მთავარი,სიახლეები

„პატარა პრინცი“ ბათუმის თოჯინების თეატრში – „მოწვეული სტუმრებიდან არავინ გასულა უცრემლოდ“

14.01.2022 • 1709
„პატარა პრინცი“ ბათუმის თოჯინების თეატრში – „მოწვეული სტუმრებიდან არავინ გასულა უცრემლოდ“

დღეს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში “პატარა პრინცის” პრემიერა შედგა. სპექტაკლი მარიონეტულ სივრცეში გაიმართა, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ პირველად იწყებს ფუნქციონირებას.

ამჯერად „პატარა პრინცი“ ნაწარმოებს ზუსტად არ მიჰყვება და სპექტაკლის რეჟისორისა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის – გიორგი ჩხაიძის ჩანაფიქრს წარმოგვიდგენს.

„პატარა პრინცი“ უკვე მესამედ იდგმება, თუმცა ჩვენს გადაწყვეტაში იგი არ მოგზაურობს პლანეტებზე და დედამიწაზე გაეცნობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც პლანეტებზე უნდა შეხვედროდა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ადამიანები, მაგალითად, მეფე, ლოთი, პატივმოყვარე და ა.შ. ყველა იხსენებს საკუთარ ბავშვობას, ყველა ეძებს საკუთარ პრინცს და არცერთს არ უნდა, რომ გაუშვას თავისი ბავშვობა, რაც არ უნდა კეთილი ან ბოროტი იყოს.

ჩვენი სპექტაკლიც, ალბათ, ამას გულისხმობს, რომ უნდა ვეძებოთ ჩვენში ის პატარა ბავშვი, რომელიც გვასაზრდოებს და სულიერ სიმშვიდეს გვანიჭებს, რა ასაკისა და როგორი ხასიათისაც არ უნდა ვიყოთ“, – ჰყვება გიორგი ჩხაიძე.

მისი თქმით, სპექტაკლზე მუშაობა კორონავირუსის ეპიდემიამდე დაიწყეს, თუმცა პანდემიამ სპექტაკლის უკეთ დამუშავებისა და მასში სასარგებლო ცვლილებების შეტანის საშუალება მისცა:

„ამ სპექტაკლზე მუშაობა 2 წლის წინ დავიწყეთ, პანდემიამდე. მაშინ ყველაფერი სხვანაირად წარმოგვედგინა. პანდემიის გამო ბევრჯერ მოგვიხდა გაჩერება, თუმცა, ვფიქრობ, სასარგებლოც იყო: შეიცვალა ფორმა, გადაწყვეტა, პრინციპი, მსახიობებიც კი და, საბოლოო ჯამში, მივიღეთ სრულიად განსხვავებული პროდუქტი. იქ არის სცენები, რომელიც ვიღაცას შეიძლება პოლიტიკურად მოეჩვენოს, ბევრ დამაფიქრებელ რამეს იპოვის…

თავდაპირველად იგეგმებოდა პატარა ყუთში გაკეთებული სპექტაკლი და დროთა განმავლობაში ჩვენმა მხატვარმა – მირანდა გურგენაძემ იმდენად მიამსგავსა თოჯინები ადამიანებს, რომ, როცა უყურებ, გგონია, უყურებ ანიმაციურ ფილმს და გადავწყვიტეთ – „მოდი, იყოს ანიმაციური ფილმის გადასაღები პავილიონი“.

ახლა თოჯინებს შეუძლიათ ნებისმიერი საგნის ხელში აღება, გადაადგილება, ჩახუტება, ხელში აყვანა, რაც მარიონეტებისთვის, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

მიხარია, რომ მყავს ისეთი გუნდი, რომელიც ჩემს ნებისმიერ ფანტაზიას ხორცს შეასხამს და მაყურებლისთვის ხელმისაწვდომს გახდის რეჟისორის ჩანაფიქრს“.

„პატარა პრინცი“ – სპექტაკლის რეპეტიცია.

გიორგი აღნიშნავს, რომ მისთვის მარიონეტულ სპექტაკლზე მუშაობა ახალი გამოწვევაა:

„ჩემთვის უჩვეულო იყო ამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად მოსვლა, რადგანაც დრამის რეჟისორი ვარ და მეხუთე წლისთავზე მივხვდი, რომ შემეცვალა პროფილი – დრამატული ჟანრისგან განსხვავებით, ეს უფრო მაინტერესებს. პრაქტიკულად, ჩემს თავთან მაქვს ჭიდილი.

როცა დავიწყე ამ სპექტაკლზე მუშაობა, ჩემს ოთახში გავაკარი მანათობელი ვარსკვლავები და რამდენჯერაც ავიხედავდი, იმდენჯერ მახსენდებოდა „პატარა პრინცი“.

იმდენად საპასუხისმგებლოა, როცა პიესა სამჯერ იდგმება ერთსა და იმავე თეატრში, რომ აუცილებლად უნდა პასუხობდეს მაყურებელს, რატომ ჩნდება სცენაზე ესა და ეს ნაწარმოები ამდენჯერ.

ვფიქრობ, დაიმსახურებს მაყურებლის მოწონებას და რეპერტუარში ღირსეულ ადგილს დაიჭერს.

აქვე იმას დავამატებ, რომ სპექტაკლს ცოცხალი მუსიკით აფორმებს კომპოზიტორი – გიორგი ტრაპაიძე. ესეც ჩემთვის პირველია, რადგან ცოცხალ მუსიკასთან არ მიმუშავია.“

რეჟისორის თქმით, სპექტაკლის პრემიერისთვის შერჩეული დღე სიმბოლურია:

„სიმბოლურად დავამთხვიეთ 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს. ამ ქალაქს მარიონეტული თეატრი არ აქვს და მე ძალიან მინდა, რომ ჰქონდეს, რადგან ყველა ქალაქში, რომელშიც ასეთი თეატრი არის, ყვავის კულტურა.

უკვე მოლაპარაკებები გვაქვს რამდენიმე თეატრთან, რომლებიც ელოდებიან ამ სპექტაკლის სრულ ვიდეოს, ალბათ, გავუგზავნით და 2022 წელს სპექტაკლი იმოგზაურებს – მას უამრავი მაყურებელი ნახავს… მოწვეული სტუმრებიდანაც არავინ გასულა უცრემლოდ, რაც უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ კიდევ დავტვირთოთ აღნიშნული სივრცე“.

მაყურებელს სპექტაკლის ნახვა 15-16 იანვარს 5 საათზე შეეძლება.

„პატარა პრინცი“ – სპექტაკლის რეპეტიცია.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში და ონლაინ პლატფორმის საშუალებით Biletebi.ge-ზე.

ბილეთის საფასური 12 ლარია და 1 ჭიქა ყავითა ან ჩაით გამასპინძლებასაც ითვალისწინებს.

მაყურებელს 16 წლიდან თეატრში შესვლა შეუძლია მწვანე პასპორტის ან PCR ტესტის წარდგენით.

 

 

 

 

 

 

 

 

______

მთავარი ფოტო:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: