ნეტგაზეთი • RU

სოფლის კლუბი, რომელიც თითქმის 100 წელია არსებობს

ავტორი: მარიამ ცინცაძე, სოფელ მარადიდის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე 

სოფელ მარადიდში, სკოლის შენობასთან ახლოს, ერთი ძველი შენობა დგას.  ამ შენობაში უკვე ათწლეულებია დღემდე მოქმედი სოფლის კლუბია.

85 წლის მარადიდელი ახმედ დიდმანიძე 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ კლუბს. იგი ყვება, რომ სოფელში ეს შენობა 1928 წელს გამოჩნდა და ის მარადიდელ ქალს, ვესილე დიდმანიძეს უკავშირდება. თავდაპირველად ამ შენობაში გახსნილ მაღაზიაში მარადიდელი ქალების მიერ მოქსოვილი წინდები იყიდებოდა, შემდეგ კი კინოჩვენებების ადგილად იქცა და აქ ძალიან ბევრი ხალხი იყრიდა თავსო – ამბობს ის.

ახმედ დიდმანიძე. ფოტო: მარიამ ცინცაძე

ახმედ დიდმანიძის თქმით, მარადიდის კლუბში პირველი ფილმი 1957 წელს უჩვენებიათ.

„ყველაზე პოპულარული ინდური ფილმები იყო, რა თქმა უნდა, ქართულ ფილმებსაც ითხოვდნენ. მაგალითად, „ღვინის ქურდები“, „უდიპლომო სასიძო“ და ასე შემდეგ. ბილეთის ფასი 20 თეთრი იყო, ხოლო ვისაც არ ჰქონდა საშუალება, მათთვის უფასო იყო.

ფილმების ჩვენება თითქმის ყოველდღე მიმდინარეობდა, სხვა სოფლებიდანაც მოდიოდა ხალხი ფილმების სანახავად, კირნათიდან, მაჭახლიდან, მირვეთიდან… წინასწარ ვაკრავდით აფიშებს, თუ რა ფილმის ჩვენება იქნებოდა,“ – იხსენებს ახმედ დიდმანიძე.

საინფორმაციო დაფა კლუბთან

კლუბთან ახლოს მდებარე რკინის საინფორმაცია დაფა, სადაც ადრე აფიშებს აკრავდნენ, ახლა დაჟანგულია. დიდი ხანია კლუბში ფილმი არ უჩვენებიათ, თუმცა კლუბი ისევ „ცოცხლობს“. კვირაში რამდენჯერმე ძველი კარი იღება და აქ მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებას ამზადებენ, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი უკვე მწყობრიდანაა გამოსული. ძველი კლუბის თავზე ცხოვრობენ კიდეც.

კლუბის კარი. ფოტო: მარიამ ცინცაძე

______________________

მომზადებულია „ბათუმელების“ მედიალაბორატორიის ფარგლებში.  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.