მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ვალდორფის პედაგოგიკა უკვე ბათუმშია!

18.06.2019 • 3574
ვალდორფის პედაგოგიკა უკვე ბათუმშია!

ვალდორფის პედაგოგიკა არსებობის 100 წელს ითვლის. მსოფლიოს 60 ქვეყანა, რომლებშიც 1000-მდე ვალდორფის სკოლა და 20000-მდე ვალდორფის ბაღია, ზეიმით აღნიშნავს საუკუნოვან იუბილეს. თბილისში ვალდორფის პედაგოგიკას უკვე 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ბათუმის თავისუფალი საბავშვო ბაღი სულ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა.

პირველი ნაბიჯები კი ასეთი იყო.

ძლიერი ნებით და დიდი ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა ადამიანების შვიდკაციანი გუნდი, რომელთაგან უმეტესობა თბილისის ვალდორფის სკოლის კურსდამთავრებულია, ერთი იდეის გარშემო გაერთიანდადროა, ვალდორფის პედაგოგიკა დედაქალაქის ფარგლებს გასცდეს და რეგიონებშიც გამოჩნდეს. არჩევანი ბათუმზე შეჩერდა.

2018 წლის 1-ელ ოქტომბერს ბათუმის ვალდორფის საბავშვო ბაღმა ცხრა აღსაზრდელით დროებით სივრცეში დაიწყო ფუნქციონირება.

როგორია ამ ბაღის პირველი ნაბიჯები, რას თავაზობს ის იმ მშობელს, რომელსაც თავისი შვილის სკოლამდელი აღზრდისათვის სწორი არჩევანის გაკეთება სურსამ თემებზე ბათუმის ვალდორფის საბავშვო ბაღის ძირითად აღმზრდელსთამთა კომახიძეს ვესაუბრეთ.

[checklist]

  • თამთა, რას ნიშნავს ვალდორფის პედაგოგიკით მომუშავე ბაღი, რა თავისებურებები აქვს მას?

[/checklist]

ვალდორფის პედაგოგიკა ადამიანთმცოდნეობას ეფუძნება. ანუ ჩვენს შემთხვევაში იმის ცოდნას, თუ რას წარმოადგენს სკოლამდელი ასაკის ბავშვი, როგორ მიმდინარეობს მისი განვითარება და რას ეფუძნება ის. ამასთანავე, აქ თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ისე შემოქმედებითი უნარების განვითარება. ჩვენს საბავშვო ბაღში მოწყობილი გარემო სწორედ ამ ამოცანას ემსახურება.

როგორც ცნობილია, ბავშვი ამ ასაკში ძირითადად მიმბაძველი არსებაა და ღრუბელივით ისრუტავს ყოველივეს, რაც მის გარემოში ხდება. ამ სახით ის კიდევაც აღიქვამს და განიცდის მის გარემომცველ სამყაროს და კიდევაც გაითავისებსთავისად აქცევს მას.

როგორ გამოიყურება ასეთი სივრცე პრაქტიკაში? კედლების და ფარდების თბილი ფერები დამამშვიდებლად მოქმედებს ბავშვებზე. ხის ავეჯი პრაქტიკულია და მსუბუქი, რათა ბავშვებმა თამაშის დროს თავადაც შეძლონ მიწევმოწევა და მოიპოვონ მეტი თავისუფალი სივრცე. შეძლონ, მათ წარმოსახვაში დაბადებული რეალურადაც განახორციელონ. ასე იქცევა გადმობრუნებული მაგიდა უცებ გემად, რომელსაც მამაცი კაპიტანი შორეული ქვეყნებისაკენ მიაცურებს.  

[checklist]

  • სათამაშოების ხარისხი და უვნებლობა საქართველოში სათანადოდ არ კონტროლდება, ვალდორფის საბავშვო ბაღს როგორი მიდგომა აქვს ამ საკითხთან მიმართებაში?

[/checklist]

ზოგადად, სათამაშოს შერჩევას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჩვენთან.  სათამაშო ბავშვის ფანტაზიას უნდა კვებავდეს. ის მრავალფუნქციური უნდა იყოს და რაღა თქმა უნდა, უვნებელი. ამიტომ ჩვენი სათამაშოების უმეტესი ნაწილი შევიძინეთ სოციალურ საწარმო „დადარიში“, სადაც მაქსიმალურად ცდილობენ მომავალ თაობას მიაწოდონ ბიოსაღებავებით შეღებილი ჯანსაღი ხის სათამაშოები. ასევე, სათამაშოების გარკვეული რაოდენობა გერმანიიდან არის ჩამოტანილი.

ყველაზე მთავარი კი მაინც აღმზრდელია, მისი პიროვნება, მისი მიმართება გარე სამყაროსადმი. ის არის ბავშვისთვის მაგალითის მიმცემიც და მიჯაჭვულობის ცენტრიც. როგორ განწყობას ქმნის ის ჯგუფში, როგორ ექცევა სხვა ადამიანებს და ნივთებს, ამას ყველაფერს ბავშვი ძალიან ფაქიზად აღიქვამს, ბაძავს და მისი სამყაროსადმი ნდობაც იზრდება. ეს კი აღმზრდელს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ანიჭებს.

[checklist]

  • რა აქტივობებია მნიშვნელოვანი ბაღის ყოველდღიურ ცხოვრებაში?   

[/checklist]

ეს არის .. თავისუფალი თამაში, რომელიც განსაკუთრებით ავითარებს ფანტაზიის და შემოქმედებით უნარს. სწორედ ესაა ბავშვის აბსტრაქტული აზროვნების განვითარების საფუძველი.  

ამგვარი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ასევე დამოუკიდებლობის სწავლის, გადაწყვეტილების მიღების და სოციალური უნარების გამომუშავებისთვის.  

ამ თამაშებისათვის საჭირო ინვენტარის დიდ ნაწილს ჩვენ თვითონვე მოვიპოვებთ ჩვენი ყოველდღიური გასეირნებებისას ნებისმიერ ამინდში. სანაპიროზე ნიჟარებსა და მინერალებს ვაგროვებთ. ჯოხებით, ქვებით, ხავსით თუ ფოთლებით არის სავსე ჩვენი მამაცი მოლაშქრეების ზურგჩანთები, როცა ისინი დაღლილები, მაგრამ ბედნიერები უკან ბრუნდებიან. ამ აქტივობით ბავშვები უშუალო განცდით ბუნებასაც უფრო ღრმად უკავშირდებიან.  

ჩვენი ბაღისთვის მნიშვნელოვანი აქტივობაა ასევე დილის წრე, რომელიც ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს ტარდება. სკამებით წრეს ხშირად ბავშვები თავად აკეთებენ .. დროის მაგიდის ირგვლივ, რომელიც წელიწადის დროის შესაბამისად არის  მორთული. გვაქვს მისალმება, რიტმული თამაშები, როგორიცაა: თითების თამაში, მოძრაობით თამაშები. ასევე გვაქვს ფერხული, რაც ცეკვას, თამაშს და სიმღერას მოიცავს. ყოველივე ამას პედაგოგიური დატვირთვა აქვსფერხულები ტექსტით და თავისი არსით უკავშირდება წელიწადის მნიშვნელოვან მოვლენებს: მოსავლის აღებას, ზამთრის თუ გაზაფხულის დადგომას, შობისა და აღდგომის დღესასწაულებს.

ამ აქტივობების დამაგვირგვინებელი არის უკვე ზეიმი, სადაც ბავშვებთან ერთად მშობლები და ბაღის სტუმრებიც მონაწილეობენ. ამ ზეიმებისათვის აღმზრდელებთან ერთად მშობლებიც დიდხანს და მონდომებით ემზადებიან. სამზადისის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ხელსაქმე. ულამაზეს ხელნაკეთ სათამაშოებსა და ნივთებს შემდეგ ჩვენი სტუმრები სიხარულით ყიდულობენ. შემოსული თანხა სრულად ბაღის შემდგომ განვითარებას ხმარდება, მაგალითად, ბუნებრივი მასალების შეძენას შემდეგი ზეიმებისთვის.    

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების უშუალო ჩართულობა ბაღის ყოველდღიურ ცხოვრებაში. სრულიად ბუნებრივად ხდება ის, რომ ბავშვები სურვილისამებრ, აღმზრდელთან ერთად, მონაწილეობენ საუზმის მომზადებაში: არჩევენ მარცვლეულს, ჭრიან და ასუფთავებენ ბოსტნეულს სალათისა თუ წვნიანისთვის; აგუნდავებენ ცომს ორცხობილებისა და პურის ცხობისას. ამას ემატება ასევე  წყლის საღებავებით ხატვა, თოჯინების კერვა, თესვა და ცვილით ძერწვა… ამდენად, ჩვენი ყოველდღიურობა დატვირთული და საკმაოდ მრავალფეროვანია. ასე, რომ ჩვენ არ გვჭირდება სპეციალურად მოწყობილი სენსომოტორიკის ოთახი. ჩვენი ბავშვები ყოველდღიურობაში ივითარებენ შეგრძნებებს, მოტორიკას, ასევე, სწავლობენ დამოუკიდებლობას და ყველაფერ ამას დიდი სიხარულით აკეთებენ.

[checklist]

  • რა როლი აქვს ბავშვის მშობელს საბავშვო ბაღში?

[/checklist]

რადგანაც ბავშვის აღზრდაზე ძირითადი პასუხისმგებელი მშობელთან ერთად აღმზრდელიც არის (ბავშვი ხომ დღის განმავლობაში 8 საათს ბაღში ატარებს), ამიტომ მათ ერთობლივ მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ვალდორფის საბავშვო ბაღი არის ადგილი, სადაც აღმზრდელები და მშობლები ერთად ქმნიან ჯანსაღ და განვითარებისთვის მნიშვნელოვან გარემოს. რეგულარული შეხვედრები ცალკეულ მშობელთან თუ ყოველთვიური კრებები იმას ემსახურება, რომ მუდმივად დიალოგში ვიყოთ ერთმანეთთან და ერთმანეთს გავუზიაროთ ბავშვის განვითარების კანონზომიერებები თუ თავისებურებები.

[checklist]

  • მოგვიყევით საბავშვო ბაღის სამომავლო გეგმებისა და საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული პერიოდული სემინარების შესახებ

[/checklist]

წელიწადზე მეტია ბათუმში ტარდება ჩვენი ორგანიზებული სემინარები, სადაც  თბილისიდან და გერმანიიდან მოწვეული მომხსენებლები მიმოიხილავენ პედაგოგიკის სხვადასხვა ასპექტს, ახორციელებენ პრაქტიკულ ნაწილს  და საბავშვო ბაღის თამაშებს აცნობენ სტუმრებს. სემინარებით დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვი ყოველჯერზე იზრდება, რაც ძალიან გვახარებს და სტიმულს გვაძლევს, რომ მომავალში ისევ გაგრძელდეს. რაც შეეხება საბავშვო ბაღის მომავალს, ამ დროისთვის ვგეგმავთ ადგილმდებარეობის შეცვლას. უკეთეს შემთხვევაში, ვფიქრობთ ისეთი სახლის პოვნას, რომელსაც მოზრდილი ეზო ექნება. ფიზიკური აქტივობების განხორციელებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან გვინდა, რომ საბავშო ბაღის საფასურმა დაიკლოს, რაც პირდაპირ კავშირშია საბავშვო ბაღში ბავშვების რაოდენობასთან.

გვჯერა, რაც უფრო ბევრი ბათუმელი შეიტყობს ვალდორფის პედაგოგიკის შესახებ,  მით მეტი მოინდომებს ჩვენთან ბავშვის მოყვანას.

ჩვენი კარი ღიაა თქვენი შვილებისთვის, ბათუმელებო! ვალდორფის ბაღი სიხარულით ელის შევსებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: