მთავარი,სიახლეები

რატომ მცირდება საპატრულო პოლიციაში ქალი პოლიციელების რაოდენობა

26.12.2018 • 4077
რატომ მცირდება საპატრულო პოლიციაში ქალი პოლიციელების რაოდენობა

საპატრულო პოლიციაში ქალი პოლიციელების რაოდენობა შემცირდა. თუკი 2016 წელს საპატრულო პოლიციამ კონკურსის წესით 53 ქალი შეარჩია, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 10-მდე შემცირდა, 2018 წელს კი 21 ქალი გახდა პატრულის თანამშრომელი. სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, წელს, ნოემბრის ჩათვლით, 418 ადამიანი მონაწილეობდა საპატრულო პოლიციის კონკურსში. აქედან 162-მა წარმატებით გაიარა კონკურსი და საპატრულო პოლიციაში დასაქმდა. დასაქმებულთაგან 141 კაცია, 21 – ქალი.

2017 წელს საპატრულო პოლიციის კონკურსში 292 აპლიკანტი დარეგისტრირდა. კონკურსი 125-მა გაიარა. ამ წელს მხოლოდ 10 ქალი გახდა პატრული თანამშრომელი, კაცი კი – 115.

2016 წელს 53 ქალი და 211 კაცი გახდა პატრულის თანამშრომელი. ამ წელს სულ 589 ადამიანი მონაწილეობდა საპატრულო პოლიციის კონკურსში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოგვაწოდა მონაცემი უშუალოდ კონკურსში რამდენი ქალი მონაწილეობდა.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, საპატრულო პოლიციისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალი თანამშრომლების რაოდენობა მხოლოდ გასულ წელს შემცირებულა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ უწყებაში 2016 წელს 67 ქალი დასაქმდა, 2017 წელს – 19, 2018 წელს – 70. შსს-მ მონაცემები 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით მოგვაწოდა.

რატომ შემცირდა ქალების რაოდენობა საპატრულო პოლიციაში? – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს ჩვენ ამ კითხვით მივმართეთ. განმარტება უწყებისგან ამ დრომდე არ მიგვიღია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს საკითხი არავის ანაღვლებს. პირიქით, გურჯაანის მაგალითი აჩვენებს, როგორ მოახდინა შინაგან საქმეთა მინისტრმა ქალების განივთება. ქალი პოლიციელები გამოფინეს და ამით თითქოს აჩვენეს, რომ ქალებთან კონფრონტაცია შეუძლებელია. ეს აჩვენებს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ყოველთვის იყო გენდერული სტერეოტიპი, რომ პოლიცია მაინც კაცის საქმეა, ეს კიდევ უფრო გაღრმავდა,“ – მიიჩნევს ხატია დეკანოიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ყოფილი რექტორი. იგი უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის პოზიციაზეც მუშაობდა. თავის დროზე უკრაინული მედია ხშირად წერდა ხატია დეკანოიძის როლზე უკრაინაში საპატრულო პოლიციის ჩამოყალიბების საქმეში.

ხატია დეკანოიძე ჰყვება, რომ გენდერულ სტერეოტიპს იგი მხოლოდ საქართველოში არ შეხვედრია და ამ განწყობას სხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებები სოციალური მიდგომებით ცვლიან.

„ეს  ახასიათებს, ზოგადად, მასკულინურ სამყაროს… გენდერული თანასწორობა არის მდგომარეობა, რაზეც თანამედროვე ცივილიზებული სამართალდამცავი უწყება უნდა იდგეს. მე, როგორც მაღალ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანი, ბევრჯერ შევეჯახე ამ სტერეოტიპს. ითვლება, რომ თუკი ქალია პოლიციაში, მან, ძირითადად, ადმინისტრაციული საქმეები უნდა აკეთოს, ფურცლებთან უნდა იმუშაოს. ჩვენი მუშაობის შედეგად 2010-2012 წლებში 18 პროცენტამდე გაიზარდა ქალი პოლიციელების რაოდენობა საქართველოში. უკრაინაში 26 პროცენტამდე ავიდა ეს მაჩვენებელი და დღემდე იქ ძალიან ბევრ მენეჯერულ პოზიციაზე ქალი მუშაობს. სამართალდამცავი უწყებები განსაკუთრებით მოწყვლადია ქალთა უფლებების დარღვევის კუთხით, ამიტომ ამას სჭირდება განსაკუთრებული მიდგომა და მონდომება. ხშირად არა მხოლოდ საქართველოში, თავად ქალებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის ირღვევა მათი უფლებები,“ – გვითხრა ხატია დეკანოიძემ.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ქალი პოლიციელების ტაქტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ეწინააღმდეგება. იგი ასევე მიიჩნევს, რომ ქალ და კაც პოლიციელებს შორის უნარები გენდერული ნიშნით არ უნდა გადანაწილდეს.

„ჩემი პოზიცია მარტივია, ქალ პოლიციელს შეუძლია იგივე, რაც კაცს. მე არასდროს გამომიყენებია ქალი პოლიციელი ტაქტიკისთვის. უბრალოდ, ვიცოდი, რომ ქალი უფრო ძლიერი კომუნიკატორია,“ – ამბობს ის.

 

მთავარი ფოტო: ქალი პოლიციელები წინა ხაზზე, გურჯაანის აქციაზე, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: