სიახლეები

მასწავლებლებს ადამიანის უფლებებს შეასწავლიან

26.12.2018 • 2499
მასწავლებლებს ადამიანის უფლებებს შეასწავლიან

სახალხო დამცველის აპარატი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი პედაგოგებისთვის ადამიანის უფლებების სფეროში  ონლაინკურსს მოამზადებენ.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსი მედეა გუგეშაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, კურსის შექმნის საფუძველი  კვლევა გახდა, რომელიც მათ გასულ წელს სკოლებში ჩაატარეს:

„კვლევა ჩავატარეთ სკოლებში ადამიანის უფლებების ცოდნისა და კომპეტენციების შესახებ და მოიცავდა მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და ადმინისტრაციას.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საჭიროა დამატებითი რესურსების გამოყოფა ამ კომპეტენციებისა და ცოდნის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ამიტომ დავუკავშირდით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა კურსი.

იმისთვის, რომ კურსი ხელმისაწვდომი იყოს მაქსიმალური რაოდენობის მასწავლებლისთვის, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ონლაინკურსის ფორმით.“

როგორც მედეა გუგეშაშვილი ამბობს, იანვარში დაიწყება ერთობლივი მუშაობა ონლაინკურსის კონტენტზე. „რა საკითხები შევა, როგორი სავარჯიშოები, ტესტები, ქვიზები და ა.შ ამაზე იქნება მუშაობა.

მომზადდება ვიდეომასალები, იქნება ონლაინინტერაქცია მასწავლებლებთან, რომლებიც მოდერაციას გააკეთებენ ამ კუთხით. იქნება კომპლექსური, სხვადასხვა ტექნიკით და მაგალითებით დატვირთული კურსი, რომლითაც ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია სარგებლობა“.

გუგეშაშვილის თქმით, ადამიანის უფლებების თეორიულ ნაწილზე სახალხო დამცველის აპატარი იმუშავებს, ხოლო ტექნიკურ მხარეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი უზრუნველყოფს.

„საზოგადოებრივი ბლოკის მასწავლებლებს პირდაპირ ევალებათ,  ადამიანის უფლებები ასწავლონ, მაგრამ მათემატიკის, ქიმიის თუ ფიზიკის მასწავლებელს ეს ვალდებულება არ აქვს, მაგრამ გამჭოლი კომპეტენციების სახით ადამიანის უფლებების პრინციპები როგორ უნდა იყოს ინტეგრირებული გაკვეთილებში მეთოდოლოგიურად, ამაზე იმუშავებს მასწავლებელთა ცენტრი.“

ონლაინკურსის ჩაშვების კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა როგორც მედეა გუგეშაშვილი გვეუბნება, შესაძლებელია კურსი  ზაფხულისთვის ჩაეშვას.

პროგრამას ექნება ჩამოტვირთვის ფუნქციაც, რაც პედაგოგებისთვის პროგრამას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

„არის სკოლები, სადაც ინტერნეტის სიხშირე არ არის მაღალი და შესაძლებელია შეექმნათ ტექნიკური პრობლემები, ასეთ დროს შეუძლიათ ჩამოტვირთონ პროგრამა და გამოიყენონ“.

ონლაინკურსის ადმინისტრირებასაც  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი  უზრუნველყოფს. „კურსს ეყოლება მოდერატორები და იქნება ონლაინინტერაქცია და როცა პედაგოგებს კითხვები ექნებათ, პასუხებსაც ონლაინრეჟიმში მიიღებენ. რა პრობლემებიც აჩვენა კვლევამ, გვინდა, რომ იმ საკითხებზე იყოს აქცენტირება,“- ამბობს მედეა გუგეშაშვილი.

მისი თქმით, ასეთი საკითხებია: დისკრიმინაცია, ბულინგი, ჩაგვრა, თუ რა კანონმდებლობა გვაქვს ადამიანის უფლებების  სფეროში,  როგორია უფლებების დაცვის მექანიზმები, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული უფლებები და ა.შ. განსაკუთრებული აქცენტი კი ბავშვთა უფლებებზე გაკეთდება.

ონლაინკურსის ბიუჯეტი ჯერ დათვლილი არ არის. მედეა გუგეშაშვილის თქმით, ხარჯები ორი უწყების მიერ ერთობლივად იქნება გაღებული.  „დაახლოებით მარტისთვის გვეცოდინება, რა ბიუჯეტზეა საუბარი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: