სულხან სალაძე: „პრეზიდენტმა გვითხრა, ჩემ შემდეგ სასამართლო სისტემაში ქვა ქვაზე ნუ დარჩებაო“


„პრაქტიკულად ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა გვითხრა: მე მივდივარ და ჩემ შემდეგ სასამართლო სისტემაში ქვა ქვაზე ნუ დარჩება,“ – ამბობს სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე საუბრის დროს – დღეს გაირკვა, რომ გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ დაასახელებს.

ამის მიზეზად პრეზიდენტმა ფართო კონსენსუსის არარსებობა დაასახელა. სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა შანსი გაუშვა, სასამართლო სისტემაში მოსულიყო ადამიანი, რომელიც სისტემურ რეფორმებს გაატარებდა.

ბატონო სულხან, რატომ ვერ შედგა კონსენსუსი, რაზეც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დღეს ისაუბრა? 

მე მგონია, რომ მთავარი პრობლემა ამ ამბისა არის  ის, რომ პრეზიდენტს აბსოლუტურად სხვაგვარად წარმოედგინა ეს პროცესი. პრეზიდენტს სურდა, სამოქალაქო ორგანიზაციებს დაესახელებინათ კანდიდატი… ცუდი ის იყო, რომ  პრეზიდენტმა პრაქტიკულად არ დატოვა შესაძლებლობა სხვა, ალტერნატიული ვარიანტი განხილულიყო – როგორ შეიძლებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა კონსენსუსის საფუძველზე. ამ განცხადების შემდეგ, რაც დღეს მოვისმინეთ, მგონია, რომ ვინმესთვის გადაბრალება ან თითის გაშვერა, რომ პრეზიდენტი ამიტომ და ამიტომ აღარ წარადგენს კანდიდატს, არაა სწორი გადაწყვეტილება.

ყველას რომ უარი ეთქვა ამ კონსულტაციების პროცესში მონაწილეობაზე, პრეზიდენტს მაინც უნდა დაესახელებინა კანდიდატი, რადგან ეს იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი და ეს იყო ბოლო შანსი სასამართლო სისტემაში მოხვედრილიყო ადამიანი თავმჯდომარის პოსტზე, ვისაც შესაძლებლობა ექნებოდა, გარკვეული ტიპის რეფორმისტული ხედვა გაეტარებია ამ პოზიციაზე.

თქვენი დაკვირვებით, პრეზიდენტს ამის სურვილი არ ჰქონდა? 

რა თქმა უნდა, არ არსებობს გარანტია, რომ რაც უნდა კარგი კანდიდატი დაესახლებინა პრეზიდენტს, პარლამენტი მას მხარს დაუჭერდა, მაგრამ ამაზე საუბარი შეიძლებოდა შემდეგ. თუკი პრეზიდენტი დაასახელებდა ღირსეულ კანდიდატს და პარლამენტი მას მხარს არ დაუჭერდა, ყველა დაიწყებდა სახელისუფლებო ძალის და „ქართული ოცნების“ კრიტიკას და არა პრეზიდენტის.

ჩვენ ვლაპარაკობთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე. ვსაუბრობთ შემთხვევაზე, რომელიც თავისი არსით იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ვიცით ასევე, რომ „ქართული ოცნება“ არ მონაწილეობდა კონსულტაციებში. ამის მიუხედავად, მგონია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა, რომ შერჩეულიყო ღირსეული კანდიდატი. მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანის მისვლა [სასამართლოში], ვისაც ხელეწიფება თავისი სტატუსით, გამოცდილებით და ხედვით შეცვალოს არსებული პრობლემები სასამართლო სისტემაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მე, პირადად, მქონდა სამი შეხვედრა, 20 აგვისტოს უშუალოდ პრეზიდენტს შევხდით. ძალიან ბევრი არგუმენტი დასახელდა, თუ რატომ ვერ იმუშავებდა ეს პროცესი. პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა ამდენი ორგანიზაციის კონსენსუსამდე მისვლა, თანაც დარჩენილ 14 დღეში. შეხვედრებზე დასახელდა რამდენიმე გვარი და შეიძლებოდა ამ ადამიანებიდან რომელიმეზე გაეკეთებინა პრეზიდენტს არჩევანი.

ის, რომ პრეზიდენტი ხედავდა პროცესს განსხვავებულად, ეს არ უნდა გამხდარიყო იმის მიზეზი, რომ მას კანდიდატის დასახელებაზე უარი ეთქვა. კარგი კანდიდატის შემთხვევაში, ეს იქნებოდა პოლიტიკური დისკუსიის საგანი და თუ მასზე უარს იტყოდა პარლამენტი, იტყოდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ამის დემონსტრირება კიდე ერთხელ მოხდა, მაგრამ აქამდე არ მიიყვანა პრეზიდენტმა საქმე.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაასახელეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს. ეს რა საფრთხეებს შეიცავს, თქვენი აზრით? 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატი უნდა დაასახელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისგან. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და უამრავი გადაწყვეტილება გვინახავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, რომელიც რაღაც კორპორატიულ გაერთიანებად იქცა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს, სასამართლო სისტემა უფრო ჩაკეტილი და ძლიერი გახადოს გარედან რეფორმების უარყოფის მიმართულებით. ამ პროცესში ძალიან იოლია წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება მივიღოთ: შესაძლოა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასახელოს კანდიდატი, რომელიც არ იქნება ისეთი, ვისზეც ერთმნიშვნელოვნად იტყვი, რომ ეს ცუდი კანდიდატია, ან ეს კანდიდატი დაკავშირებულია რომელიმე ჯგუფთან, მაგრამ მგონია, რომ ეს კანდიდატი შეიძლება იყოს სასამართლოს სისტემისთვის უფრო საშიში. ასეთი ადამიანები არ იმუშავებენ რეფორმების ჩატარებაზე, რაც სასამართლო სისტემას სასიცოცხლოდ სჭირდება.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი