კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ლაშა კომახიძე გადაწყვეტს, ააშენებს თუ არა „პროგრეს სიტი“ ძველ ბათუმში 15 მეტრი სიმაღლის შენობას 

16.02.2019 • 3116
ლაშა კომახიძე გადაწყვეტს, ააშენებს თუ არა „პროგრეს სიტი“ ძველ ბათუმში 15 მეტრი სიმაღლის შენობას 

ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში შპს „პროგრეს სიტი“ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. ეს ტერიტორია ისტორიული ბათუმის საზღვრებშია. ბათუმის მერიას, ჯერჯერობით, მშენებლობის ნებართვა არ გაუცია. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ზონალური საბჭო თანახმაა „პროგრეს სიტიმ“ აქ არსებული ორი ორსართულიანი სახლის დემონტაჟის ხარჯზე 15 მეტრი სიმაღლის სასტუმრო ააშენოს.

ამ პროექტს ეთანხმება ზონალური საბჭოს წევრი და, ამავე დროს, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი მირიან მეტრეველი. ამიტომაც ვარაუდობენ, რომ „პროგრეს სიტი“ ძველ ბათუმში მშენებლობის ნებართვას მიიღებს. თუმცა მაინც დარჩა ერთი საკითხი ამ პროექტთან დაკავშირებით, რაზეც პასუხი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ უნდა გასცეს.

ტერიტორია, სადაც კომპანია 15 მეტრი სიმაღლის სასტუმროს აშენებას გეგმავს

ძველ ბათუმში დაგეგმილი სამშენებლო პროექტების სიმაღლე მაქსიმუმ 12 მეტრი რომ იქნება, ამის შესახებ, თავის დროზე, პირობა ძეგლის დამცველებს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ მისცა და ეს ოფიციალურად დადგინდა კიდეც. „პროგრეს სიტის“ პროექტი კი,  რომელიც ზონალურმა საბჭომ შეითანხმა, 15 მეტრი სიმაღლისაა.

ძეგლების დამცველები მიიჩნევდნენ, რომ ისტორიულ ბათუმში შენობის მაქსიმალური სიმაღლის 12 მეტრამდე დაწევა, შეაჩერებდა ისტორიული სახლების ახალი მრავალბინიანი სახლებით ჩანაცვლების პროცესს, რადგან მშენებლებს მაქსიმალური მოგების მიღება სურთ, რასაც სიმაღლის შეზღუდვა, მოთხოვნები პარკინგის მოწყობაზე და სხვა სირთულეები შეუშლიდა ხელს. მერი ლაშა კომახიძე  პირად საუბრებში ამბობდა კიდეც, რომ სწორედ ამაზე იყო მისი გადაწყვეტილება გათვლილი.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი, ასევე ბათუმის მერი ლაშა კომახიძე განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება – შეეთანხმებინათ „პროგრეს სიტის“ პროექტი ძველ ბათუმში, მათ სასამართლომ დაავალდებულა. 

რატომ დაავალა სასამართლომ ბათუმის მერიას, რომ მისცეს თანხმობა კომპანია „პროგრეს სიტის“ 15 მეტრი სიმაღლის მშენებლობაზე და რატომ გავრცელდა ეს გადაწყვეტილება ავტომატურად კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოზე? – საქმე იმაშია, რომ თავდაპირველად „პროგრეს სიტიმ“ ბათუმის მერიას სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე 2017 წლის დასაწყისში მიმართა. გამომდინარე იქედან, რომ კომპანია მშენებლობას ძეგლის დაცვის ზონაში ითხოვდა, მერიამ ის განსახილველად კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს გადაუგზავნა. ზონალურმა საბჭომ პროექტი 2017 წლის 12 ოქტომბერს განიხილა და თანხმობა მისცა. ამ დროს სააგენტოს და, შესაბამისად, ზონალურ საბჭოსაც ლაშა ასლანიშვილი ხელმძღვანელობდა. მართალია, ის წინააღმდეგი იყო ამ სიმაღლის მშენებლობაზე ნებართვა გაეცა, თუმცა საკითხი მაინც კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა:

ამონარიდი ზონალური საბჭოს სხდომის ოქმიდან

ამის შემდეგ პროექტი მერიას [დადებითი რეკომენდაციით] დაუბრუნდა. ამ დროს მერს ლაშა კომახიძეს უკვე გაცხადებული, ხოლო საკრებულოს დადგენილი ჰქონდა 12-მეტრიანი შეზღუდვა ძველ ბათუმში და კომპანიას უარი უთხრა იმ მოტივით, რომ პროექტი დადგენილზე მაღალი იყო.

ამის შემდეგ კომპანიამ სასამართლოს მიმართა, რომელმაც მერიას განუმარტა, რომ ზონალურმა საბჭომ პროექტი შეათანხმა მაშინ, როცა 15 მეტრი სიმაღლე ძველ ბათუმში დაშვებული იყო და ახალ შეზღუდვა მასზე ვერ გავრცელდებოდა.

ზონალური საბჭოს დღეს მოქმედი წევრებიდან პროექტის შეთანხმებაზე ხმა წინააღმდეგ მხოლოდ გაიოზ ფარცხალაძემ მისცა. საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, მან პროექტის არქიტექტურული სტილის დახვეწა მოითხოვა.

შპს „პროგრეს სიტი“ 2017 წელს არის დაფუძნებული. კომპანიის 70% თემურ ბიწაძეს, შპს „ალიანსის“ დამფუძნებლის – გია ბიწაძის შვილს ეკუთვნის, დარჩენილი 30% კი ზურაბ ინაიშვილის საკუთრებაა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს კომპანიამ 2017 წელს პროექტის ეს ორი ვარიანტი  წარუდგინა

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: