მთავარი,სიახლეები

რაში ხარჯავენ ჩვენს ფულს ქართველი პოლიტიკოსები

24.11.2018 • 3062
რაში ხარჯავენ ჩვენს ფულს ქართველი პოლიტიკოსები

არჩევნები და ფული – ეს ერთ-ერთი თემა იყო, რაზეც ლევან ცუცქირიძემ, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელმა ბათუმში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. „ბათუმელები“ გთავაზობთ ჩანაწერს საჯარო გამოსვლიდან. ლევან ცუცქირიძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა საბანკო დავალიანების ჩამოწერის დაპირებასთან დაკავშირებითაც – რა საფრთხეს შეიცავს პოლიტიკურად, როცა ასიათასობით ადამიანს წინასაარჩევნოდ ვალების გასტუმრებას ჰპირდებიან.

„დავიწყებ იმით, რომ საქართველო ხარჯავს უზომოდ ბევრ ფულს პოლიტიკოსებზე. ჩვენ, ქართველი ამომრჩევლები, პოლიტიკოსებს ბევრს ვუხდით. შედარებისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვუხდით ბევრად მეტს პოლიტიკოსებს, ვიდრე, მაგალითად, ნორვეგიელები უხდიან. ამ დროს ნორვეგია არის ჰუმანური განვითარების ინდექსში ნომერ პირველი სახელმწიფო, საქართველო კი  57-ე ადგილზეა. საშუალო ნორვეგიელის ხელფასი არის 45 ათასი დოლარი წელიწადში, საშუალო ქართველის შემოსავალი – 4 ათასამდეა. მშპ-სთან შედარებით, ჩვენ ვიხდით 37-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე იხდიან ნორვეგიელები. ეტყობა, 37-ჯერ უფრო უკეთეს პოლიტიკას აკეთებენ ქართველები.

ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ძალიან მდიდარი პოლიტიკოსები. ხალხი, რომელსაც დავცინით კიდევ კენჭს იყრისო, რა ძალა ადგასო, ის ძალა ადგია, რომ კაი ფული იშოვება პოლიტიკაში.

როგორ იღებენ პოლიტიკოსები დაფინანსებას

მე გეტყვით, რა მექანიზმები არსებობს პოლიტიკაში ფულის შოვნისთვის: არსებობს პარტიების საბაზო დაფინანსება, ასევე, თუკი არჩევნებში 10 პროცენტზე მეტი აიღე, მილიონ ლარს მიიღებ ბიუჯეტიდან. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილმა აიღო წინასაარჩევნოდ სესხი „ქართუ ბანკისგან“, მას მილიონი ეკუთვნის, რადგან 10 პროცენტზე მეტი მიიღო და  სალომეს ჩვენ გავუსტუმრებთ ვალს.

მე არ ვაკრიტიკებ მოდელს, როცა სახელმწიფო ეხმარება პოლიტიკოსს. ოპოზიციის დიდი ნაწილის ხარჯი არის საბიუჯეტო და ეგ რომ არ ჰქონდეთ, საერთოდ ვერაფერს შეძლებდნენ, მაგრამ საჭიროა ზღვარი. ძალიან ცუდი რამ გააკეთა პარლამენტმა, როცა კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ცნება შეცვალა რეტროაქტიულით: თუკი პარტია ერთ მაჟორიტარს მაინც გაიყვანს პარლამენტში, ის მიიჩნევა კვალიფიციურ პარტიად და მაშინვე საბაზო დაფინანსება ენიშნება. აი, „მრეწველებს“ გაყვანილი ჰყავთ ერთი კაცი და გახდა კვალიფიციური – მისცეს მას საბიუჯეტო დაფინანსება, ათხოვეს დეპუტატები და შექმნა ფრაქციაც, რაც დამატებით დაფინანსებას მოიცავს. რეალურად, ამის ფულს ჩვენ ვიხდით. ამით კიდევ სხვა რაღაც მოხდა.

ჩვენ გვგონია, რომ ბევრი რამე არ გვეხება, რომ ეს საპარლამენტო მაქინაციებია და ასე შემდეგ, არ ვინტერესდებით. რეალურად კი ჩვენი ჯიბიდან ამოდის ძალიან დიდი ფული და მიდის პოლიტიკოსებთან. ვიწრო წრეშია ეს ფული კონცენტრირებული.

რაში ხარჯავენ ჩვენს ფულს პოლიტიკოსები

დეკლარირებული ხარჯების მიხედვით, წინასაარჩევნოდ დანახარჯების 90 პროცენტი მიდის რეკლამაში. ეგ ნიშნავს, რომ პარტიების წარმომადგენლებს ნაკლები სურვილი აქვთ ამომრჩევლებთან ურთიერთობების, პროგრამების მომზადების, ქალთა გაძლიერების, ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართვის და ასე შემდეგ. მთავარი არის შენი „მესიჯბოქსი“, ამას ქმნი და მიდის ფულის ქაჩვა რეკლამებზე. გარდა ამისა, ყველა პარტიას თავისი ტელევიზია აქვს და ეს ფული სად როგორ მოძრაობს, ვერც გამოიკვლევ.

სახელმწიფო, ასევე, აძლევს კანდიდატებს ფულს, რომ მათ საარჩევნო კამპანია აწარმოონ. მაგალითისთვის, შემიძლია ვინმეს გავუფორმო კონტრაქტი, რომ ჩემი სარეკლამო საქმიანობა აწარმოოს და მერე მეორე ჯიბეში რომ ჩამიდოს ეს ფული, ამის შესაძლებლობა არსებობს. აუდიტის სამსახურს რაღაც რომ გამოეკვლია ამ კუთხით, არ არსებობს…

ბევრი ხვრელია სპეციალურად შექმნილი, რომ ბევრმა ფულმა იმოძრაოს პოლიტიკაში. ეს ფული, გარდა იმისა, რომ ამ ხალხს ამდიდრებს, ხელს უშლის დამოუკიდებელი კანდიდატების გაძლიერებას, ასევე, პატარა პარტიებს, რომლებსაც, მაგალითად, სამპროცენტიანი ნდობა აქვთ ამომრჩევლის. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რატომ უნდა მიიღოს ამან დაფინანსება, მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა ისმოდეს ამომრჩევლის სამი პროცენტის ხმაც პარლამენტში, ერთპროცენტიანისაც უნდა ისმოდეს…

ყველაფერი ფულს არ უნდა დავაბრალოთ. ხშირად იქცევა ფული „განტევების ვაცად“ – ფული არ მქონდა და ამიტომ წავაგეო. თანამედროვე მედიამ ბევრი რამ შეცვალა: თუ არჩევნებს რეალურად აგებ, მაინცადამაინც ფული ვეღარ გიშველის. გასულ არჩევნებზე ალეკო ელისაშვილის თბილისის მერის ტურში მეორე ადგილზე გასვლა ამის კარგი მაგალითია… ქართველ პოლიტიკოსებს რომ ჰკითხო, უფულობაა მათი მთავარი პრობლემა, მაგრამ რეალურად პრობლემაა კარგი კანდიდატის არყოლა, ის, რომ ჩაკეტილია პარტია, კამპანიები არ უვარგათ…

რატომ რყვნის ფული პოლიტიკას

ბევრი ფული რყვნის დემოკრატიას. დემოკრატია ეფუძნება მოხალისეობას, თვითორგანიზებას, როცა ბევრი ფული შემოდის ყველგან და ყველაფერში, იწყება ღირებულებების ლპობა. განსაკუთრებით ახალგაზრდული მოძრაობებისთვის ძალიან სახიფათოა წინასაარჩევნოდ ფულების ჩამორიგება, ეს ახალგაზრდები ეგრევე ეჩვევიან, რომ ფული უნდა აიღოს ვიღაც ბიძიასგან და არა ის, რომ მოხალისეობრივად იდეას მხარი დაუჭიროს. თუ ყველა არჩევნებზე ფული იშოვება, მოხალისეობის იდეა ზარალდება. მე ბევრჯერ მინახავს დამკვირვებელი, რომელმაც არ იცოდა, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა.

კანდიდატებს ფული დამკვირვებლებისთვისაც ეძლევათ, მათ შორის, ტექნიკურ კანდიდატებს. ტექნიკური კანდიდატი კი ბევრი გვყავდა ამ არჩევნებზეც, ანუ კანდიდატი, რომელსაც პოლიტიკური წონა და ცნობადობა არ აქვს.

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ პოლიტიკოსებს ტყუილად არ აძლევენ ფულს ბიზნესმენები. ბიზნესმენებმა იციან, რომ მათ ინტერესებს დაიცავენ ეს პოლიტიკოსები წარმომადგენლობით ორგანოებში. ამიტომაცაა, რომ კანდიდატები წინასაარჩევნოდ გვესაუბრებიან იმაზე, რომ მშენებლობა პრობლემაა, არჩევნების შემდეგ კი ვხედავთ კორპორატიული ინტერესებით მოსყიდულ პოლიტიკურ ჯგუფებს პარლამენტში.

მე ვსაუბრობ დეკლარირებულ ხარჯებზე, არადეკლარირებული ფული კიდევ როგორ იხარჯება, რთული დასადგენია. ჩემი ინფორმაციით, არადეკლარირებული ხარჯები პოლიტიკური სუბიექტების დეკლარირებული დანახარჯების დაახლოებით 90 პროცენტია. გამოდის, რომ ჩვენ, რეალურად, ნორვეგიელებთან შედარებით 37 პროცენტით მეტს კი არ ვუხდით პოლიტიკოსებს, არამედ, 74 პროცენტით მეტს ვუხდით.

ეკონომიკური პოპულიზმი პოლიტიკაში

დავალიანება „შავ სიაში“ მყოფი ადამიანებისთვის ჯერ არ ჩამოუწერიათ, მათ დაჰპირდნენ, ჩამოგაწერთო… მე აბსოლუტურად არ მჯერა, რომ მილიარდ-ნახევარს ვინმე, უბრალოდ, გადაიხდის.

ეს ეკონომიკური საფრთხეა, რომელიც შეიძლება შემდეგ პოლიტიკურ საფრთხედ გადაიქცეს. შესაძლებელია, საფინანსო ინსტიტუტებმა საკრედიტო პორტფელი შეამცირონ და ესეც კიდევ პრობლემად იქცეს… ეკონომიკური პოპულიზმი თუ გახდა პოლიტიკური ქმედების საფუძველი, ეკონომიკა ძალიან აირევა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: