მთავარი,სიახლეები

„ევექსის“ ორ ექიმს სერტიფიკატი გაუუქმდა, ერთს კი სამი თვით შეუჩერდა – თემურ გაბაიძის საქმე

15.05.2018 • 11958
„ევექსის“ ორ ექიმს სერტიფიკატი გაუუქმდა, ერთს კი სამი თვით შეუჩერდა – თემურ გაბაიძის საქმე

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთან არსებულმა პროფესიული განვითარების საბჭომ აჭარის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის, თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში „ევექსის“ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო.

ოჯახის ცნობით, პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმს, ხათუნა გელაშვილს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სამი თვის ვადით და დაევალა კვალიფიკაციის კურსის გავლა. შპს „უნიმედი აჭარას“ რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს: გიორგი კავთელაძესა და მაია მამისაიშვილს გაუუქმდათ სახელმწიფო სერტიფიკატები სპეციალობებში: ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია.

თემურ გაბაიძის დედა, ნაირა დიასამიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი აზრით, უნდა დამდგარიყო არა მხოლოდ ექიმების, არამედ სხვა, ზემდგომი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც:

„საავადმყოფოში მსგავსი რამ ხდება და პასუხს არ აგებს განყოფილების უფროსი, მთავარი ექიმი. გარდა ამისა, ყველაზე მეტად ვისაც უნდა გამოეჩინა ყურადღება, იმას მხოლოდ სამი თვით შეუჩერეს [სერტიფიკატის მოქმედება], ამას არ ვეთანხმები.“

თემურ გაბაიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმეს შს სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით იძიებს, რაც ნიშნავს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას.

_________________________________

თემურ გაბაიძე გასულ წელს, კუროტ „გოდერძიზე“ დაშავდა და დაშავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი სამედიცინო ისტორია საქართველოს სამედიცინო საქმიანობის სააგენტომ გარდაცვლილის ოჯახის მიმართვის საფუძველზე შეისწავლა და 2017 წლის ნოემბერში რამდენიმე დარღვევა დაადგინა.

კერძოდ:

სწორი დიაგნოზი დაისვა დაგვიანებით, ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებები კი არაადეკვატური იყო.

ოპერაციისას, ანესთეზიის დროს, დაშვებული იყო შეცდომა და გამოყენებული იყო მინიმალურ დოზაზე ნაკლები პრეპარატი, ასევე ოპერაცია მიმდინარეობდა არასაკმარისი ანალგეზიის პირობებში. არ ჩატარებულა ინფექციონისტის კონსულტაცია და ანტიკონვულსური (გვერდითი მოვლენები) თერაპია დაინიშნა არაადეკვატური სქემით და ა.შ.

_____________

ამავე თემაზე: 

მინისტრის კომენტარი თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობაზე

თემურ გაბაიძის დაღუპვიდან 14 თვე გავიდა, საბჭოს კი ექიმების პასუხისმგებლობაზე არ უმსჯელია 

ევექსის ექიმების პასუხისმგებლობა თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში – სააგენტოს დასკვნა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: