სიახლეები

კომპანია „მეტრო ჯორჯია პეტროლმა“ გონიოს ციხესთან, არქეოლოგიურ ზონაში ტრაქტორი შეიყვანა

11.07.2018 • 3060
კომპანია „მეტრო ჯორჯია პეტროლმა“ გონიოს ციხესთან, არქეოლოგიურ ზონაში  ტრაქტორი შეიყვანა

გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, არქორლოგიურ ზონაში, კომპანიამ მძიმე ტექნიკა შეიყვანა, პარალელურად აგრძელებენ სამშენებლო ნარჩენების შეტანას. ამის გამო ცოტა ხნის წინ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ პოლიციის გონიოს განყოფილებას მიმართა. ტერიტორია „მეტრო ჯორჯია პეტროლს“ ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ამჯერად სამშენებლო მასალები არ შეაქვთ:

„ჩვენ მხოლოდ ორი მანქანა სამშენებლო მასალები შევიტანეთ იმისათვის, რომ ტერიტორია მოგვესუფთავებინა. შემდეგ კი იქ მოსახლეობამ დაიწყო ნაგვის დაყრა. ამჯერად კი შევიყვანეთ ტრაქტორი, რომ გამოვიტანოთ ის მასალები, რაც უკვე შეტანილია და ტერიტორია მოვასწოროთ, ამის თაობაზე პოლიციის განყოფილებიდანაც დაგვიკავშირდნენ“, – ამბობს კომპანიის დირექტორი თენგიზ მიქელაძე.

მისი მონაყოლისგან აბსოლუტურად განსხვავებული სურათია იმ კადრებში, რომელსაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი „ფეისბუქზე“ ავრცელებს. ის ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

როგორც სატელეფონო საუბარში გვითხრა, პოლიცია უკვე გამოიძახა და რამდენიმე წუთში ადგილზე იქნება სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მირზა ცეცხლაძეც.

 

კომპანიის დირექტორი კი ამბობს, რომ არ იცის ვის შეაქვს სამშენებლო მასალები მათ კუთვნილ ტერიტორიაზე და აპირებს ამ საკითხის გარკვევას.

გონიოს ციხის მიმდებარედ, არქეოლოგიური დაცვის ზონაში, სამშენებლო ნარჩენები დაახლოებით ორი კვირის წინ შეიტანეს. კანონდარღვევა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დააფიქსირა, რის შემდეგაც პოლიციის გონიოს განყოფილებას მიმართეს და ფოტომასალაც მიაწოდეს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის მეორმოცე მუხლით, არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას, მისი აღქმის გაუარესებას ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის ჩატარებას.

ამ მუხლის ერთ-ერთი პუნქტი უშუალოდ ნარჩენების დაყრას ეხება და კრძალავს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების, აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების დროს დაგროვილი ფუჭი ქანების დაყრას“ არქეოლოგიურ ზონაში.

არქეოლოგიური დაცვის ზონის რეჟიმის დარღვევა იწვევს ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კოდექსის 254-ე მუხლის მესამე პუნქტით.

ამავე თემაზე: „მეტრო ჯორჯია პეტროლმა“ გონიოს ციხესთან სამშენებლო ნარჩენები დაყარა – დაწყებულია გამოძიება

 

 

 

გადაბეჭდვის წესი