მთავარი,სიახლეები

„ეგ ვერ არჩევს ციფრებს“ – „სანდასუფთავების“ დირექტორს თანამშრომელი სასამართლოში უჩივის

15.02.2019 • 2323
„ეგ ვერ არჩევს ციფრებს“ – „სანდასუფთავების“ დირექტორს თანამშრომელი სასამართლოში უჩივის

„ჩემს სამსახურში აღმოჩენილ დარღვევებზე წერილი მივწერე მთავრობას. ამის საპასუხოდ უფროსმა ჩემი დევნა დაიწყო და სამსახურიდან გამიშვა,“ – ირწმუნება ნოდარ ბედინაძე. იგი 24 იანვრამდე ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ მობილური ჯგუფის კოორდინატორად მუშაობდა.

გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, 18 იანვარს, ნოდარ ბედინაძემ წერილით მიმართა ბათუმის მერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს. წერილში იგი კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას სთხოვს.

პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ წერილი ბათუმის მერიას გადმოუგზავნა შესასწავლად, რადგან შპს „სანდასუფთავება“ ბათუმის მერიის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანიზაციაა.

ბათუმის მერიამ პრობლემის გარკვევას ამჯობინა წერილი ისევ „სანდასუფთავებისთვის“ გაეგზავნა, რომლის ხელმძღვანელმაც უკვე წერილის ავტორის – ნოდარ ბედინაძის სამსახურიდან გათავისუფლებას მოაწერა ხელი.

„რა შუაშია წერილი. 4 დეკემბერს რომ მივეცი დავალება, ისე წავიდა სამსახურიდან, არ შეუსრულებია… პასკვილებითაა სავსე ის წერილი, არცერთ ფაქტს არ ვეთანხმები,“ – ირწმუნება დავით დუმბაძე, შპს „სანდასუფთავების“ დირექტორი.

„უხარისხო და არასაკმარისი ცოცხები“ – ერთ-ერთი პრობლემაა, რაზეც „სანდასუფთავებიდან“ გათავისუფლებული ნოდარ ბედინაძე საუბრობს. მისი განმარტებით, სანდასაფუთავების სამსახური თვეში რეალურად 2800 ცოცხს ხარჯავს, ხოლო დოკუმენტურად 11 000 ცოცხი ფორმდებოდა. „ტენდერის პირობაში, წინა წლებისგან განსხვავებით, ბაზრის შესწავლის გარეშე მოხდა ცვლილება, კერძოდ, ცოცხის შემადგენელი ღერის რაოდენობრიობა 71-დან ჩამოვიდა 22 ღერზე, ხოლო ფასი იგივე იქნა დატოვებული, რაც წინა წლებში,“ – აღნიშნავს ნოდარ ბედინაძე.

„ეგ ვერ არჩევს ციფრებს,“ – ამბობს ყოფილი თანამშრომლის მისამართით დავით დუმბაძე, – „ახლა რომ უთხრათ, ზუსტად რამდენი ცოცხია სამსახურშიო, ვერ გეტყვით. 2800 ცალია თუ შეკვრა, ეგ ვერ გაურკვევია“.

ნოდარ ბედინაძე კიდევ ერთი ტენდერით დაინტერესებას სთხოვდა მერიას და მთავრობის ხელმძღვანელ პირებს – საუბარია „სანდასაუფთავების“ ბალანსზე არსებული ავტომანქანების შეკეთებაზე. „დოკუმენტაციაში მითითებული ავტომობილების 80 პროცენტი არ გარემონტებულა, თანხა კი სრულად იქნა ჩარიცხული ტენდერში გამარჯვებულ პირზე,“ – აღნიშნავს ნოდარ ბედინაძე.

„ყველაფერი, რაც მაქ უწერია, არის სრული სიცრუე,“ – მოკლედ პასუხობს შეკითხვას დავით დუმბაძე. მას ვკითხეთ რა იგულისხმება „კორპორატიული სუბორდინაციის დარღვევაში“, რაზეც დუმბაძე ბედინაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მიუთითებს.

„კორპორატიული სუბორდინაციის დარღვევა არის ის, როდესაც დირექტორი ურეკავს ტელეფონზე და არ პასუხობს, სამსახურში არ მოდის, ეს არის ხელმძღვანელობის უგულებელყოფა,“ – განმარტავს დავით დუმბაძე.

ნოდარ ბედინაძის თქმით, იგი სამსახურში დადიოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საათებში, ხოლო გათავისუფლებამდე საყვედური დილის ხუთ საათზე სამსახურში გამოუცხადებლობის გამო გამოუცხადეს.

„წლების განმავლობაში სამსახურს ვიწყებდი დილის 5 საათზე, რაზეც პრეტენზია არასდროს მქონია… ყველა კოორდინატორს და მათ შორის მეც გვემსახურებოდა ავტომობილი საწვავით, რომელიც გამიუქმეს მხოლოდ მე, რადგან ჩემსა და დავით დუმბაძეს შორის იყო უკვე დაპირისპირება სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო. მე ვითხოვდი 100 ლიტრს საწვავს, რათა საკუთარი ავტომანქანით მაინც შემძლებოდა ყოველ დილით 5 საათიდან გასვლა. მიპასუხეს, რომ „სანდასაუფთავებას“ არ გააჩნია აღნიშნულია რესურსი,“ – გვიყვება ნოდარ ბედინაძე.

განსხვავებულ რეალობაზე საუბრობს დავით დუმბაძე: „დილის ხუთ საათზე გასვლა ბატონ ნოდარ ბედინაძეს ნამდვილად არ ევალებოდა. ის უნდა გასულიყო ექვს რომ წუთები აკლდა. მას ყოველთვის აკითხავდა მანქანა, მაგრამ ამბობდა, რომ ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს და ვერ მოვალო. შევთავაზეთ, რომ იგივე ანაზღაურებით გადავიყვანდით სხვა თანამდებობაზე, სადაც სამუშაო დაიწყებოდა 10 საათზე და იმუშავებდა 6 საათამდე, მაგრამ მოთხოვნა იყო ხელფასის გაზრდა… ბოლო ერთი თვის განმავლობაში ის საერთოდ არ ასრულებდა თავის ფუნქცია-მოვალეობას“.

მთავრობისთვის მიწერილ წერილში ნოდარ ბედინაძე დავით დუმბაძის საწვავის და მობილური ტელეფონის შეძენის ხარჯებზეც მიუთითებს:

„დირექტორმა დავით დუმბაძემ მოსვლიდან რამდენიმე დღეში სამსახურის ხარჯით შეიძინა 1800 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი. აღსანიშნავია, რომ ოთხი თვის წინ 2 ტელეფონი უკვე შეძენილი ჰქონდა წინა დირექტორს, ნარგიზ ფალავანდიშვილს. ორგანიზაციამ 1 წლის განმავლობაში მხოლოდ დირექტორების მობილურ ტელეფონებში დახარჯა 5400 ლარი… ორგანიზაციაში, სადაც მეეზოვის ხელფასი 300 ლარია, აქვს თუ არა დირექტორს მორალური უფლება, სახელმწიფოს ხარჯზე მოიხმაროს 900 ლიტრი ბენზინი?“ – კითხულობს ნოდარ ბედინაძე.

„ერთადერთი ტელეფონი მაქვს სამსახურებრივი,“ – ისევ პასუხობს მორიგ შეკითხვას დავით დუმბაძე, – „ამ ტელეფონში გადავიხადე 1400 ლარი და არა 1800. მეორე ხელში მიჭირავს „აიფონ 5“, რომელიც ჩემი პირადი ტელეფონია, მაგრამ არ მყოფნიდა ბატარეა, დღის პირველ ნახევარში იცლებოდა. მე არ ვიცი, ჩემს მოსვლამდე ვის რა აქვს შეძენილი, ალბათ, სჭირდებოდა და შეიძინა. ტელეფონები ერთი მოადგილისთვისაც შევიძინეთ, მეორესთვისაც, პიარის სამსახურსაც შევუძინეთ. ჩვენ ტელეფონებსაც ვყიდულობთ და სხვა ტექნიკასაც.. მაგან ტელეფონზე რატომ დაიწყო იცით ლაპარაკი? თავად უნდოდა, „სამსუნგის“ ტელეფონი შემიძინეთო, მაგრამ ვერ დაგვისაბუთა, რატომ უნდა შეგვეძინა მისთვის ტელეფონი,“ – აღნიშნავს დავით დუმბაძე.

დავით დუმბაძე უარყოფს საწვავის შესახებ მონაცემსაც. იგი ირწმუნება, რომ თვეში მხოლოდ 400  ლარის საწვავს მოიხმარს. „სანდასუფთავების“ უფროსი ასევე ამბობს, რომ ორივე ცვლაში მომუშავე მეეზოვის ხელფასი უკვე 935 ლარია პრემიის ჩათვლით და არა 300 ლარი.

ნოდარ ბედინაძე უახლოეს დღეებში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: