მთავარი,სიახლეები

ცესკოს ინფორმაციით, ბათილია 59 772 ბიულეტენი, სააკაშვილის თქმით – 97 ათასი

03.12.2018 • 3773
ცესკოს ინფორმაციით, ბათილია 59 772 ბიულეტენი, სააკაშვილის თქმით – 97 ათასი

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციას 97 ათასი ბიულეტენი გაუუქმეს. ამის შესახებ მან ლაივჩართვაშიც ისაუბრა და 2018 წლის პირველ დეკემბერს, არჩევნებიდან მეხუთე დღეს ფეისბუქში სტატუსიც გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ინფორმაცია ბოლო და დაზუსტებულია.

განსხვავებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] წინასწარი მონაცემები.

ცესკოს ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, მთლიანობაში, წინასწარი მონაცემებით 59 772 ბიულეტენი გაბათილდა, რაც საქართველოს მასშტაბით საარჩევნო ყუთთან მისული ამომრჩევლის 3,1 პროცენტია.

ეს ციფრი, პირველი ტურის მონაცემებთან შედარებით არ გაზრდილა, პირიქით შემცირდა – პირველ ტურში იყო 3,27% . გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განმარტებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ დასახელებული მონაცემები  იმ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით გამოთვალა, რომლებიც მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ჰყავდათ წარმოდგენილი:

„…ჩვენ დიდი ხანია ვცდილობთ ამ ციფრის მიღებას და ცესკო გვეუბნება, რომ საჩივრების განხილვას ელოდება. ამიტომაც ცესკოდან მიღებული ოფიციალური მონაცემი არ გვაქვს. როგორც იცით, ვაწარმოებდით პარალელურ დათვლას, გვყავდა წარმომადგენლები ყველა უბანზე და მათი მონაცემებიდან მივიღეთ ციფრი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რაც შეეხება იმას, რომ ვამბობთ – ეს არის უპრეცედენტო რაოდენობა, ამ შემთხვევაში ვადარებთ წინა საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემებს“, – ამბობს თინა ბოკუჩავა.

ბათილი ბიულეტენების რაოდენობას ცესკო დიფერენცირებულად არ ითვლის. შესაბამისად, არ ვიცით გაბათილებულთაგან ზუსტად რამდენია ისეთი ბიულეტენი, სადაც ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი გადახაზეს ან ორივე შემოხაზეს. გაბათილებულად ითვლება ყველა ის ბიულეტენი, რომელიც ყუთიდან საღამოს რვა საათის შემდეგ ამოვა და ამ ბიულეტენით ვერ დგინდება, ვის სასარგებლოდ გააკეთა ამომრჩეველმა არჩევანი. მათ შორის შეიძლება იყოს ის ბიულეტენებიც, რომლებზეც რეგისტრატორს გაცემულ ბიულეტენზე ბეჭდის დასმა ან ხელმოწერა დაავიწყდა.

ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრაში მონაწილეობა 1 975 845-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 56.23%-ია. „ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს ხმა მისცა 1 147 701-მა ამომრჩეველმა [59,52],  გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს კი – 780 680-მა [40,48].

ცესკოს ვებგვერდზე უკვე ატვირთული ოქმების მიხედვით, ბათუმის საარჩევნო ოლქში 2108 ბიულეტენი გაბათილდა. საერთო ჯამში კი, ბათუმში საპრეზიდენტო არჩევნებში 80 394-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, აქედან 34 656-მა ამომრჩეველმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს მისცა ხმა [44%], ხოლო 43 630-მა ამომრჩეველმა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი [56%]. აჭარაში, ექვს ოლქში, 3 570 ამომრჩევლის ბიულეტენი გაბათილდა.

თბილისის ათივე ოლქში, საოლქო კომისიების მიერ მოწოდებული წინასწარი მონაცემებით, ჯამში, 22 856 ბიულეტენი გაბათილდა.

ქუთაისში კი 2735 ამომრჩევლის ბიულეტენი ცნო საარჩევნო კომისიამ ბათილად.

ცესკოს მონაცემებით, 2013 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცა 1 660 976-მა ამომრჩეველმა, გაბათილდა 30 101 ბიულეტენი; 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე კი 33 108 ბიულეტენი გაბათილდა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: