მთავარი,სიახლეები

„ეს დიაგნოზი სიცოცხლესთან შეუთავსებელია“ – კლინიკის განმარტება 6 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

04.04.2019 • 3437
„ეს დიაგნოზი სიცოცხლესთან შეუთავსებელია“ – კლინიკის განმარტება 6 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ივანე ჩხაიძე, 6 წლის საბა კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, 6 წლის პაციენტს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა, თუმცა დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვს ჰქონდა იშვიათი თანდაყოლილი დაავადება და დროული მკურნალობის შემთხვევაშიც კი, პაციენტების 80 პროცენტი ამ დაავადებით იღუპება პირველივე თვეებში.

„საბა კიწმარიშვილი ინფექციური პათოლოგიის ცენტრიდან გადმოიყვანეს, ჩატარებულია ბევრი კვლევა ინფექციური დაავადებების გამორიცხვის მიზნით. გამოირიცხა ისეთი დაავადებები, როგორიცაა ლეიშმანიოზი, ბრუცელოზი, შიდსი, ჰეპატიტები და ა.შ. როცა ბავშვის ზოგადი მდგომარეობა შეფასდა როგორც არაინფექციური, ამის შემდეგ, როგორც საეჭვო სისხლდენურ დაავადებაზე, ბავშვი გადმოყვანილი იქნა იაშვილის კლინიკაში,“ – ამბობს ივანე ჩხაიძე.

ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვის მდგომარეობა კლინიკაში შესვლისთანავე იყო მძიმე, „შესაბამისად, რამდენჯერმე  მოვიწვიეთ  კონსილიუმი, მათ შორის სხვა კლინიკის სპეციალისტებიც, ჰეპატოლოგი, ონკოლოგი, ფტიზიატრი, რევმატოლოგი, პედიატრი, ინფექციონისტი ყველა რესურსი, რაც ჰქონდა კლინიკას, გამოვიყენეთ და ჩატარდა ყველა ლაბორატორიული და გამოსახულებითი კვლევა, ჩატარდა ძალიან ფართო მკურნალობა. ასევე, აგრესიული ანტიობიოტიკოთერაპია, ჰორმონების სისტემური თერაპია, სისხლის კომპონენტების გადასხმა სჭირდებოდა, რადგან დაავადების დინამიკა განვითარდა სხვადასხვა დაავადებით, თირკმლის, ღვიძლის უკმარისობა და ა.შ.“

ექიმის თქმით, 6 წლის ბავშვის საბოლოო დიაგნოზი დადგინდა განმეორებითი ძვლის ტვინის ფუნქციის შემდეგ, დიაგნოზი იყო ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი, რომელიც დადასტურდა სპეციალური კვლევით. „ეს კვლევა უტარდება ლეიკოზით და მსგავსი  დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებს“.

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ აღნიშნული კვლევები 6 წლის პაციენტს იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა და გერმანიაში კვლევა არ ჩატარებულა.

„ჩვენ არანაირი ინფორმაცია გერმანელი ექიმებისგან არ გვაქვს, არც  მასალა გადაგვიგზავნია. რა თქმა უნდა, ჩვენ მშობლებს მივეცით რეკომენდაციები, მათ მიმართეს რამდენიმე კლინიკას და ყველა კლინიკამ უარი თქვა ამ პაციენტის მიღებაზე,“ – ამბობს ივანე ჩხაიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, დიაგნოზი, რომელიც  ბავშვს დაუსვეს, რამდენად ხშირია და ექიმი უნდა ხვდებოდეს თუ არა სიმპტომებით, რა დაავადებასთან აქვს საქმე ან რა დრო სჭირდება ზუსტი დიაგნოზის დასმას? – ივანე ჩხაიძე პასუხობს, რომ საქართველოში სულ რამდენიმე ექიმია, ვისაც ამ დიაგნოზის შესახებ სმენია.

„ეს დიაგნოზი ისმება ერთეულ კლინიკებში, სადაც გენეტიკურ და სისხლის დაავადებებზე მკურნალობის გამოცდილება აქვთ. მსოფლიოში ამ დაავადების მკურნალობის შანსი 20 პროცენტია, რადგან იშვიათი დაავადებაა, რომლის დიაგნოსტიკას ძალიან დიდი დრო სჭირდება და ეს დიაგნოზი სიცოცხლესთან შეუთავსებელია. 80 პროცენტი პაციენტების ამ დიაგნოზით იღუპება, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც“.

6 წლის საბა კიწმარიშვილი 19 იანვარს თბილისში, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მშობლების აზრით, ბავშვს დროულად არ დაუსვეს დიაგნოზი, რის გამოც  მკურნალობა არასწორად მიმდინარეობდა.

გარდაცვლილი ბავშვის მშობლებმა დღეს, 4 აპრილს, კლინიკის წინ ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს.

6 წლის გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები კლინიკის წინ აქციას მართავენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: