მთავარი,სიახლეები

რატომ არ იწყება ჭაობის ქუჩების რეაბილიტაცია ბათუმში – დავა ექვსმილიონიანი ტენდერისთვის

07.11.2018 • 2106
რატომ არ იწყება ჭაობის ქუჩების რეაბილიტაცია ბათუმში – დავა ექვსმილიონიანი ტენდერისთვის

აქვს თუ არა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთ კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტისადმი დავალიანება? – მხოლოდ ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე პასუხის შემთხვევაში გადაწყდება 6-მილიონიანი ტენდერის ბედი, რომლის ფარგლებშიც ბათუმში, „ჭაობის დასახლებაში“ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს. სახელმწიფო უწყებებში ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, ტენდერის პროცედურა კი მეოთხე თვეა გრძელდება.

ტენდერის მოსაგებად ამ ეტაპზე ორი კომპანია – „დაგი“ და „ზიმო 7“ იბრძვის. სატენდერო პირობის თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბიუჯეტისადმი დავალიანება არ უნდა ჰქონდეს. დოკუმენტების მიხედვით კი, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულია ორი ცნობა, რომლის მიხედვითაც ერთ შემთხვევაში არ ჩანს, რომ ერთ-ერთ პრეტენდენტს – „დაგს“ გააჩნია ასეთი დავალიანება, მეორე შემთხვევაში კი კომპანიას დავალიანება აქვს.

ტენდერის მოსაგებად ამ ორ კომპანიას შორის დავა შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში მიმდინარეობს, რომელსაც საჩივრით ხან ერთი კომპანია მიმართავს და ხან – მეორე.

„დაგს“ სატენდერო კომისიამ თავდაპირველად დისკვალიფიკაცია მისცა. კომპანიამ კომისიის გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა, საბჭომ კი მისი საჩივარი დააკმაყოფილა. აქედან გამომდინარე, კეთილმოწყობის სამმართველო იძულებული გახდა შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება და „დაგი“, რომელსაც ადრე დისკვალიფიკაცია მისცა, მიიწვია ხელშეკრულების გასაფორმებლად.

თავის მხრივ, კომისიის ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტმა – „ზიმო 7“-მა, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე აცხადებს, რომ „დაგს“ სახელმწიფო ბიუჯეტისადმი დავალიანება აქვს.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიამ „დაგს“ ხელახლა მისცა დისკვალიფიკაცია, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ერთ-ერთი ცნობის საფუძველზე მიიჩნია, რომ კომპანიას გააჩნდა ბიუჯეტისადმი დავალიანება. კომისიის გადაწყვეტილება კომპანიამ კვლავ გაასაჩივრა.

[red_box]დავების საბჭოში წარდგენილი დოკუმენტებიდან:[/red_box]

„თავად შემსყიდველმა [სატენდერო კომისიამ – ავტ.] აღნიშნა, რომ წარმოდგენილი იყო ორი ცნობა, გაცემული ერთი თარიღით, რომელთაგან ერთის შესაბამისად ფიქსირდება დავალიანება, ხოლო მეორე საწინააღმდეგოზე მიუთითებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს თავად გამოეთხოვათ ცნობა და საკითხში გარკვეულიყვნენ. მიღებული პასუხის შესაბამისად, ორი კონკრეტული თარიღის მონაცემებით, ჩვენს კომპანიას ერიცხება სალდირებული ზედმეტობა, აღრიცხულია თანხები, რომლებიც აღიარებული არ არის და არსებობს შეთანხმება, რომლის შესაბამისად, ვალდებულების გადახდის თარიღი არის 2019 წლის 7 აპრილი…

დავალიანება არის ვადამოსული ვალდებულება, როდესაც რისი გადახდის ვალდებულებაც მქონდა, ის დროულად არ გადავიხადე, ხოლო ჩვენ შემთხვევაში არსებობს ვალდებულება, დადგენილია ვადები და გადახდაც შესაბამისად ხორციელდება.

ის დოკუმენტი, რომელიც შემსყიდველმა გამოითხოვა, ჩვენი თანხმობით გაიცა, რადგან კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავს. თანხმობა გავეცით უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის და ახლა უკვე აშკარა უნდა იყოს, რომ შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ჩვენ გვერიცხება სალდირებული ზედმეტობა და გაფორმებული გვაქვს შეთანხმება, რომლის შესაბამისად კონკრეტული გრაფიკით ვიხდით ვალდებულებას. აქ აქცენტი სწორედ იმაზე უნდა გაკეთდეს, რომ ვალდებულებაზეა საუბარი და არა დავალიანებაზე“, – აცხადებს „დაგი“.

„ვერ გავიზიარებთ საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ „კომპანიის აღიარებული საგადასახადო დავალიანება გარდაიქმნა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებად“, ვინაიდან საგადასახადო დავალიანების ტრანსფორმაციის შესაძლებლობას არც საგადასახადო კოდექსი და არც კანონქვემდებარე აქტები არ იცნობს…

არ ვამბობთ იმას, რომ მომჩივან ორგანიზაციას ცუდი ფინანსური მდგომარეობა გააჩნია და ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში სამუშაოებს ვერ შეასრულებს. ლაპარაკი გვაქვს სუფთა სამართლებრივ მხარეზე – დადგენილია, რომ პრეტენდენტს სახელმწიფოს მიმართ დავალიანება არ უნდა გააჩნდეს და ამას მომჩივანი ვერ აკმაყოფილებს“, – ეს „ზიმო 7“-ის პოზიციაა.

დავების საბჭომ თავი აარიდა იმას გარკვევას, გააჩნდა თუ არა დავალიანება „დაგს“. კომპანიის ბოლო სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიას დაავალა, წარდგენილი დოკუმენტაცია ხელახლა განიხილოს.

ამონარიდი დავების საბჭოს გადაწყვეტილებიდან:

„საბჭო აღნიშნავს, რომ სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მიერ გაცემული ცნობები წარმოადგენს თანაბარი მნიშვნელობის დოკუმენტებს… სატენდერო კომისია არ მსჯელობს იმ საკითხზე, თუ რის საფუძველზე მიანიჭა უპირატესობა მხოლოდ ერთ ცნობაში მითითებულ ინფორმაციას და მასზე დაყრდნობით რატომ მიიღო გადაწყვეტილება… სატენდერო კომისიას დეტალურად უნდა ემსჯელა ზემოხსენებულ საკითხზე და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

შპს „დაგიმ“ წარმოადგინა შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 29 აგვისტოს წერილი, რომელშიც მითითებულია: „შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით (29.08.2018 წლის მდგომარეობით) გაცნობებთ, რომ შპს „დაგი“-ს 17.08.2018 წლის მდგომარეობით ერიცხება სალდირებული ზედმეტობა 284 662.51 ლარი. ამასთან, შპს „დაგის“ პირადი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც არ არის აღიარებული (17.08.2018 წლის მდგომარეობით) შეადგენს 3 372 395.96 ლარს.“

შპს „ზიმო-7“-ის მიერ კი წარმოდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 8 ოქტომბრის წერილი, რომელშიც მითითებულია: „შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებზე დაყრდნობით გაცნობებთ, რომ 2018 წლის 31 ოქტომბრის 10:53 სთ-ის მდგომარეობით შპს „დაგის“ სახელზე ფიქსირდება საგადასახადო დავალიანება 3 354 041.79 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით ფიქსირდება საგადასახადო დავალიანება 3 087 737 ლარის ოდენობით.“

ხაზგასასმელია, რომ შპს „დაგის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ შემოსავლების სამსახურის ცნობაში მითითებულ თარიღამდე – 2018 წლის 17 აგვისტომდე, შემოსავლების სამსახურსა და შპს „დაგის“ შორის საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე (2018 წლის 15 აგვისტოს) გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი.

საბჭო მიიჩნევს, რომ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ სატენდერო კომისიამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა იმსჯელოს იმ საკითხზე, თუ რამდენად ჰქონდა შპს „დაგის“ ბიუჯეტის წინაშე დავალიანება ზემოხსენებულ ცნობაში მითითებული თარიღისთვის – 2018 წლის 17 აგვისტოსთვის. ასევე, რამდენად მიიჩნევა შემოსავლების სამსახურსა და შპს „დაგის“ შორის გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება ბიუჯეტის წინაშე დავალიანების ქონად (რის საფუძველზე) და რამდენად გათვალისწინებულია (ან საერთოდ უნდა იყოს თუ არა გათვალისწინებული) აღნიშნული თანხა შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს ცნობაში და მხოლოდ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის შედეგად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“.

რამდენად მიიჩნევა შემოსავლების სამსახურსა და შპს „დაგის“ შორის გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება ბიუჯეტის წინაშე დავალიანების ქონად – ამ საკითხის გასარკვევად „ბათუმელები“ შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა.

„საგადასახადო შეთანხმების დეტალებისა და კონკრეტული კომპანიების შესახებ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, ვინაიდან ეს არის საიდუმლო ინფორმაცია. რაც შეეხება იმას, თუ ზოგადად, ასეთი შეთანხმება შედგა და დავალიანების მქონე ამა თუ იმ კომპანიას განესაზღვრა გარკვეული პერიოდი მის დასაფარად, ეს ცალსახად ნიშნავს, რომ ამ კომპანიას გააჩნია დავალიანება, მიუხედავად ასეთი შეთანხმებისა“, – გვითხრეს შემოსავლების სამსახურში.

„სატენდერო კომისია საკითხზე მსჯელობს და თავის გადაწყვეტილებას ამ დღეებში გაასაჯაროებს“, –  უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიაში.

„დაგი“ ასევე აცხადებს, რომ „გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი კომპანია თეთრ სიაში იყო აქამდეც და ახლაც, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა ჩვენი კეთილსინდისიერი პრეტენდენტების სიაში ყოფნა. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება თავად დავების საბჭოს უნდა მიეღო და არ არსებობდა საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. თუკი ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდება, ფაქტი იქნება, რომ შემსყიდველს მიღებული აქვს არასამართლიანი გადაწყვეტილება, ხოლო დავების საბჭომ ამაზე თვალი დახუჭა“.

„თეთრ სიაში ყოფნას რაც შეეხება, ჩემმა მარწმუნებელმა [ზიმო 7“-მა – ავტ.] არ გადააბიჯა ბიზნესეთიკის გარკვეულ ნორმებს და იგივე ცნობა, რომელიც კომპანიის დავალიანებას ადასტურებდა, თეთრი სიიდან მათი ამოღების პროცესის დასაწყებად, გამიზნულად არ წარადგინა“, – აღნიშნულია „ზიმო 7“-ის წარმომადგენლის განცხადებაში.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ „ჭაობის დასახლებაში“ გარკვეული ქუჩების კეთილმოსაწყობად ტენდერი 2018 წლის 7 ივლისს გამოაცხადა, თუმცა გამარჯვებული ამ დრომდე გამოვლენილი არ არის. ამ ტენდერზეა დამოკიდებული შემდეგი ქუჩების მოწესრიგება: ბაგრატიონის შესახვევი; გურამიშვილის ქუჩა; გურამიშვილის შესახვევი; მელიქიშვილის I შესახვევი; ოსტროვის I შესახვევი; სააკაძის ქუჩა; სააკაძის შესახვევი; ჩოლოყაშვილის II შესახვევი.

სარეაბილიტაციო ქუჩები „ჭაობის დასახლებაში“ / ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: