მთავარი,სიახლეები

ჩვენ არ მივცემთ სხვა მოიჯარეებს მუშაობის საშუალებას – გონიო-კვარიათის მცხოვრებლები მთავრობას

18.03.2019 • 2259
ჩვენ არ მივცემთ სხვა მოიჯარეებს მუშაობის საშუალებას – გონიო-კვარიათის მცხოვრებლები მთავრობას

გონიო-კვარიათის მცხოვრებლებმა, რომლებსაც პლაჟზე კაფე-ბარები და სხვადასხვა ობიექტი აქვთ განთავსებული, აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია გამართეს. ისინი აპროტესტებენ ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ძველმა მოიჯარეებმა ობიექტები უნდა მოშალონ.

მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი მერიასთან ყოველწლიურად ანახლებდნენ საიჯარო ხელშეკრულებებს, თუმცა გასულ წელს მერიამ ხელშეკრულების გაგრძელებაზე თითქმის ყველა მოიჯარეს უარი უთხრა.

კვარიათის მცხოვრები კობა მანველიძე ამბობს, რომ პლაჟზე 10-15 წელია კაფე-ბარი აქვს განთავსებული და ბიუჯეტშიც 4-5 ათას ლარს იხდიდა. მისი თქმით, მერიამ ადგილობრივი ხალხის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს და მათ მუშაობის საშუალება მისცეს.

„თვითმმართველობის კანონის მიხედვით, მერს უფლება აქვს პირდაპირი განკარგვის წესით, პირობებით ან უპირობოდ მისცეს სარგებლობაში მოქალაქეს ტერიტორია. ადგილობრივ მცხოვრებლებს ხელი ხომ უნდა შეგვიწყოს მერიამ. ჩვენი შემოსავალი ეს არის, ბანკის ვალები გვაქვს, ახლა სეზონისთვის ვაპირებდით სამუშაოების დაწყებას, მერია კი ობიექტების დაშლას გვთხოვს,“-გვეუბნება ის.

გონიო-კვარიათის მცხოვრებლებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ყოფილი მოიჯარეები პლაჟზე საკუთარი ობიექტების დემონტაჟზე ბრძანების გაცემას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მერია კატეგორიულ უარზეა და ყოფილ მოიჯარეებს ობიექტების დაშლისთვის გარკვეულ ვადას აძლევს.

„მიიღეთ აუქციონში მონაწილეობაო გვეუბნებიან, მივიღებთ, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ ამ აუქციონებში ჩვენზე ფულიანი და გავლენიანი პირები მიიღებენ მონაწილეობას და ჩვენ შემოსავლის გარეშე დავრჩებით. ადგილობრივები არ დავუშვებთ, რომ ჩვენი უფლებები დაარღვიონ და შემოსავლის წყარო წაგვართვან,“- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

„25 წელზე მეტია, რაც ჩემი სასტუმროს წინ კაფეს ვამუშავებ. სასტუმროს სტუმრებს იქ ვასადილებ, მოწესრიგებული მაქვს ობიექტი. ზაფხულში სპორტული ჩემპიონატი იმართება და 450 ბავშვი უნდა მივიღო სასტუმროში. სად ვასადილო? ხელშეკრულებები გაფორმებული მაქვს უკვე, სად წავიყვანო ეს ხალხი? სხვა უნდა მოვიდეს, იმუშაოს და მე რა ვქნა, სახლიდან მაგდებენ?“ – ამბობს კვარიათის კიდევ ერთი მცხოვრები, გოჩა კაკაბაძე.

საპროტესტო აქციის მონაწილეები.

„ვისაც მეტი ფული აქვს, ის გაიმარჯვებს აუქციონში და რატომ უნდა ვიჩაგრებოდეთ ჩვენ?“ – ამბობენ აქციის მონაწილეები. ისინი ორი საათის განმავლობაში იდგნენ მთავრობის თავმჯდომარის მოლოდინში. მათ აჭარის მთავრობის აპარატის იურისტები შეხვდნენ. როგორც უწყების პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუმარტეს, აღნიშნული საკითხი მერიის კომპეტენციაში შედის, „თუმცა აჭარის მთავრობა ამ საკითხზე მერიასთან ითანამშრომლებს“.

მერიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება სერგო ვანილიშიც. პლაჟზე მასაც კვების ობიექტი აქვს მოწყობილი. მისი თქმით, ადგილობრივი მცხოვრებლები მერიამ სამუშაოს გარეშე არ უნდა დატოვოს.

ნუგზარ დავითაძე ამბობს, რომ რკინის კონსტრუქციის აგებაში 30 ათასი ლარი გადაიხადა, მისი დაშლისთვის დამატებითი თანხებია საჭირო. „ჩვენ გვინდა გრძელვადიანი იჯარა, მაგრამ მერია არ გვთანხმდება ამაზე. ჩვენ არ მივცემთ სხვა მოიჯარეებს მუშაობის საშუალებას,“ – ამბობს ის.

ყოფილი მოიჯარეები ამბობენ, რომ ისინი მზად არიან მერიის პირობები მიიღონ, მთავარია, მათ მუშაობის საშუალება ჰქონდეთ.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე ბათუმის მერიასაც ვესაუბრეთ. როგორც მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, უწყება წარმოადგენს თავის კონცეფციას გონიო-კვარიათის პლაჟთან დაკავშირებით და შემდეგ გამოაცხადებს აუქციონს. „აუქციონში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

ამავე საკითხზე:

მერია ცვლილებებს გეგმავს, გონიო-კვარიათის პლაჟზე კი უკანონო მშენებლობები გრძელდება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: