მთავარი,სიახლეები

ევროკავშირის წვლილი საქართველოში უმუშევრობის აღმოსაფხვრელად

01.12.2018 • 1380
ევროკავშირის წვლილი საქართველოში უმუშევრობის აღმოსაფხვრელად

დასაქმება ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა საქართველოში. სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად ევროკავშირი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან.

შრომითი ბაზრის თავისებურებები საქართველოში

 

უმუშევრობის პრობლემას საქართველოში მრავალმხრივი მიზეზები აქვს, ხოლო იმ ვაკანსიების უმრავლესობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის შრომით ბაზარზეა წარმოდგენილი, შრომის ბაზრის ექსპერტის, ანა დიაკონიძის თქმით, განკუთვნილია საშუალო და დაბალი კვალიფიკაციის მქონე კადრებისთვის.

ვაკანსიების მონიტორინგმა და შრომის ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ხშირად დამსაქმებლები გადაჭარბებულ მოთხოვნებს აყენებენ როგორც ცენზის, ასევე ზოგადი უნარების თვალსაზრისით.

ამავე კვლევის მიხედვით, არსებობს ერთის მხრივ ვაკანტური პოზიციები, რომლებიც ვერ ივსება შესაბამისი პროფესიის მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო, სხვა მხრივ კი ასევე არსებობს პოზიციები, რომლებიც შემოთავაზებული მძიმე სამუშაო პირობებისა და დაბალი ხელფასის გამო ვერ ივსება. ასეთ პოზიციებზე, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, დასაქმებულები მალევე ამბობენ უარს. თუმცა დამსაქმებლები არ ზრდიან ხელფასს და გამოსავლის პოვნას კიდევ უფრო დაბალანაზღაურებადი კადრების ძებნით ცდილობენ.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, რას ცვლის ევროკავშირის პროექტები ადამიანებისთვის დასაქმების თვალსაზრისით პრაქტიკულად და რა კონკრეტული შედეგები დგება ინსტიტუციონალური, პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ? 

ევროპული სტანდარტების სოციალური და დასაქმების სამსახურები

 

ევროკავშირის პროგრამების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს 69 მუნიციპალიტეტში უკვე არის ევროპული ტიპის სოციალური მომსახურების სააგენტოები. თუ აქამდე დასაქმების ერთი კონსულტანტი არსებობდა თითო მუნიციპალიტეტში, ახლა სამსახურის მაძიებლებს სპეციალისტების გუნდი ეხმარება: დასაქმების კონსულტანტები, დასაქმების აგენტები, კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები და მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტები.

დასაქმების კონსულტანტი სამსახურის მაძიებლებთან მუშაობს, დასაქმების აგენტი -დამსაქმებლებთან. კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები თვითორიენტაციასა და მიზნამდე მისაღწევი ეტაპების დაგეგმვაში ეხმარებიან მაძიებლებს.

მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტები შშმ პირებს ეხმარებიან დასაქმებაში. ასეთი სტანდარტი მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში და სერვისების ეს მოდელი ორ წლის განმავლობაში მთელ საქართველოში უნდა დაინერგოს.

დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამები

შშმ პირების დასაქმებისთვის და არამარტო მათთვის, დასაქმების სააგენტო წელიწადში ორჯერ 2-დან 4- თვემდე  ატარებს სწავლება-გადამზადებას ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით, შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

16 წლიდან ზევით ვაუჩერში სახელმწიფო იხდის 1000 ლარს, ხოლო შშმ პირებისთვის 1500 ლარიანი ვაუჩერია სპეცპედაგოგის, ტრანსპორტირების გათვალისწინებით.

სტაჟირების პროგრამა მოქმედებს ყველასთვის, მათ შორის შშმ პირებისთვის. ერთ ვაკანსიაზე დამსაქმებელს სააგენტო აკავშირებს სამსახურის მაძიებელ მინიმუმ სამ ადამიანთან. თითოეული მათგანი იღებს 200 ლარიან სტიპენდიას და დამსაქმებელი ვალდებულია სამი თვის შემდეგ მინიმუმ 6 თვით მაინც გაუფორმოს ხელშეკრულება თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც თავად აირჩევს და დაიტოვებს სამსახურში.

  • 172-მა  ადამიანმა მიიღო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი
  • სერტიფიცირებულთაგან 91 (53%) დასაქმდა კურსების გავლისთანავე
  • 252 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა დასაქმების ხელისშემწყობ პროგრამაში
  • ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროფესიული განათლების კურსების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შემდეგ ლინკზე შეუძლიათ – Vet.ge
შშმ პირთა სუფსიდირების პროგრამა

ეს პროგრამა გულისხმობს, რომ კურსების გავლისა და მომზადების შემდეგ, შშმ პირები სტაჟირების პირველი დღიდანვე 470 ლარამდე თანხას იღებენ 4 თვის ვადით. ოთხი თვის შემდეგ დამსაქმებელი ვალდებულია 6 თვით აუცილებლად დაასაქმოს სტაჟიორი.

ასე იქმნება შშმ პირებისთვის 10 თვიანი გარანტირებული სამსახური. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ათი თვის გასვლის შემდეგ, ყველა დასაქმებულს გაუგრძელეს კონტრაქტი და არავინ გაუთავისუფლებიათ.

  • პროექტის ფარგლებში სტაჟირების პროგრამა გაიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 129 პირმა
  • პროექტის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდა 595 სამუშაოს მაძიებელი და 640 დამსაქმებელი
  • დასაქმდა 191 ბენეფიციარი

როგორც ქვეყნის სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ ბეზარაშვილი ამბობს, უმუშევრობასთან ბრძოლაში წინგადადგმული ნაბიჯია ის, რომ სოციალურად დაუცველებს აღარ შეეშინდებათ მუშაობის დაწყების და ბანკებში ოფიციალური ანგარიშის ფლობის, რადგან მათ დასაქმების შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ შემწეობა დასაქმებიდან ერთი წლის განმავლობაში.     

 იმედია, მალე დაიმსხვრევა სტერეოტიპი, რომ სოციალურად დაუცველებს ბანკში ხელფასის მიღების ნაცვლად შემწეობის მიღება ურჩევნიათ. რაც მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმდება, მით უფრო შემცირდება პასიური შრომითი ბაზარი და ტენდენცია იქნება გააქტიურებისკენ. ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. გვაქვს საუკეთესო მაგალითები, რომ სოციალურად დაუცველები ჩაერთნენ პროგრამებში, გადამზადდნენ, სტაჟირების პროგრამით დასაქმდნენ და ბევრად მეტი აქვთ ხელფასი, ვიდრე შემწეობა ჰქონდათ“, – ამბობს მარიამ ბეზარაშვილი.  

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ ბეზარაშვილი

Worknet.gov.ge სოციალური მომსახურებისა და დასაქმების სააგენტოს სახელმწიფო ვებპორტალია, სადაც სამსახურის ნებისმიერ მაძიებელს და დამსაქმებელს შეუძლია უფასოდ დარეგისტრირდეს. გვერდზე მაძიებელი საკუთარ პორტფოლიოს ქმნის და ყოველდღიურად მისდის ინფორმაცია მისთვის საინტერესო ვაკანსიების, დასაქმების სააგენტოს ყველა აქტივობის შესახებ.

ევროკავშირის დასაქმების ხელშემწყობი პროექტები გრძელვადიანია და 2022 წლამდე უკვე დაგეგმილია ეკონომიკური განვითარების ზრდის პროგრამა, უმუშევრობის დაძლევის გზით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: