ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შესვლისას, პირველი, რაც თვალში გხვდება, ეს ძველისძველი ნივთებია. თუ იმდენად ახალგაზრდა ხართ, რომ არ იცით, როგორი ინვენტარი იყო საბჭოთა კავშირის დროს, ცნობისმოყვარეობას რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტერიერი დაგიკმაყოფილებთ.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარ შესასვლელში უზარმაზარი ბანერებია გაკრული. ამ ბანერებზე საავადმყოფოს ახალი შენობის ესკიზია, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო და რომელიც, წესით, 2018 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო. ამბობენ, რომ მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. შემდეგ კი მეორე ეტაპი უნდა დაიწყოს – საავადმყოფოს ტექნიკით აღჭურვა. ამას დიდი ფინანსები და დრო სჭირდება. სანამ ეს მოხდება, რესპუბლიკურის მედპერსონალს ისევ ძველ შენობაში უწევს მუშაობა და პაციენტების მიღება.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო – ასე გამოიყურება ჟანგბადის ბალონების შესანახი სათავსო მეორე სართულის ფოიეში.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ერთმა ჯგუფმა ბოლო ორ თვეში ერთი აქცია და ერთიც პრესკონფერენცია გამართა. ისინი ეჭვობენ, რომ საავადმყოფოს გასხვისება იგეგმება, ამიტომ ხელისუფლებისგან ითხოვენ პასუხს კითხვაზე – რა ელის რესპუბლიკურს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ არსებობს კონკრეტული გეგმა: რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა გახდეს ეტალონური კლინიკა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება.
სანამ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა დასრულდება და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება, საავადმყოფოს პაციენტებს არც თუ ისე კომფორტულ პირობებში უწევთ მკურნალობა, ექიმებს კი მუშაობა.

ეს ერთ-ერთი პალატის ინტერიერია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ამ დროისათვის 600-მდე ადამიანი მუშაობს. ექიმები ამბობენ, რომ საავადმყოფოს მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო პაციენტების ნაკადი იკლებს. მით უფრო, რომ სამედიცინო ბაზარზე ბევრი მაღალპროფილური საავადმყოფოა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტრების თქმით მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ყველაფერს აკეთებენ რომ საავადმყოფოში სისუფთავე იყოს.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ეს კი აივანზე მდგარი კარადაა, სადაც მედპერსონალი საკუთარ ნივთებს ინახავს. იქვეა ხელსაბანი და ელექტროქურა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

თუ იმდენად ახალგაზრდა ხართ, რომ საბჭოთა კავშირის დროს არსებული ინვენტარი ნანახი არ გაქვთ, იმ დროინდელი სკამების, მაგიდების და კარადების ნახვა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეგიძლიათ.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები


















