მთავარი,სიახლეები

რატომ იყენებენ სტუდენტები Mail.ru-ს?

22.06.2018
რატომ იყენებენ სტუდენტები Mail.ru-ს?

დათო ბოლქვაძე ერთ-ერთია სტუდენტებს შორის, ვინც ელექტრონული კომუნიკაციისთვის Mail.ru-ს იყენებს. დათო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. ამბობს, რომ რუსულ ელექტრონულ ფოსტას მისი თანატოლებიც აქტიურად იყენებენ.

რატომ ანიჭებენ უპირატესობას ახალგაზრდები Mail.ru-ს?  – „ძალიან მარტივია ფაილების გადასაგზავნად და ამიტომ ვიყენებ უკვე ხუთი წელია. ვიცი, რომ არსებობს სხვა ფოსტებიც, მაგრამ მე ეს მირჩევნია, შეჩვეული ვარ,“ – გვიყვება დათო.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, სტუდენტი მიიჩნევს, რომ დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერ სხვა ფოსტაში ნახავენ მის მიმოწერას. „დაცული არც ერთი არაა, ჩემი აზრით. არ მაქვს ინფორმაცია, რომ Mail.ru სპეცსამსახურებისგან პირდაპირ კონტროლდება,“ – დასძენს ის.

„სტატისტიკა და კვლევა არ გვიწარმოებია, მაგრამ დაახლოებით სტუდენტების 30-40 პროცენტი იყენებ Mail.ru-ს“, – ამბობს მერაბ დიასამიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი. მას სტუდენტებისგან ხშირად ესმის ერთმანეთისთვის დასმული შეკითხვა: „რომელია შენი Mail.ru?“

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს და ლექტორ-მასწავლებლებს Gmail-ზე შექმნილ მეილს სთავაზობს. ამის მიუხედავად, სტუდენტების ნაწილი ოფიციალურ დოკუმენტებში საკონტაქტო ინფორმაციად მაინც Mail.ru-ზე შექმნილ ელექტრონულ ფოსტას უთითებს.

„იყო შემთხვევები, როცა გვეუბნებოდნენ სტუდენტები, რომ ფოსტა არ შეუმოწმებიათ, ან პაროლი დაავიწყდათ, ამიტომაც ჩვენ ჩავრთეთ ისინი ერთიან პორტალში. პირად ელექტრონულ ფოსტად ისინი ხშირად მაინც Mail.ru-ს იყენებენ. ამის გამო გვაქვს კამათიც. ვეუბნები, რომ გამოიყენონ Gmail-ი, რადგან Google-ს მინიმუმ სხვა რესურსები აქვს, რომელიც შეიძლება აქტიურად გამოიყენონ. ჩემი აზრით, ჩვენს საზოგადოებაში ზოგადად არ არსებობს ელექტრონული ფოსტის გამოყენების კულტურა. ადამიანები არ იყენებენ ელექტრონულ ფოსტას, მათ არ სჭირდებათ ეს სერვისები.  ვერ ვიტყვი, რომ ენის ბარიერია, რადგან ახალგაზრდა თაობამ ინგლისური უკეთესად იცის, ვიდრე რუსული. ეს უფრო სტერეოტიპის შედეგია, რომ ელექტრონული ფოსტა Mail.ru უნდა იყოს. კვლევა ამ მიმართულებით არ ჩაგვიტარებია, რომ ვიცოდეთ ზუსტი მიზეზი, რის გამო იყენებენ სტუდენტები Mail.ru-ს“, – აღნიშნავს მერაბ დიასამიძე.

დავით ტაბატაძე, სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია: „რა თქმა უნდა, სასურველი არ არის Mail.ru-ს გამოყენება. მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ  ცნობილია, რომ მას აკონტროლებენ სპეცსამსახურები. რაც შეეხება უსაფრთხოებას, თითოეულ პორტალს თავისი დაცვის სისტემა აქვს. ცნობილია, რომ Google-ის დაცვის სისტემა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა საიტების, მას შიფრაციის მაღალი ხარისხი აქვს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: