Batumelebi | საქართველომ და თურქეთმა საზღვარზე სიგარეტის შეტანის წესები გაამკაცრეს საქართველომ და თურქეთმა საზღვარზე სიგარეტის შეტანის წესები გაამკაცრეს – Batumelebi
RU | GE  

საქართველომ და თურქეთმა საზღვარზე სიგარეტის შეტანის წესები გაამკაცრეს

საქართველოდან თურქეთში სიგარეტის შეტანის რეგულაციები შეიცვალა. თუ საქართველოდან თურქეთში გადამსვლელ მგზავრს შეეძლო გარკვეული რაოდენობის სიგარეტი ერთი თვის განმავლობაში 10-ჯერ გადაეტანა, დღეს ეს მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი.

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, საქართველოდან თურქეთში შემსვლელ მგზავრებზე არსებულ საბაჟო შეღავათებში ცვლილებები თურქეთის ვაჭრობის მინისტრის 2018 წლის 9 ივლისის თანხმობისა და საბაჟო დეპარტამენტის დირექტორის განკარგულებით შევიდა.

„ადრე მოქალაქეს უფლება ეძლეოდა 30 დღის განმავლობაში 10-ჯერ ესარგებლა შეღავათით და საქართველოდან თურქეთში შემოეტანა 600 ღერი სიგარეტი. ახალი განკარგულებით კი, საქართველოდან შემოსულ პირებს შეუძლიათ თვეში ერთხელ შემოიტანონ საქართველოში შეძენილი სიგარეტი, ხოლო 9-ჯერ შეიძინონ ადგილზე, თურქეთის საბაჟოს DUTY-FREE-ს ქსელში [და გადაიტანონ თურქეთში]“ – განმარტავენ ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოში.

ანალოგიური ინფორმაცია მოგვაწოდა თურქეთის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ ბათუმში. ანუ, თვეში ერთხელ, მოქალაქეს შეუძლია თურქეთში გადაიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი 3 ბლოკი სიგარეტი. ამასთან, შეუძლია იგივე რაოდენობით სიგარეტი იმავე თვეში 9-ჯერ შეიძინოს თურქეთის საბაჟოს მხარეს არსებულ DUTY-FREE-ს ქსელში და შეიტანოს თურქეთში.

საქართველოს საბაჟოზე კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოქალაქეს შეუძლია 2 ბლოკი [400 ღერი] სიგარეტის გადატანა თურქეთში თვეში ერთხელ, თუ ის ამ თვეში პირველად კვეთს საზღვარს [თუმცა საბაჟოზე ისიც გვითხრეს, რომ ეს არ არის თურქული მხარის მიერ ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაცია]. ანუ, თუ მოქალაქე, მაგალითად 2 ივლისს იმყოფებოდა თურქეთში და არ გადაუტანია სიგარეტი, მას არც დღეს და არც ამ თვის ბოლომდე, საქართველოში შეძენილ სიგარეტს თურქეთში აღარ შეატანინებენ. თუმცა, საქართველოდან თურქეთში მიმავალ მოქალაქეს შეუძლია სიგარეტი შეიძინოს თურქულ მხარეს არსებულ DUTY-FREE-ს ქსელში და შეიტანოს თურქეთში.

იგივე გვითხრა ერთ-ერთმა პირმა, რომელსაც სიგარეტი რეგულარულად გადაჰქონდა თურქეთში: „სარფის საბაჟო ჩვენნაირი ადამიანებისგან თითქმის დაცარიელდა – ამ პირობებში სიგარეტის გადატანა შეუძლებელიცაა და აზრიც არ აქვს. ახლა, თვეში ერთხელ, ისიც ამ თვეში მხოლოდ პირველივე გადასვლაზე შეგვიძლია გადავიტანოთ ქართულ მხარეს არსებულ DUTY-FREE-ში ნაყიდი 2 ბლოკი სიგარეტი და 1 ლიტრი სასმელი. 3 ბლოკი რომ გინახონ, დეპორტს გირტყამენ. ვფიქრობთ, რომ ეს რეგულაციები დროებითია და ალბათ  შეიცვლება“.

ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, „მოქალაქეს, საქართველოში შეძენილი 3 ბლოკი სიგარეტის თურქეთში შეტანა შეუძლია ერთხელ, ოღონდ ერთი კალენდარული თვის განმავლობაში, პირველსავე საზღვრის კვეთის დროს [ანუ, თუ მაგალითად, 2 აგვისტოს გადაკვეთთ საზღვარს და არ გადაიტანთ სიგარეტს, სხვა დროს ამავე თვეში გადასვლისას ვთქვათ 10 ან 20 აგვისტოს, საქართველოში შეძენილი სიგარეტის გადატანის უფლება აღარ გექნებათ – ავტ.]. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს ეს 3 ბლოკი სიგარეტი შეძენილია ქართულ მხარეს არსებულ DUTY-FREE-ში, თუ სხვა ადგილზე“. 

აღსანიშნავია, რომ სიგარეტის იმპორტის რეგულაციები საქართველოს მხარემ დაახლოებით 5 თვით ადრე გაამკაცრა, ვიდრე თურქული მხარე დააწესებდა ახალ რეგულაციას.

ქართული მხარის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობაში 2018 წლის 31 იანვარს შევიდა ცვლილებები, რომლითაც მოქალაქეს საქართველოში 30 დღის განმავლობაში შეუძლია შემოიტანოს მხოლოდ ერთი ბლოკი [200 ღერი] სიგარეტი. ამ ცვლილებამდე კი, საქართველოში, ერთი თვის განმავლობაში, შესაძლებელი იყო 2 ბლოკი სიგარეტის შემოტანა.

ანუ, სიგარეტის შემოტანაზე საქართველოს რეგულაცია გაცილებით მკაცრია, ვიდრე თურქეთის მიერ დაწესებული რეგულაცია. აქედან გამომდინარე, თურქული მხარის მიერ რეგულაციის ცვლილება, ქართული მხარის გადაწყვეტილების ერთგვარ საპასუხო ნაბიჯადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

რატომ გაამკაცრა რეგულაციები საქართველომ სიგარეტის შემოტანაზე? – საქართველოს საბაჟო დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება არა მარტო სარფის, არამედ ლაგოდეხის [საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე] და სხვა გამშვებ პუნქტზე რიგებისა და კონტრაბანდული ტვირთების შემცირების მიზნით მოხდა.

„მაგალითად, სიგარეტზე აქციზის გადასახადი აზერბაიჯანში, ჩვენთან შედარებით, დაბალია… სიგარეტის გადატანა-გადმოტანაში ჩაერთო საზღვრისპირა დასახლებების მოსახლეობა, იმატა კონტრაბანდამ, ეს კი ჩვენი ეკონომიკისთვის იქნებოდა დარტყმა. მიმდინარე წლიდან გამკაცრდა რეგულაციები მხოლოდ სახმელეთო მიმოსვლაზე. საჰაერო მიმოსვლისას რეგულაციები არ შეცვლილა და ის ევროდირექტივებს შეესაბამება“, – გვითხრეს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტში.

ორი ქვეყნის მიერ შეცვლილი რეგულაციები შეეხო ალკოჰოლურ სასმელებსაც.

სარფის საზღვარზე სიგარეტისა, თუ სასმელის გადატანით [ასევე თურქეთიდან საქართველოში შემოტანით] არაერთი მოქალაქე იყო დაკავებული. სარგებლობდნენ რა შეღავათებით, იყვნენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ძირითადად, სიგარეტის გადატანაზე „მუშაობდნენ“, მათი დახმარებით კი გარკვეულ პირებს საქართველოდან გადაჰქონდა [ხშირად ფარულად] სიგარეტი და საზღვართან, ან საზღვართან ახლოს მდებარე თურქეთის ქალაქებში მაღაზიებში აბარებდნენ. ისევე როგორც ქართული მხარე, თურქული მხარეც, ასეთი გზით ქვეყანაში შესულ საქონელს, კონტრაბანდად განიხილავს.

სარფი / საქართველო-თურქეთის საზღვარი / სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფი“ / მანანა ქველიაშვილის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com