მთავარი,სიახლეები

ჯანდაცვის სამინისტროში ამ დრომდე არ იციან ზუსტად რამდენი პირი დაშავდა წუხელ აქციაზე 

21.06.2019
ჯანდაცვის სამინისტროში ამ დრომდე არ იციან ზუსტად რამდენი პირი დაშავდა წუხელ აქციაზე 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ამ დრომდე [11:30] არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია გუშინ საღამოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს დაშავებული პირების შესახებ. აქციის დაშლის მიზნით, პოლიციამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოქალაქეებს რეზინის ტყვიები დაუშინა, ასევე გაუშვა ცრემლსადენი გაზი.

„ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, კლინიკაში შევიდა 24 პაციენტი, აქედან ექვს პაციენტს დასჭირდა ქირურგიული ოპერაცია, ორი ოპერაცია დასრულდა თვალის ამოღებით, დანარჩენზე მიმდინარეობს კვლევები, დაკვირვებები“, – ამბობს კლინიკის ექიმი ჟურნალისტებთან.

ინგოროყვას კლინიკის ინფორმაციით, გუშინ აქციაზე დაშავებული 46 პაციენტი შეიყვანეს, კლინკის ექიმის ცნობით, ამ დილისთვის უმეტესობამ დატოვა კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, სტაციონარში მკურნალობას კი განაგრძობს 11 პაციენტი.

„მათ ჩაუტარდათ სხვადასხვა ქირურგიული ოპერაცია სხეულის სხვადასხვა მიდამოს ქსოვილოვანი დაზიანებებით. ყველა პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაშია“, – აცხადებენ კლინიკაში.

ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ისინი ახლა გადიან კლინიკებში და დაზუსტებულ ინფორმაციას დაშავებულების შესახებ მოგვიანებით გაავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტი საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა. პარლამენტში გუშინ მართლმადიდებლური საერთაშორისო ასამბლეა ტარდებოდა, სადაც რუსმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და სხდომა რუსულ ენაზე წაიყვანა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: