მთავარი,სიახლეები

მივა თუ არა აუდიტის სამსახურის უფროსი უმაღლეს საბჭოში

29.06.2018
მივა თუ არა აუდიტის სამსახურის უფროსი უმაღლეს საბჭოში

„აუდიტის სამსახურის უფროსობის კანდიდატი სხდომას არც კი დასწრებია, ისე განიხილა კომიტეტმა მისი საკითხი,“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონი. უმაღლეს საბჭოს აჭარის აუდიტის  დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტმა კახაბერ კირტავას კანდიდატურა შესთავაზა. კახაბერ კირტავა ამ თანამდებობაზე მოვალეობას 2011 წლიდან ასრულებს.

აჭარის აუდიტის დეპარტამენტის უფროსს გენერალური აუდიტი ამტკიცებს, თუმცა კანონის მიხედვით, მას უმაღლესი საბჭოს თანხმობა სჭირდება. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ამ დრომდე უმაღლესი საბჭო კირტავასთვის თანხმობის მიცემაზე უარს ამბობდა. „ახლა როგორც ჩანს, დავალება მიიღეს და დაამტკიცებენ ისე, რომ კირტავა სხდომასაც არ დაესწრება“, – დასძენს დეპუტატი.

კახაბერ კირტავას კანდიდატურას უმაღლესმა საბჭომ პლენარულ სხდომაზე უნდა დაიჭიროს მხარი, მანამდე კი, საკითხი კომიტეტებმა უნდა განიხილონ. აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, განათლების და უფლებათა დაცვის კომიტეტებმა დღევანდელ სხდომაზე საკითხის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.

რატომ არ მოიწვია კახარ კირტავა კომიტეტებმა სხდომაზე, სადაც მისი დანიშვნის საკითხი განიხილებოდა – პრესსამსახურის განმარტებით, ამ ეტაპზე კომიტეტებმა მხოლოდ პროცედურული საკითხები განიხილეს, კახაბერ კირტავას კი, პლენარული სხდომისთვის მოიწვევენ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.