მთავარი,სიახლეები

ერთადერთი კაცი სოცმუშაკი აჭარიდან

19.06.2019 • 1147
ერთადერთი კაცი სოცმუშაკი აჭარიდან

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სისტემაში 2019 წლის ივნისის თვის მდგომარეობით საქართველოში სულ 4 კაცი მუშაობს სოცმუშაკად, ერთ-ერთი მათგანი 45 წლის პაატა ქათამაძეა შუახევის მუნიციპალიტეტიდან, ის აჭარაში ერთადერთი კაცი სოცმუშაკია.

მან გაიარა გასაუბრება, ტესტირება და ყველა საფეხური, რაც საქართველოში სოცმუშაკად დასაქმებისთვისაა საჭირო.

,,არ ვიცი რატომ მუშაობენ სოცმუშაკებად მხოლოდ ქალები, ალბათ მამაკაცები სხვა პოზიციებზე უფრო რეალიზებულად გრძნობენ თავს, ზუსტად ვერ გეტყვით. ამ პროფესიას თანაგრძნობისა და მოთმინების დიდი უნარი სჭირდება. იშვიათია სოცმუშაკი მამაკაცი, მაგრამ, როცა ოთხი წლის წინ აქ დავიწყე მუშაობა, ამაში უჩვეულო არავის არაფერი დაუნახავს“, – ამბობს პაატა ქათამაძე.

მისი თქმით, სოცმუშაკს საკუთარი თავის სხვის ადგილზე წარმოდგენა უნდა შეეძლოს და გრძნობდეს, ვის რა სჭირდება. აუცილებელია გეგმის სწორად დასახვაც რთულ მდგომარეობაში რომ დაეხმარო მას, ვისაც ეს სჭირდება.

პაატა ქათამაძე ამბობს, რომ სოფლისგან განსხვავებით ქალაქებში სოცმუშაკების შრომა ბევრად უფრო რთული და მრავალმხრივია. სოფლად მომუშავე სოცმუშაკებს, მაგალითად, არ უწევთ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად, ქუჩაში დასაქმებულ ბავშვების ჯგუფთან მუშაობა.

სოცმუშაკი კაცი ამბობს, რომ თუ აქამდე შუახევსა და, საერთოდ, აჭარაში არასრულწლოვანთა ქორწინების ბევრი შემთხვევა იყო, ახლა ეს ტენდენცია შეცვლილია და პრაქტიკაში მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა ახსოვს.

ყველაზე ხშირად პაატა ქათამაძეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან უწევს მუშაობა და ფიქრობს, რომ ძალადობის შემთხვევები ოჯახებში მიმართვიანობაზე გაცილებით მეტი შეიძლება იყოს.

„ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ რეგიონში ცნობიერების ამაღლებაზე – ვაწყობთ შეხვედრებს, ვსაუბრობთ ჩვენი მომსახურებების შესახებ, სოციალურ პროგრამებზე ვუამბობთ მოსახლეობას, ვხვდებით სხვადასხვა ჯგუფს სოფლებში, არაერთი მაგალითია, როცა შეხვედრა-სემინარების შემდეგ სოციალური სამსახურის სხვადასხვა პროგრამაში ერთვება, კრიზისულ სიტუაციაში მყოფი, მრავალშვილიანი ოჯახები მოგვმართვენ ხშირად“, – ამბობს სოცმუშაკი.

გარდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა, პაატა ქათამაძე ბავშვებთან და შშმ პირებთან მუშაობს. ამბობს, რომ მისთვის სამსახური ცხოვრების წესია და არა, უბრალოდ, მოვალეობა, რაც ხელფასის სანაცვლოდ უნდა შეასრულოს. მიიჩნევს, რომ ყველა სხვა პროფესიის მსგავსად, სოცმუშაკის პროფესიაც საქართველოში სათანადოდ არ ფასდება.

,,იქნებ თქვენი სტატიის შემდეგ მეტმა კაცმა ისურვოს სოცმუშაკობა და როგორღაც პოპულარული გახდეს სხვების თანაგრძნობასა და თანადგომაზე დაფუძნებული საქმის კეთება“, – ამბობს ერთადერთი სოცმუშაკი კაცი აჭარიდან.

პაატა ქათამაძე კოლეგებთან ერთად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: