მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია მოქალაქეების იდეებს 120 000 ლარით დააფინანსებს – ახალი პროექტი

16.03.2019 • 3871
ბათუმის მერია მოქალაქეების იდეებს 120 000 ლარით დააფინანსებს – ახალი პროექტი

როგორ უნდა მიაწოდო ბათუმის მერიას საკუთარი იდეა ან პროექტი ისე, რომ ის აუცილებლად განიხილონ? როგორ უნდა გაუწიო ლობირება საკუთარ პროექტს მერიაში მისი წარდგენის შემდეგ, რას გულისხმობს ღია მმართველობა და მონაწილეობითი ბიუჯეტი? – ამ თემაზე ბათუმის მერიაში ახალი პროგრამებისა და მათში ჩართულობის მისაღწევად სპეციალურად შექმნილი ონლაინპლატფორმის –  idea.batumi.ge პრეზენტაცია გამართეს. ვებგვერდების შექმნაში მერიას USAID-ი დაეხმარა.

შეხვედრას მერიაში საუბნო კავშირების წევრები, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ბათუმის მერი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ – დარბაზი სავსე იყო.

შეხვედრა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საქართველოს კვირეულის ფარგლებში გაიმართა. როგორც მერიის წარმომადგენლებმა განმარტეს, პროექტის მიზანია, მოქალაქეთა ჩართულობით მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავება.

პროექტის წარდგენის შესაძლებლობა ექნება ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, რომლებსაც მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის დარეგისტრირება შეეძლებათ. პროექტების განხორციელების არეალი ასევე უნდა ექცეოდეს ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.  

ყოველი წლის 31 მარტამდე ბათუმის მერია განსაზღვრავს მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში მომდევნო წელს განსახორციელებელი პროექტების საერთო ბიუჯეტსა და დასაფინანსებელი პროექტის მაქსიმალურ ოდენობას.

ყოველი წლის 1-ლი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ბათუმის მერია, საუბნო კავშირების მეშვეობით, გამართავს საჯარო შეხვედრებს მოქალაქეებთან და მიაწვდის ინფორმაციას მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში წარსადგენი პროექტების პროცედურებისა და ვადების შესახებ. 

საპროექტო განაცხადების წარდგენა შესაძლებელი იქნება ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ წინასწარ დადგენილ ვადაში და შესაბამისი ფორმატით.

მოქალაქეს ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს შეუძლია ელექტრონულად დაარეგისტრიროს საკუთარი საპროექტო განაცხადი ბათუმის მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონულ პლატფორმაზე. მოქალაქეს ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს ასევე შეეძლება საკუთარი საპროექტო განაცხადი დაარეგისტრიროს ბათუმის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში.

საპროექტო განაცხადის მაქსიმალური ბიუჯეტი, რაც შეუძლია მოქალაქეს მოითხოვს, იქნება 120 000 ლარი. 

მერია მოქალაქეების მიერ შეტანილი პროექტებიდან შეარჩევს 10 საუკეთესოს. ამის შემდეგ, საჯარო ხმის მიცემის გზით, ანუ ბათუმში მცხოვრები მოქალაქეების ჩართულობით, სამ საუკეთესო პროექტს გამოავლენენ. მერიისგან დაფინანსებას სწორედ ეს სამ პროექტი მიიღებს.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული პლატფორმა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება – ინფორმაცია მერიის ოფიციალურ და ფეისბუქის გვერდებზე განთავსდება. მონაწილეობითი ბიუჯეტირების მეთოდოლოგია შემუშავებულია დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI Georgia – USAID) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით.

მოქალაქეებს საკუთარი პროექტების/იდეების წარდგენა შეეძლებათ ვებგვერდზე – idea.batumi.ge  

განახლებული ინფორმაცია: ბათუმის მერიის ცნობით, იდეის რეგისტრაცია შესაძლებელია 15 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით. საბჭოს მიერ იდეები შეირჩევა 10-დან 15 ივნისის ჩათვლით. შერჩეული პროექტებისთვის ხმის მიცემა განხორციელდება 15-დან 30 ივნისის ჩათვლით, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: