მთავარი,სიახლეები

20 ივნისის აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა

21.06.2019 • 1468
20 ივნისის აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა

თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ, სამართალდამცავების მხრიდან აქციის დარბევისას ნასროლი რეზინის ტყვიებით ათეულობით ადამიანი დაშავდა.

„ღამის განმავლობაში 24 პატიენტია შემოსული, აქედან 4-ს ჩაუტარდა ოპერაცია, 2-ს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა მისი ენუკლიაციით [თვალის ამოღება], დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და მიმდინარეობს კვლევები“, – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრის დროს ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი, გიორგი კორძახია.

აქციის მონაწილეების გარდა დარბევისას დაშავდა, სულ მცირე, 12 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი.

______________

რა მოხდა

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.


ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს და ვითარების განსამუხტად 3 წინაპირობას ასახელებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: