დღეს, 29 მარტს, საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ბათუმი“ და საზოგადოება „ბათომმა“ ბრიფინგი გამართეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს – თორნიკე რიჟვაძეს და ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართეს ღია წერილით, ბოლო მოეღოს ურბანულ ქაოსს ბათუმში და დამტკიცდეს ისტორიული ბათუმის ზონა.
„ძაღლი და ქარავანის რეჟიმიდან ხელისუფლებამ გადაგვიყვანა კორიდას რეჟიმში, ყოველი მხრიდან წითელს გვიფრიალებენ. რისთვისაც ვიბრძვით რივიერაზე, რომ სივრცე ზღვის პირას არ დაიფაროს და ისტორიულ ზონას არ შეეხონ, იგივე პრობლემა გაჩნდა ახლა „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას. ზღვიდან სულ რაღაც ას მეტრში შენდება სამი ცათამბჯენი, ზონას ეცვლება სახელი, კომპანია ითხოვს K2 კოეფიციენტის გაზრდას და მე მაინტერესებს:
ამ ქალაქს სამშენებლო კომპანიები განაგებს თუ ადგილობრივი მთავრობა და თვითმმართველობა?!
რატომ ემორჩილება თვითმმართველობა მონურად ყველა ბობოლა ინვესტორის მოთხოვნებს და კაპრიზებს?!
სად არის აქ ბათუმის მოქალაქეების ინტერესები დაცული?!
ქალაქი დაემსგავსა არმაგედონის შემდგომ რუინებს და ეკოლოგიური კატასტროფაა, როგორც ექიმი, ვაცხადებ ამას ოფიციალურად. ზონალური საბჭო, რომლის დაშლას და გაუქმებას ვითხოვთ, ეს არის ირონია, გაშვებულია ახლა კვალიფიკაციის ასამაღლებლად რომში, ხელისუფლება ყველა ფეხის ნაბიჯზე ელოდეს უკმაყოფილო ბათუმელების პროტესტს, რადგან ჩვენი ხმა გაგონილი არ არის“, – განაცხადა ზეინაბ დიასამიძემ, „დაიცავი ბათუმის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელმა, ნინო ინაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ისტორიული ზონირების დოკუმენტის დროულად მიღების აუცილებლობას. მისი თქმით, გაუგებარია, მერიის განმარტება, რომ დოკუმენტში დასაზუსტებელია დეტალები:
„სახელმწიფომ ძალიან დიდი ხარჯი გასწია ამაზე, „გეოგრაფიკმა“ მოამზადა დოკუმენტი, ახლა ამ დოკუმენტის განახლებაზე ლაპარაკი ნიშნავს დროის უსაშველოდ გაწელვას. ისტორიული ბათუმი სადაც იყო, იქ დარჩა, ისტორიას ხომ ვერ შეცვლი?!
მერიას მოვუწოდებთ საკრებულოსთან შეათანხმოს ძველი დოკუმენტი და სასწრაფოდ გააგზავნოს თბილისში, რადგან ეს არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ დავიცვათ ისტორიული ბათუმი და ასევე ისტორიული განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონა, რომელიც არის ე.წ. ბუფერი ისტორიულ ზონასა და დანარჩენ ქალაქს შორის. ეს აქამდე უნდა მიეღოთ. წავიკითხე მერის განცხადება და ეს არის გაუგებარი და დაუსაბუთებელი. არგუმენტები, რაც აქვს მერიას, მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს და არა იმის დასამტკიცებლად, რომ საჭირო იყო ამ ზონის ამოღება დოკუმენტიდან.
მეტი ლოდინი შეუძლებელია, ბათუმის კულტურული რესურსი თანდათან იწურება. უსასრულოდ გადადებენ და გენერალური გეგმა არ იქნება კიდევ 20 წელი. ზონირება არის ქალაქის მართვის ინსტრუმენტი და ამ ინსტრუმენტს სჭირდება სწორად გამოყენება. როცა ერთ პატარა მონაკვეთზე ზონას უცვლი სტატუსს, [ ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილას კომპანია ითხოვს ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს მერიამ ზონის სტატუსი შეუცვალოს და K2 კოეფიციენტი 15,0-მდე გაზარდოს] ეს არის ნონსენსი“, – განაცხადა ნინო ინაიშვილმა.