ბათუმი,მთავარი,სიახლეები

საოჯახო სასტუმროები წყლის გადასახადს ახალი წესით გადაიხდიან

20.06.2019 • 2933
საოჯახო სასტუმროები წყლის გადასახადს ახალი წესით გადაიხდიან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  (სემეკი), 20 ივნისს, საოჯახო სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი დაამტკიცა. კომისიის გადაწყვეტილება, 2020 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.

სემეკის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და მომხმარებელი [საოჯახო სასტუმროს მფლობელი] უფლებამოსილია მოითხოვოს მათგან ერთ-ერთი. 

პირველი მოდელის შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელის მთელ ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება აღირიცხება ერთობლივად, რა შემთხვევაშიც არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25 კუბურ მეტრს;

მეორე მოდელის მიხედვით,  სასმელი წყლის მოხმარება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხება განცალკევებულად. ანუ, მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების სისტემატური და ორგანიზებული მომსახურება, სასმელი წყლის საფასური დაირიცხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. ამ მოდელის გამოყენების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი ისარგებლებს ორი მრიცხველით. მათგან ერთი განკუთვნილი იქნება საყოფაცხოვრებო [საკუთარი] მოხმარების აღსარიცხავად, რა შემთხვევაშიც მომხმარებელი ისარგებლებს სასმელი წყლის  საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო მეორე მრიცხველი დამონტაჟდება უძრავი ქონების იმ ნაწილზე, სადაც ხდება ტურისტების მომსახურება. სწორედ აღნიშნული მომსახურების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი გადაიხდის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.

სემეკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ბინებს, რომლებიც ქირავდება გარკვეული პერიოდულობით, მათ შორის სხვადასხვა საიტების საშუალებით. აქედან გამომდინარე, პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად, ასევე გრძელვადიან პერიოდში, ისევ გადაიხდიან სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო ტარიფს.

სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად, როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის.

რაც შეეხება ჰოსტელებს, სემეკის განმარტებით, თუ მათ აქვთ მოწყობილი ე.წ. „რესეფშენი“ [მიმღები/განყოფილება], აქვს ასე ვთქვათ სასტუმროსთვის დამახასიათებელი საწოლები, ისინიც წყლის ტარიფს ახალი მოდელით გადაიხდიან.

სემეკში „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ აღნიშნული მოდელით გადახდა სავალდებულო იქნება ნებისმიერი წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მაგალითად, ქალაქ ბათუმში წყლის მიმწოდებელი ერთი კომპანიაა – „ბათუმის წყალი“, რომელიც მუნიციპალური საწარმოა. წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების ტარიფები კი, ბათუმის საკრებულოს 2006 წლის გადაწყვეტილებითაა დადგენილი და 1 კუბურ მეტრზე – საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის გადასახადი შეადგენს 51 თეთრს, კომერციული [არასაყოფაცხოვრებო] აბონენტებისთვის კი – 4 ლარს:

ტარიფები წყალზე ბათუმში / წყარო: „ბათუმის წყალი“

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: