მთავარი,სიახლეები

უბისა-შორაპნის ახალი გზისთვის 902 მილიონამდე ლარი დაიხარჯება – ავტობანი რიკოთზე

22.11.2018
უბისა-შორაპნის ახალი გზისთვის 902 მილიონამდე ლარი დაიხარჯება – ავტობანი რიკოთზე

რიკოთის უღელტეხილზე ახალი გზის მშენებლობისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მორიგი ხელშეკრულება გააფორმა. ამჯერად, უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობისთვის ხელშეკრულება ჩინურ კომპანია China Road and Bridge Corporation-თან 901 973 206 ლარზე გაფორმდა.

უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4-ზოლიანი 13 კმ-იანი გზა,  27  ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოები  ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხით დაფინანსდება. პროექტის განხორციელების ვადა, ხელშეკრულების მიხედვით,  2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდეა განსაზღვრული. თუმცა სხვა პროექტებს რომ გადავხედოთ, უმეტეს შემთხვევაში სამუშაოების დასრულების ვადები გახანგრძლივებულია.

რიკოთზე დაგეგმილი ავტობანი ოთხი მონაკვეთისგან შედგება:

I სექცია – ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი – 11,7 კმ.
II სექცია – ხევი-უბისას მონაკვეთი – 12,2 კმ.
III სექცია – უბისა-შორაპნის მონაკვეთი – 13 კმ.
IV სექცია – შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი – 14,7კმ.

აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალის დასრულებული, მშენებარე და დაგეგმილი მონაკვეთები წითელი ხიდიდან სარფამდე / წყარო: გზების დეპარტამენტი

დეპარტამენტს ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვისაც, 732 296 478 ლარზე, ხოლო ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ტენდერია გამოცხადებული, სადაც სატენდერო თანხა 376 962 285 ლარია.

რაც შეეხება შორაპანი-არგვეთას მონაკვეთს, დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები და მშენებლობის ღირებულება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გასაჯაროვდება.

რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/169557/

მთავარი ფოტო: ავტობანი რიკოთზე / ფოტომონტაჟი / გზების დეპარტამენტის ვიდეორგოლიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: