„როგორ წარმოგიდგენიათ, დღეს სალომე ზურაბიშვილი რომ ყავას სვამდეს სადმე გრიგოლ ვაშაძესთან ერთად?“ – ლევან ცუცქირიძის ამ შეკითხვამ შეხვედრის დასაწყისში ღიმილი გამოიწვია… ლევან ცუცქირიძე „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელია და ბათუმში შეხვედრა გამართა არჩევნებზე სასაუბროდ: რა გამოჩნდა არჩევნების პირველი ტურიდან და რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს არჩევნების დასრულების შემდეგ – „ბათუმელები“ ლევან ცუცქირიძის საჯარო გამოსვლიდან რამდენიმე მონაკვეთს გთავაზობთ.
მთავარი რისკი
„ჩვენი ქვეყნის მთავარი რისკი 2009 წლიდან მოყოლებული არის ერთმანეთთან მებრძოლი პოლიტიკოსები. „მშვიდობის ფონდიც“ გვეუბნება, რომ ჩვენი მთავარი რისკი არის არა ეკონომიკა, რუსეთი და ასე შემდეგ, არამედ ჩვენივე პოლიტიკოსები. დღესაც მარგინალების ძახილი პარტიაზე, რომელსაც 600 ათასი ადამიანი აძლევს ხმას, უაღრესად სახიფათოა, ისევ როგორც „ოცნებისთვის“ იმის ძახილი, რომ ისინი მოღალატეები არიან. ეს არ უნდა აწყობდეს „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებით, რომელსაც შემკვრელი იდეოლოგია, გარდა ძალაუფლებისა, არ გააჩნია.
ის მუდმივად ვერ დარჩება ხელისუფლებაში, შენ თუ ეძახი სისხლისმსმელებს და ფაშისტებს ოპოზიციას, ის რომ აღმოჩნდება ხელისუფლებაში, მერე არ გაგიკვირდეს, რომ შესაბამისად მოგექცეს. ამიტომაც უნდა დალიონ ყავა სალომემ და გრიგოლმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
წარმოვიდგინოთ ასეთი რეალობა: 2020 წლის არჩევნებში ვერც „ოცნება“ და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აკომპლექტებს მთავრობას და საჭირო ხდება მათ შორის თანამშრომლობა. „ოცნებამ“ როგორ უნდა აუხსნას ამომრჩეველს, რომ „დემონებთან“ შექმნა კოალიცია, ან პირიქით – „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამბობს, რომ აი, „მოღალატეებს“ შეეკრა. ამ ხალხის ასეთი აღტკინება აღარ ტოვებს კოალიციური მმართველობის შესაძლებლობას.
ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი იქნებიან პირველები, ვინც ერთმანეთთან დიალოგის საჭიროებას დაინახავენ, ისინი დაიწყებენ ამას, ჯერ ჩუმად, მერე საჯაროდ…
რა გამოაჩინა არჩევნების პირველმა ტურმა
„ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, არის არა ის, რომ მათ კომუნიკაცია არ ჰქონდათ ხალხთან, არამედ არაფორმალურ მმართველობაში, ავტორიტარიზმი და პოლიტიკური სისტემის პირად ინტერესებზე დაქვემდებარება. ავტორიტარიზმი იმიტომ, რომ ივანიშვილი ყველაფერს წყვეტდა. ვერავინ ამბობს დღემდე, რომ სალომე ზურაბიშვილი უმძიმესი კანდიდატია. პარლამენტის რამდენიმე წევრს ჰქონდა მცდელობა, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი, მაგრამ გაჩუმდნენ, დუმილი კი საკმარისი არ არის. ვინმემ შეიძლება ამას დაარქვას პარტიული დისციპლინა, მაგრამ ეს უფრო ივანიშვილის დისციპლინაა.
მთავარი პრობლემა, რასაც ქართველი ამომრჩეველი ხედავს „ოცნებაში“, არის უსამართლობა. ახლაც, 7 ნოემბრის მიტინგი მოაწყვეს და ისე ჩაუარეს სარალიძეს, ზედაც არ შეუხედავთ. არაფორმალური მმართველობა, სიღარიბე და გაჭირვება გასაგებია, მაგრამ ასეთ მომენტებზე აქვს განსაკუთრებული რეაქცია ქართულ საზოგადოებას. არ ვიცი, ამ ყველაფრის შეცვლას რამდენად შეძლებს და უნდა „ოცნებას“.
არჩევნებმა აჩვენა კარგი რამეებიც – მაგალითად ის, რომ დემოკრატია მუშაობს. ეს არის ლიბერალური დემოკრატია, მაგრამ დემოკრატიაა, როცა ამომრჩეველი გახდა თავდაჯერებული და სჯერა, რომ უბანზე მივა, ხმას მისცემს და შეცვლის, დასჯის მთავრობას, მან იცის უკვე, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული მედია იმის მიუხედავად, რომ არავის მოგვწონს ნეგატივის ნიაღვარი… უმჯობესია, ეს მედია იყოს კონსტრუქციული, პოზიტიური, მაგრამ გასაგებია, რა პოლიტიკურ კლიმატში გვიწევს ცხოვრება. რეალურად არსებობს სივრცე თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის.
არჩევნებმა აჩვენა ასევე, რომ გვაქვს რეალური შეჯიბრი. რეალურად ჯერ არავისთვის არაა ცნობილი, ვინაა გამარჯვებული. ადრე მინახავს კიდეც შეხვედრები, სადაც მსჯელობდნენ – კარგი, შენ 20 პროცენტს დაგიწერთ და ასე შემდეგ.
რას უნდა ველოდოთ არჩევნების შემდეგ
„ქართულ ოცნებას“ რეალურად დარჩა ორი გამოსავალი: ერთია, რომ მან დაიწყოს ხიდების მშენებლობა საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც აუცილებლად გამოჩნდებიან 2020 წლამდე. ცხადია, კონსტიტუციური უმრავლესობის აღება ძალიან გაუჭირდება „ოცნებას“, არსებული ეკონომიკა არ იძლევა ამის საფუძველს, რომ რამე ქვეყანაში არსებითად შეიცვლება, არც გლობალური და რეგიონალური ეკონომიკა იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს… როცა შეიძლება ვეღარ მოიგო არჩევნები, უნდა ააშენო ხიდები.
მეორე გზა არის ავტორიტარიზმის განმტკიცების მცდელობა. ახლა ამის პრელუდიას ვხედავთ: არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია, აგრესია კრიტიკული მედიის მიმართ… ეს იქნება ყველაზე სახიფათო არჩევანი. აქამდე ჩატარდა წყნარი არჩევნები, რადგან „ოცნებას“ კონკურენციის განცდა არ ჰქონდა. ახლა უკვე სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანია „ოცნებისთვის“.
ავტორიტარიზმი კი არ გამოვა, რადგან უკვე არსებობს ძლიერი ოპოზიცია, კრიტიკული მედია და რაც მთავარია – ქვეყანაში უხვად არსებობს ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება, მშვიდობიანი აქციები კარგად ვიცით.
რატომ არ სურს ამომრჩეველს საქართველოში წინასაარჩევნო პროგრამა
ორგანიზაციას „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც ჰქონდა ინტერნეტ პლატფორმა Prezidenti.ge, სადაც ადამიანებს პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო ხედვების გაცნობა და ერთმანეთთან შედარება შეეძლოთ. ლევან ცუცქირიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამ ინტერნეტ გვერდზე მომხმარებელი ძირითადად „ფეისბუკიდან“ შევიდა და 7 ათასი ადამიანი გაეცნო პროგრამებს.
რატომ არ სურს ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამის გაცნობა და რა შემთხვევაში დაინტერესდებიან ადამიანები კანდიდატების ხედვებით? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ლევან ცუცქირიძეს შეხვედრის დროს.
„პროგრამას რომ გაეცნო, რაიმეს კითხვა უნდა დაიწყოს ამომრჩეველმა. ზოგადად, ძალიან ცოტას კითხულობს საზოგადოება, ჩვენი განათლების სისტემა არა ჩავარდნილი, არამედ ჩანგრეულია. იქედან როცა ადამიანები გამოდიან, არაფერი არ იციან, გარდა იმისა, თუ როგორ ჩააბარონ ტესტი უმაღლესში… ასეთ ამომრჩეველს როგორ უნდა მოსთხოვო წინასაარჩევნო პროგრამის კრიტიკული წაკითხვა.
განათლებული ამომრჩეველი სხვანაირ პოლიტიკოსს გთხოვს. ამიტომაცაა, რომ ჩვენთან პოლიტიკოსები განათლების რეფორმას არ აკეთებენ, – ურჩევნიათ, რომ გზა დააგონ, მერე აყარონ, ხელახლა დააგონ… განათლების რეფორმა, არის 15-წლიანი პროექტი.
ამიტომ მრავალპარტიული კონსენსუსი აუცილებელია, რომ სერიოზულ რაღაცებზე წინსწრებით იფიქრო. წინასაარჩევნოდ არა, მაგრამ არჩევნების შემდეგ ნახულობენ ხშირად ჩვენს გვერდს Prezidenti.ge, რომ შემდეგ პოლიტიკოსებს შეახსენონ წინასაარჩევნო დაპირებები.