მთავარი,სიახლეები

ქართველ მუსლიმთა კავშირი: ხელისუფლება ვალდებულია გაითავისოს საკითხის სიმძიმე

21.06.2019 • 1460
ქართველ მუსლიმთა კავშირი: ხელისუფლება ვალდებულია გაითავისოს საკითხის სიმძიმე

„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. კავშირის ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ მომხდარის გამო პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

„საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ოკუპანტი რუსეთის სათათბიროს წევრის განთავსება ვფიქრობთ არ განსხვავდება იმ სამხედრო ინტერვეციის და ოკუპაციისგან, რასაც რამდენიმე წელია ახორციელებს რუსეთი საქართველოს მიმართ. რათქმა უნდა, ამ ყველაფერმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლების ამ არასწორმა, უფრო მეტიც ვფიქრობ მოღალატეობრივმა ნაბიჯმა დაძაბა საქართველოს მოსახლეობა, რადგანაც ყველას აწუხებს რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა.

ვფიქრობთ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გაითავისოს საკითხის სიმძიმე, არ შეეცადოს მოვლენების განვითარება გადააბრალოს სხვებს, მომხდარის გამო აიღოს პასუხიმგებლობა, დროულად დააყენოს იმ პირების პასუხიმგებლობის საკითხი, ვინც ორგანიზებას უწევდა ამ არასახელმწიფოებრივ ქმედებებს, უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის გამოხატვისა და პროტესტის უფლება, არ მიმართოს რეპრესიების გზებს, რომელიც შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისათვის“ , – აღნიშნულია ქართველ მუსლიმთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: