მთავარი,სიახლეები

პრემიერი გავრილოვის პარლამენტში მისვლაზე: ორგანიზატორებმა განმარტონ მომხდარის მიზეზები

20.06.2019
პრემიერი გავრილოვის პარლამენტში მისვლაზე: ორგანიზატორებმა განმარტონ მომხდარის მიზეზები

საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე რუსი დეპუტატის პარლამენტში მისვლას ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება, ის სთხოვს შეხვედრის ორგანიზატორებს,  დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები:

„უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა!

ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს!

სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს – დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე!“ წერს მამუკა ბახტაძე.

დღეს დილით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, რუსულად გაუძღვა სხდომას.

რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება.

გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: