ბათუმში, ბაგრატიონისა და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, რამდენიმე დღეა მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე მოსაცდელი აღარ დგას. ადგილობრივი მცხოვრებლები ხუმრობენ, რომ „მოსაცდელი მოიპარეს“. ერთ-ერთი მოქალაქის თქმით კი, „საკუთარი თვალით ნახა, როგორ მოხსნეს მოსაცდელი „ნოვას“ თანამშრომლებმა და კომპანიის საწყობში შეიტანეს“.
ავტობუსის მოსაცდელი სწორედ კომპანია „ნოვას“ ოფისის წინ მდებარეობდა.
„ჩვენთან ძალიან ბევრი მანქანა შემოდის და იყო შემთხვევები, როცა დაზიანდა მოსაცდელიც და მანქანებიც. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ აგვეღო აქედან. მივწერეთ ავტოტრანსპორტის სამსახურს თხოვნით, განვუმარტეთ ის საფუძველი, რისთვისაც გვინდოდა მოსაცდელის აღება და აიღეს“, – გვითხრეს კომპანია „ნოვაში“.
„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ მოსაცდელი ხშირად ზიანდებოდა, ვერ ადგენდნენ მიზეზს და ბოლოს გადაწყვიტეს აეღოთ. თუმცა მოქალაქე, რომელიც მოსაცდელის აღებას შეესწრო, აცხადებს, რომ მოსაცდელის აღებისას შუშებიც და მოსაცდელიც დაუზიანებელი იყო.
„არ ვიცით, რის გამო იმტვრეოდა მოსაცდელის მინები მაგ ადგილზე. შეიძლება „ნოვასთან“ მანქანები რომ შედიოდნენ, არ ვიცით, ვერასდროს დავადგინეთ მიზეზი… კომპანიამ ერთი-ორჯერ კი მოგვმართა, თუ იყო შესაძლებლობა აგვეღო, მაგრამ უარი ვუთხარით, რადგან მოსაცდელი იქ სჭირდება მოსახლეობას. ბოლოს მინები ისევ რომ ჩაიმტვრა, ავიღეთ. ეს იყო 4 მეტრი სიგრძის მოსაცდელი და მის ნაცვლად დავდგამთ გაცილებით პატარა მოსაცდელს, რომელიც კომფორტული იქნება მაგ ადგილზე, თუმცა ზუსტ დროს როდის დავდგამთ, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით“, – გვითხრა ბესო დათიაშვილმა, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა. ეს სამსახური ბათუმის მერიის დაქვემდებარებაშია.
იქვე მოპირდაპირე მხარეს, ბაგრატიონის ქუჩაზე, დგას ანალოგიური მოსაცდელი, თუმცა ის, როგორც „ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, არ ზიანდება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კერძო კომპანიის ინტერესები მოქალაქეთა ინტერესებზე უპირატესი აღმოჩნდა – ცოტა ხნის წინ, კომპანიის მოთხოვნით, ბათუმის მერიამ მოსაცდელი რუსთაველის ქუჩაზეც აიღო.
ამავე თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/105564/