მთავარი,რეკლამა,სიახლეები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის 2019 წლის პროგრამები

08.03.2019 •
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის 2019 წლის პროგრამები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს რამდენიმე სოციალურ პროგრამას ახორციელებს. მათ შორის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამასაც. სამინისტრო სპეციალური პროგრამის ფარგლებში დამატებით შრომის ანაზღაურებას გადაუხდის სოფლის სამედიცინო პერსონალსაც.

სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია

ეს პროგრამა ითვალისწინებს სქოლიოზით დაავადებული 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის რეაბილიტაციის კურსების მიწოდებას.

მოსარგებლეები: სხვადასხვა ხარისხის სქოლიოზით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით და ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო მზრუნველობაში.

პროგრამა მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურას, მასაჟს, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება ანაზღაურდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა (178 ლარი). წლის განმავლობაში ერთ ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, 1 კურსი – არანაკლებ 30 სარეაბილიტაციო ღონისძიებისა.

ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს განსაზღვრული დიაგნოზის მქონე ბავშვთა სამედიცინო მეთვალყურეობას, ფიზიკური თერაპიას, მეტყველების თერაპიას, ბავშვისა და მშობლის ფსიქოლოგიურ დახმარებას.

მოსარგებლეები: ბავშვთა ცერებრალური დამბლის, კუნთების პირველადი დაზიანების, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების ნარჩენი მოვლენების, ეპილეფსიის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების,  კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის  დაუზუსტებელი) დაზიანების, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის და ტეტრაპლეგიის მქონე 3 წლისა და მეტი (18 წლამდე) ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე, ამ მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები.

პროგრამა მოიცავს: ფიზიკურ თერაპიას; მეტყველების და ენის თერაპიას; ნევროლოგის, ფსიქოლოგის და ლოგოპედის მეთვალყურეობას; ფიზიკური თერაპიის სახლის პირობებში ჩატარების სწავლებას.

დაფინანსების ფორმა: გაწეული მომსახურება (1 კურსი – არანაკლებ 10 დღისა და ჯამში არანაკლებ 22 ღონისძიებისა) ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ მომსახურების ღირებულების 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – 1 კურსის ღირებულება 233 ლარის ოდენობით (წელიწადში ერთ ბენეფიციარს დაუფინანსდება არაუმეტეს 7 სარეაბილიტაციო კურსი, პროგრამაში ჩართვის პერიოდის გათვალისწინებით).

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას სადღეღამისო ცენტრში.

შშ მქონე ბავშვებისათვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით ბავშვის ჩართვა ქვეპროგრამაში განხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად.

დაფინანსების ფორმა: წლის განმავლობაში 1 ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, კურსი მოიცავს 15 დღეს, ბენეფიციარის მომსახურება დაფინანსდება დღეში – 20 ლარით, ხოლო თანმხლები პირის  (მშობელი ან ოჯახის სრულწლოვანი წევრი) დღეში – 10 ლარით.

ბავშვთა ადრეული განვითარება

პროგრამა ითვალისწინებს, განსაზღვრული დიაგნოზის მქონე იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტური, სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური და თვითმოვლითი უნარების განვითარებას, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი) მომსახურების გაწევას (თვეში არანაკლებ 8 შეხვედრისა). ამასთან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მხოლოდ ინდივიდუალურ მომსახურებას, 3 წლის ასაკის ზემოთ ჯგუფურ მომსახურებასა (არანაკლებ თვეში 4 შეხვედრისა).

მოსარგებლეები: 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც აქვთ განვითარების ეტაპების დაყოვნება, შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია პროგრამით გათვალისიწინებული ICD-10-დიაგნოზებით (მათ შორის: დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, განვითარების ზოგადი აშლილობა, მეტყველების განვითარების აშლილობა, გონებრივი ჩამორჩენილობა).

დაფინანსების ფორმა: ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ღირებულების 100%-ით,  არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – ერთი კურსის ღირებულება 144 ლარის ოდენობით, პროგრამაში ჩართვის თვიდან ყოველ თვე საბიუჯეტო წლის ბოლომდე,  არაუმეტეს ბავშვის 7 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით.

აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 15 წლამდე ასაკის ჩათვლით ბავშვების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას. ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი და სხვა) მიერ ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. მომსახურება მოიცავს 12 კურსს (1 კურსი-15 სეანსი, მათ შორის გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის მინიმალური რაოდენობა-12 სეანსი).

მოსარგებლეები: დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე ბავშვები.

დაფინანსების ფორმა: ბენეფიციარს გაწეული მომსახურება დაუფინანსდება ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – 1 კურსის ღირებულება 300 ლარის ოდენობით, პროგრამაში ჩართვის თვიდან ყოველთვე საბიუჯეტო წლის ბოლომდე.

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, სარეაბილიტაციო ღონისძიებების მიწოდებას

[checklist]

  • სამკურნალო ფიზკულტურას;
  • მასაჟს;
  • ელექტროფორეზს;
  • ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცის;
  • მშობლისათვის სამკურნალო  ფიზკულტურის  სახლის  პირობებში  ჩატარების  სწავლებას.

[/checklist]

მოსარგებლეები: 1 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან  სოციალურად  დაუცველი  ოჯახების  ერთიან  მონაცემთა ბაზაში 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით. ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან  სახელმწიფო მზრუნველობაში.

დაფინანსების ფორმა: პროგრამით გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს ქვეპროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – 160 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში ბენეფიციარს დაუფინანსდება ერთის სარეაბილიტაციო კურსი (მასაჟი -10,  სამკურნალო ფიზკულტურა -10, ელექტროფორეზი – 10).

სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, სმენაპროთეზირებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებით უზრუნველყოფას. წლის განმავლობაში დაფინანსდება 2 კურსი (კურსი მოიცავს მეტყველების თერაპიის 10 ვიზიტს, მათ შორის 5 ინდივიდუალურ და 5 ჯგუფურ მეცადინეობას,  მუსიკათერაპიის  4 ვიზიტს).

მოსარგებლეები: 3-დან 10 წლის ასაკამდე სხვადასხვა ხარისხის სმენადაქვეითებული სმენაპროთეზირებული (სმენის აპარატი, კოხლეარული იმპლანტი) ბავშვები.

დაფინანსების ფორმა: გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – ერთი  კურსი 310 ლარის ოდენობით.

დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, ბენეფიციარების დროებითი, 24-საათიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას სამჯერადი კვებით, მომარაგებას ტანისამოსითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით, ფსიქოლოგიურ დახმარებას, დასაქმებაში, პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებაში ხელშეწყობას.

მოსარგებლეები: სხვადასხვა პრობლემების თანადგომის ქსელის არმქონე დედები 10 წლამდე ასაკის ბავშვით (ბავშვებით) ან ორსული ქალები (26 კვირის და მეტი ვადის ორსულობა).

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება დღეში 17 ლარით. პროგრამა ხორციელდება სოციალური ვაუჩერის მეშვეობით, მოქმედების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 6 თვისა, მომსახურების მიღება შესაძლებელია წელიწადში 2-ჯერ.

ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, ბენეფიციარების დროებითი, 24-საათიანი თავშესაფრით  უზრუნველყოფას სამჯერადი კვებითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით. გათვალისწინებულია პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება, ასევე, ფსიქოტროპული და საჭიროებისამებრ, თანმხლები სომატური დაავადებების მედიკამენტებით მკურნალობა. პაციენტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება მულტიდისციპლინარული მეთოდით ინდივიდუალური მართვის გეგმის შესაბამისად, სხვა სომატური გართულების შემთხვევაში გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურების ორგანიზება.

მოსარგებლეები: დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) ორგანული ბუნების აშლილობანი, სიმპტომატურ აშლილობათა ჩათვლით (F00- F009) ჯგუფის დიაგნოზის მქონე ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) პირები, რომელთა მართვა სახლის პირობებში შეუძლებელია და ამავე დროს ვერ აკმაყოფილებენ სტაციონარული მომსახურების პირობებს.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება დღეში 25 ლარით. პროგრამა ხორციელდება სოციალური ვაუჩერის მეშვეობით, მოქმედების ვადა განისაზღვრა არაუმეტეს 6 თვისა, მომსახურების მიღება შესაძლებელია წელიწადში 2-ჯერ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, გადაადგილების პრობლემის მქონე შშ (მათ შორის ბავშვები) მქონე და ხანდაზმული პირების, ხოლო ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების შემთხვევაში – 14 წლისა და უფროსი ასაკის შშ სტატუსის მქონე ბავშვები/პირების სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფას.

მოსარგებლეები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის ბავშვები; მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი  ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 300 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები; პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირები; თავშესაფარის კონტიგენტი.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა: ელექტრო სავარძელ-ეტლი – 3580 ლარით; მექანიკური სავარძელ-ეტლი შშმ პირებისათვის – 550 ლარით, სხვა ბენეფიციარებისათვის – 300 ლარით.

სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, სმენადაქვეითებული პირების ციფრული სმენის აპარატებით უზრუნველყოფას.

მოსარგებლეები: III-IV ხარისხის სმენადაქვეითებული  მოქალაქეები; 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი ხარისხის სმენადაქვეითების მქონე ბავშვები.

დაფინანსების ფორმა: მომსახურება დაფინანსდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა: შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის საფუძველზე) არაუმეტეს 1400 ლარისა, სხვა ბენეფიციართათვის – 263 ლარით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირების, მათ შორის იძულებითი წოლითი რეჟიმის მქონე ხანგრძლივად მოავადე პაციენტების უზრუნველყოფას დამხმარე/მოვლის საშუალებებით (ფუნქციური საწოლი, ჟანგბადის კონცენტრატორი, ასპირატორი, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, კოხლეარული იმპლანტის პროცესორი და მისი სათადარიგო ნაწილები, ხმის წარმომქმნელი აპარატი).

მოსარგებლეები: შშ მქონე პირები, მათ შორის ბავშვები; მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 300000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები; პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი პირები; თავშესაფარის კონტიგენტი.

დაფინანსების ფორმა: მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულება დაფინანსდება სრულად ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტისა.

100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება

მატერიალური დახმარება 1000 ლარის ოდენობით გადაეცემა 100 წლის ასაკის და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.

დაფინანსების ფორმა: თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე.

 ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება

პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცემა იმ ოჯახებზე, სადაც დაიბადება ორი ან ორზე მეტი ტყუპი.

დაფინანსების ფორმა: თანხა ტყუპისცალზე შეადგენს 1000 ლარს, ჩარიცხვა განხორციელდება მშობლის საბანკო ანგარიშზე.

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს, ეკომიგრანტთა უზრუნველყოფას უსაფრთხო საცხოვრისით. გათვალისწინებულია ბენეფიციარის დაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარისა.

მოსარგებლეები: ეკომიგრანტთა მონაცემთა მუდმივად განახლებად ერთიანი ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა.

დაფინანსების ფორმა:

[checklist]

  • საცხოვრებელი ფართის ღირებულების ანაზღაურდება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, გამყიდველის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე, ხელშეკრულებაში ასახული ქონების ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული თანხისა.
  • იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართის გასაყიდი ღირებულება  აღემატება პროგრამით განსაზღვრულ თანხას, სურვილისა და შეთანხმების  შემთხვევაში,  ბენეფიციარი ფართის შეძენის მიზნით თავად დაფარავს დარჩენილ სხვაობას.

[/checklist]

პროგრამაში  ჩართვისათვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის  მდებარეობის მიხედვით.

შენიშვნა:  

  • ბენეფიციარი 2010 წლის 1 იანვრიდან უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
  • პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განაცხადები, რომლებსაც სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციით სახელმწიფოსგან ან დონორი ორგანიზაციებიდან, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე მიღებული აქვთ დახმარების სახით საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება ან ფაქტიურ მფლობელობაში/საკუთრებაში გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამასაც.

სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურება

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 300 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისათვის 150 ლარის ოდენობი.

ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 150 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისათვის 100 ლარის ოდენობით.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 2019 წელს ჯამში 32 პროგრამას განახორციელებს.

    • აჭარის ჯანდაცვის პროგრამების მოსარგებლე 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
    • პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვსთავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
    • არ დაფინანსდება სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.

https://www.facebook.com/mohs.adjara/videos/608050966322904/

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მისამართი: ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქ. N119
ტელეფონი: +995 (0422) 247972, +995 (0422) 24-79-64
ვებ-გვერდი: www.adjara.gov.ge

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: