მთავარი,სიახლეები

რეინჯერი ქალები საქართველოდან

21.12.2018 • 6264
რეინჯერი ქალები საქართველოდან

დაცული ტერიტორიების სააგენტოში სულ 358 რეინჯერი მუშაობს, მათგან მხოლოდ ოთხია ქალი. სალომე იდოიძე თუშეთის ეროვნულ პარკში, თეკლა ხიბლაშვილი – ფშავ-ხევსურეთის, ეკა ბაჩილავა  – მარტვილის დაცულ ტერიტორიაზე, ხოლო ლუსინე დოსტიბეგიანი ალგეთის ეროვნულ პარკში ასრულებს მოვალეობას.

როდის, როგორ და რატომ გახდით რეინჯერი? – ეს კითხვა ყველა მათგანს დავუსვით.

„2012 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში ჩემი განაცხადი მიიღეს იმის შესახებ, რომ რეინჯერობა მინდოდა. თურმე სააგენტოში ხუმრობა ეგონათ და არ იჯერებდნენ. დარწმუნებული ვარ, ახლა უკვე ჩვეულებრივად იღებენ ასეთ განაცხადებს და იმედი მაქვს, საზოგადოებისთვისაც ასეთივე ჩვეულებრივი ამბავი გახდება,“ – ამბობს სალომე იდოიძე.

სალომე პირველი ქალია საქართველოში, რომელმაც გადაწყვიტა რეინჯერი გამხდარიყო. გახდა და უკვე თითქმის შვიდი წელია თავის საქმეს ერთგულად ემსახურება.

სალომე იდოიძე

„2012 წლის გაზაფხულზე დავიწყე რეინჯერის საქმიანობა. მე თავად თუში ვარ და იქ ვცხოვრობ. ვხედავდი, როგორ შეიქმნა ეროვნული პარკი და მას შემდეგ წლიდან წლამდე როგორ ვითარდებოდა თუშეთი – რამხელა სარგებელი მოუტანა მოსახლეობას ამ ყველაფერმა. თავად ვარ ბუნების და მთის ძალიან მოყვარული, არ შემიძლია დიდხანს ერთ ადგილას გაჩერება. ამიტომ ისეთი სამსახური მინდოდა, რომელიც თუშეთთან იქნებოდა დაკავშირებული და ამავე დროს ფიზიკურ აქტიურობასთან, ბუნებასთან, მოძრაობასთან…

რეინჯერობა აღმოჩნდა ასეთი სამსახური – ყველაფერი ერთადაა. მუშაობასთან ერთად შემიძლია მივიღო უდიდესი სიამოვნება. მოყვარული ფოტოგრაფი ვარ, ფოტოაპარატი ყოველთვის თან დამაქვს და საშუალება მაქვს, დავიჭირო საინტერესო კადრები,“ – ამბობს სალომე.

გვიყვება, თუ რა მოვალეობა აქვს რეინჯერს. მისი თქმით, რეინჯერის სამუშაო მოიცავს ყველაფერზე მეთვალყურეობას, რაც შეიძლება მოხდეს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე; იქნება ეს ტურისტების უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, კონტროლი დანაგვიანებაზე, ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებები, ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კონტაქტი თუ სხვა. კითხვაზე, რამდენად რთული სამუშაოა, სალომე ამბობს:

„სირთულეს რაც შეეხება, მაგაზე ასე ცალსახა პასუხის გაცემა არ შეიძლება. ყველაფერი თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული და არანაირად სქესზე. ვიცნობ ბევრ კაცს, ვისაც ძალიან გაუჭირდება რეინჯერობა და ამავე დროს ვიცნობ ბევრ ქალს, ვისთვისაც არ იქნება არანაირი სირთულე ამ საქმიანობაში. მე, მაგალითად, გაცილებით რთული მგონია წლების განმავლობაში ერთ პატარა ოთახში ჯდომა და მუშაობა. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს იმას, რომ სამუშაოს სირთულე სქესზე კი არა, ინდივიდზეა დამოკიდებული. 7 წელი სრულდება რაც ვმუშაობ, ახლა გავიგე, რომ უკვე 4 ქალი რეინჯერი ვართ. ეს ძალიან მახარებს. იმედი მაქვს, რომ თანდათან მიხვდებიან – არაფერია ამ საქმიანობაში ქალისთვის შეუფერებელი, რთული და კიდევ უფრო გაიზრდება დაინტერესებულთა რიცხვი,“ – ამბობს სალომე იდოიძე.

ეკა ბაჩილავა

ეკა ბაჩილავა მარტვილის დაცულ ტერიტორიაზე რეინჯერად 2016 წლის ივლისიდან მუშაობს.

„რეინჯერობა მომინდა იმიტომ, რომ ბუნება ძალიან მიყვარს. მანამდე, სანამ მარტვილის კანიონის მიმდებარე ტერიტორია იჯარით გაიცემოდა, მენავედ ვმუშაობდი. ტურისტები გადამყავდა.  როცა გახდა ცნობილი, რომ დაცული ტერიტორია უნდა ყოფილიყო და ვაკანსია გამოცხადდა, მაშინვე შევავსე სივი, გავიარე გასაუბრება და სამსახურში მიმიღეს.

რთულია თუ არა? როცა ბუნება და როცა შენი საქმე გიყვარს, არაფერი არაა რთული. 31 წლის ვარ. სკოლა მარტვილში დავამთავრე. ქუთაისში უნივერსიტეტში ვსწავლობდი, დაწყებითების მასწავლებელი ვარ, თუმცა ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია.

რას ამბობს ხალხი? უმრავლესობას უხარია. მოსწონთ. „ვაა, საღოლ ქალიო,“ – ამბობენ, როცა მხედავენ რეინჯერის ფორმაში“.

თეკლა ხიბლაშვილი

თეკლა ხიბლაშვილი ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერი 2017 წელს გახდა. რეინჯერთა შესარჩევ კონკურსში მასთან ერთად მისი შვილი და სხვა თანასოფლელი კაცები მონაწილეობდნენ. სამსახური თეკლამ მიიღო, კაცებმა – ვერა. მის რეინჯერობას სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა ახლა ამბობს, რომ „ყველა ყველაფერს შეეგუა“.

„ფშავში 5 რეინჯერია, უფროსი რეინჯერის ჩათვლით. ამ ხუთიდან მხოლოდ მე ვარ ქალი. ეროვნული პარკი, საიდანაც იწყება ფშავი, აი იქვე ვცხოვრობ, სოფელ ზარისჭალაში. 43 წლის ვარ. ამ სამსახურამდე, ძირითადად, სოფლის მეურნეობას ვეწეოდი. ასევე პედაგოგი ვიყავი – შუაფხოს სკოლაში ხელოვნებას ვასწავლიდი.

მთელმა ფშავმა სასწაულად შეიცხადა ჩემი რეინჯერობა, ზოგი ძალიან სიხარულით შეხვდა, ზოგს გაუკვირდა. ზოგი კონკურენტი იყო, კაცები. კონკურენტები ძალიან ცუდად შეხვდნენ – ქალმა როგორ გვაჯობაო.

აქ, ფშავში, ადგილობრივი ჩვენი უფროსი რეინჯერი ვინცაა, პირდაპირ გამომიცხადა – მე ქალი რეინჯერი არ მჭირდებაო, ვერ იმუშავებო. არადა, ერთი სოფლიდან ვართ, ერთადა ვართ გაზრდილები და იცის ჩემი შესაძლებლობები. მე ვუთხარი, თუ არ შემეძლება, ვნახოთ, მაგას მე გამოვცდი-მეთქი. ასე ძალისძალად გავიტანე ჩემი.

როგორ შეეგუა? – რას იზამს ახლა, მეტი გზა არა აქვს, უნდა შეეგუოს. შეიძლება დღესაც არაა შეგუებული, მაგრამ ეგუება. შევაგუე.

ოჯახს რაც შეეხება, წინააღმდეგობა არავის გაუწევია. აქ გასათვალისწინებელია ეკონომიკური მდგომარეობაც, მთაში არანაირი სამუშაო ადგილები არაა და თუკი რაღაცა ადგილი გამოჩნდება, აქ უკვე გენდერული თანასწორობაა – ვინ დაეძებს, ქალია თუ კაცი. ქმარსაც უნდოდა ისე რეინჯერობა, შვილსაც, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მე ამიყვანეს.

დილით ვიწყებ ცხრა საათზე მუშაობას, გავდივარ პატრულირებაზე, ჩვენ თითოეულ რეინჯერს გვაქვს ჩვენ-ჩვენი სარეინჯერო, იმას ვმეთვალვყურეობთ. როგორც გვითხრეს, გაზაფხულიდან ცხენებით უნდა ვიაროთ, მთაზე უნდა ვიპატრულიროთ.

ლუსინე დოსტიბეგიანი

ლუსინე დოსტიბეგიანი ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერია. ის ამბობს, რომ ამ სამსახურმა, ბავშვობის ოცნება აუსრულა.

„2018 წლის ზაფხულში დავიწყე მუშაობა. ბავშვობიდან მინდოდა ეროვნულ პარკში მუშაობა. თან თეთრწყაროში ვცხოვრობ და აქედან წასვლა არ მინდა არსად. როგორც კი გამოჩნდა შესაძლებლობა, შევიტანე განაცხადი და დამიბარეს, გავიარე გასაუბრება და დავინიშნე.

ძალიან რთული სამუშაო არაა, თუმცა თავისი სირთულეები, რა თქმა უნდა, აქვს. მე ასე ვხედავ – თუ გიყვარს საქმე რთული არაფერი არაა. თუ გინდა, რომ კარგი რეინჯერი გამოხვიდე, უნდა მიყვე ამ საქმეს.

ყველა ჩემმა მეგობარმა იცოდა ჩემი სურვილი, რეინჯერი გავმხდარიყავი. აქტიური სპორტული ტიპი ვარ, სულ ლაშქრობებში დავდივარ და ამიტომ დიდად არავის გაკვირვებია. უბრალოდ, ერთი-ორმა კაცმა თქვა, რად გინდოდა რეინჯერობა, ტყეში რომ დადიხარო, ან რა საშენო საქმე არისო ეგ. ყველას ვუთხარი – მე შემიძლია. არაფერი არაა ისეთი, რატომ ვერ უნდა შევძლო?

ქალის საქმე, კაცის საქმე არ მესმის. კი, ჩვენთან არის რაღაც შეხედულებები, მაგრამ მე მგონია, რომ ყველას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს. ხალხს, ვისაც ქალის საქმე სახლში ჯდომა ჰგონია, არ ვეთანხმები.

სხვა რეინჯერ ქალებს არ ვიცნობ – ერთ-ერთზე მქონდა წაკითხული. ორი-სამი წლის წინ დაიწერა სტატია, ცხენზე იყო ამხედრებული გოგო და მასზე ეწერა, რომ რეინჯერია. ძალიან გულზე მომხვდა – იმიტომ რომ მეც მინდოდა რეინჯერობა. ჰოდა აი, დღეს რეინჯერი ვარ“.

________________________

მთავარ ფოტოზე: სალომე იდოიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: