიასამიძე.

დღეს „ბათუმელებმა“ ბათუმის მერიაში იკითხა ხომ არ დაუწყიათ მოკვლევა მშენებლის განცხადებაზე, რომ მას მერიის თანამშრომლები ქრთამს სთხოვდა. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ „მოკვლევა ბათუმის მერიას არ დაუწყია“.

მერიის პრესსამსახურის განმარტებით, მათ ფაქტის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ აქვთ.

ამ თემაზე:

ჩხუბი ქუჩაში – მშენებელი ამბობს, რომ მერიის თანამშრომელი მანქანას და 10 000 ლარს სთხოვდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: