მთავარი,სიახლეები

დავით გაბაიძე გაძევებულ დეპუტატს: სინანული გვიანია

19.06.2019 • 1280
დავით გაბაიძე გაძევებულ დეპუტატს: სინანული გვიანია

“ვერ დასვამთ შეკითხვას, გაძევებული ხართ უკვე. სინანული გვიანია,” – ამ სიტყვებით სცადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონის შეჩერება შესვენების შემდეგ განახლებულ სხდომაზე.

დღეს, 19 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ანგარიში აჭარის უმაღლეს საბჭოს ჩააბარა. სხდომაზე შესვენება ენმ-ის წევრ ელგუჯა ბაგრატიონსა და თორნიკე რიჟვაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ გამოცხადდა.

გაფრთხილების მიუხედავად, ელგუჯა ბაგრატიონს სხდომათა დარბაზი არ დაუტოვებია. ის ხელფასის 5 პროცენტით დაჯარიმდება რეგლამენტის დარღვევის გამო. რადგან რეგლამენტი დეპუტატის იძულებით გაძევებას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ის თორნიკე რიჟვაძის თითქმის ყველა პასუხს ეხმიანებოდა რეპლიკებით გამორთულ მიკროფონთან.

სხდომის განახლების შემდეგ, თორნიკე რიჟვაძეს კიდევ ერთხელ ჰკითხეს “რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან” დაკავშირებით.

“მშენებლობის 99 პროცენტი დასრულებულია,” – მოკლედ თქვა მან.

კამათი გამოიწვია ბიუროკრატიული ხარჯების თემამაც. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ერთი მესამედით შემცირდა ეს ხარჯი.

“აგერ არის აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მთავრობაში შრომის ანაზღაურება დაახლოებით მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა,” – მიმართა თორნიკე რიჟვაძეს გია აბულაძემ, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელმა.

“არსებობს კლების ტენდენცია…” –  დასძინა თორნიკე რიჟვაძემ.

სხდომის დასრულების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს “პოლიტპატიმრების საქმის” პროკურორთან დაკავშირებით ვკითხეთ, რომელიც “ღირსების ორდენით” დააჯილდოვა პრეზიდენტმა და რომლის შესახებაც ოპოზიციის მიერ დასმულ შეკითხვას თორნიკე რიჟვაძემ სხდომაზე კამათის ფონზე ნაწილობრივ უპასუხა.

“უნდა გავმიჯნოთ თვითონ საკითხის შინაარსი. აქ იყო კონკრეტული უწყება წარმდგენი ჯილდოზე და კონკრეტული ინიციატივა მიიღო ჯილდოს მინიჭების თაობაზე. ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მოტივები სწორედ ამ ინსტიტუტებში უნდა გავარკვიოთ… მე სიღრმისეულად არ ვიცნობ ამ კონკრეტული დაჯილდოების შინაარსს და გამიჭირდება პასუხის გაცემა,” – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძემ ანგარიში უმაღლეს საბჭოში კამათის ფონზე ჩააბარა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: