Batumelebi | გააუქმებს თუ არა ბათუმის მერია k2-ის გაზრდის შესაძლებლობას – ლაშა კომახიძის განმარტება გააუქმებს თუ არა ბათუმის მერია k2-ის გაზრდის შესაძლებლობას – ლაშა კომახიძის განმარტება – Batumelebi
RU | GE  

გააუქმებს თუ არა ბათუმის მერია k2-ის გაზრდის შესაძლებლობას – ლაშა კომახიძის განმარტება

თბილისის საკრებულომ ქალაქის განაშენიანების ახალი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მშენებლებს აღარ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მოსამატებლად. ცვლილების მიხედვით, k2 კოეფიციენტებს ადგენს გენგეგმის უფლებრივი ზონირების რუკა, რომელიც განსაზღვრავს შენობა-ნაგებობების მაქსიმალურ ინტენსივობას [შენობა-ნაგებობების სართულების ჯამურ ფართობს]. ამ აკრძალვით მესაკუთრეებს აღარ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მომატების თაობაზე.

k2 კოეფიციენტის ინტენსიურად ზრდის შემდეგ ქალაქის იერსახის დამახინჯებას ბათუმშიც ხშირად აპროტესტებენ. კოეფიციენტების მაქსიმალურად ათვისების გამო აშენდა მაღალსართულიანი სახლები ეზოსა და პარკინგის გარეშე, რამაც ქალაქში უსაფრთხოების პრობლემებიც შექმნა. გარდა ამისა, დღის წესრიგში დადგა მზის სხივის გადანაწილების პრობლემაც.

                          ამავე თემაზე:    ქალაქი შენი ფანჯრიდან

ცაგო კახაბერიძის ფოტო.

2017 წელს ბათუმის დღეს მოქმედი მერი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაჰპირდა მოსახლეობას, რომ ამ პრაქტიკას არ გაიზიარებდა.

გაიზიარებს თუ არა თბილისის მერიის ახალ გამოცდილებას ბათუმის მერია და შევა თუ არა იდენტური ინიციატივით საკრებულოში? – კითხვაზე ბათუმის მერი ლაშა კომახიძე განმარტავს, რომ გაცილებით ადვილი იყო გადაწყვეტილების მიღება თბილისის შემთხვევაში, რადგან დედაქალაქს აქვს ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ].

ლაშა კომახიძის თქმით, ამ საკითხს ივნისის თვიდან ისედაც დაარეგულირებს უკვე ამოქმედებული სამშენებლო კოდექსი, რომელიც, ფაქტობრივად, k2 კოეფიციენტის გაუქმებას გულისხმობს:

„როგორც ცნება, ამ კოდექსში საერთოდ არ არსებობს. რაც შეეხება იმას, ხომ არ არის მცდელობა, ივლისის თვემდე რაიმე მოესწროს ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არა, რადგან პირველი აპრილიდან ამოქმედდება შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვან ცვლილებებს ამ მიმართულებით“.

მერი გულისხმობს ცვლილებას ბათუმის საკრებულოს 50-ე დადგენილებაში, რომლის  მიხედვითაც:

  • იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელთა საერთო ფართობი 600-1200 კვ.მ.-ია, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის k2 კოეფიციენტი შესაძლებელია გაიზარდოს კონკრეტული ზონისათვის დადგენილი ოდენობის 50 %-ით.
  • მიწის ნაკვეთებისათვის, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 1200-1800 კვ.მ-ს – შესაძლებელია გაიზარდოს იმ ზონისათვის დადგენილი ოდენობის 75 %-ით.
  • 1800-2500 კვ.მ. – ზონისთვის დადგენილი 100%-ით კანონმდებლობით განსაზ­ღვრული შესაბამისი პირო­ბების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

გარდა ამისა, ცვლილების მიხედვით, მერია ერთსა და იმავე ნაკვეთზე k2 კოეფიციენტის გაზრდის საკითხს ხელმეორედ აღარ განიხილავს.

რაც შეეხება ამ ცვლილების შემდეგ 1800-დან 20 500 კვადრატულ მეტრზე მშენებლობის შემთხვევაში k2 კოეფიციენტის ასი პროცენტით და მეტით გაზრდის შესაძლებლობას, მერი განმარტავს, რომ აქ დამატებითი დაცვის მექანიზმი ერთვება, რადგან კანონი 2500 კვადრატულ მეტრს ზემოთ, კონკრეტულ სამშენებლო ნაკვეთზე გრგ-ს მომზადებას გულისხმობს.
„რეალურად ჩვენ ამ ცვლილებით მთლიანად ვუბიძგეთ სამშენებლო სექტორს გრგ-თი განხილვაზე, კ2, როგორც ასეთი, არსებობს, მაგრამ მისი ცნება როგორიც იყო ადრე, ისე ვეღარ ფუნქციონირებს და ჩვენ უკვე განვიხილავთ გრგ-ებს და არა კ2-ს“.
მთავარი ფოტო: ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქუჩა
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი