მთავარი,სიახლეები

„წიგნი უნდა გაცვდეს” – 44 წელი ბიბლიოთეკაში

22.03.2018 •
„წიგნი უნდა გაცვდეს” – 44 წელი ბიბლიოთეკაში

„ყველაზე ძვირფასი, რაც კაცობრიობას შეუქმნია, წიგნია. წიგნებში ყველა კითხვაზე იპოვი პასუხს, კითხვისას თვითონ ხარ მხატვარი, გმირი, მკითხველი და ყველაფერი ერთად,“ – გვეუბნება მანანა ბოლქვაძე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი, რომელსაც ვეკითხებით, თუ რატომ აირჩია ეს პროფესია.

ფოტოზე: ავრორა ჩხაიძე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი 1960-90-იან წლებში

„დედაჩემი, ავრორა ჩხაიძე, ბიბლიოთეკარი იყო. თავიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბიბლიოთეკაში მუშაობდა, პირველკლასელები ვიყავით მე და ჩემი ტყუპისცალი და, როცა დედამ ბიბლიოთეკაში წიგნებით სავსე უზარმაზარ თაროებთან დაგვაყენა და გვკითხა, ამ წიგნებს როდის წაიკითხავთო. დაუფიქრებლად ვუპასუხეთ, რომ ანბანს ვისწავლიდით და მერე ერთ კვირაში წიგნებსაც წავიკითხავდით“.

ბავშვობაში საჯარო ბიბლიოთეკის მუდმივი მკითხველი იყო, ახლა ამავე ბიბლიოთეკის ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელია. მართალია, ბიბლიოთეკაში მასზე ხანდაზმულებიც მუშაობენ, თუმცა საჯარო ბიბლიოთეკის ამ კორპუსში 44 წელი უწყვეტად მანანა ბოლქვაძის გარდა არავის გაუტარებია. ამბობს, რომ ბიბლიოთეკა მისთვის მეორე სახლია და არა სამსახური.

მისი აზრით ხუთი სიცოცხლე მაინცაა საჭირო, ადამიანმა ყველაფერი რომ წაიკითხოს.

„ავად გავხდი ბავშვობაში ერთხელ, სიცხიანი ვიწექი და „ბიძია თომას ქოხს“ ვკითხულობდი. ისე ვინერვიულე, სიცხემ ამიწია. ეს იყო ერთ-ერთი პირველი წიგნი, რომელიც ყველაზე კარგად მახსოვს. ემოციები, რაც კითხვის პროცესს ახლავს, შეუცვლელია“.

მოარულ აზრს, რომ ციფრულ ეპოქაში წიგნებს ნაკლებად კითხულობენ, ბიბლიოთეკარი არ იზიარებს და სამკითხველო დარბაზს გვაჩვენებს, რომელიც ცარიელი თითქმის არასდროსაა.

მოსწონს ბიბლიოთეკის სიახლეები, როგორც ამბობს, ყოველთვის ესწრება  „ამერიკულ კუთხეში“ გამართულ შეხვედრებს, დისკუსიებს და  ახალგაზრდების დიდ შესაძლებლობებზე საუბრობს: „ძალიან მონდომებულები არიან, დიდი შესაძლებლობები აქვთ, ჩემს დროს რომ ამდენი ინფორმაცია და სამოქმედო ასპარეზი ყოფილიყო, ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა. ნეტა მეც ახალგაზრდა შევხვედროდი ამ დროს. მე წიგნის და ტელევიზორის თაობა ვარ, თქვენ – კომპიუტერის“.

ფოტოზე: მანანა ბოლქვაძე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიის განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარი

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკა არ უყვარს, კომპიუტერთან მუშაობა მარტივად ისწავლა, საჯარო ბიბლიოთეკის ყველა  განყოფილებაში უმუშავია, ახლა კი ბიბლიოგრაფიის განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარია და „ბათუმელების“ ყოველთვიური ნომრები: ძველი გაზეთები თუ ახალი ჟურნალები მას შეჰყავს კატალოგებსა და ბაზებში ავტორების, სტატიების სათაურებისა და თემის მიხედვით. ამ დიდი ჟურნალიდან გადადის „ბათუმელების“ ნომრები საჯარო ბიბლიოთეკის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

ვეკითხებით, რას ფიქრობს ელექტრონულ წიგნებზე და როგორ წარმოუდგენია მომავალი – იარსებებს თუ არა წიგნი არსებული ფორმით.

„წარმოდგენაც არ მინდა, ღმერთმა დაგვიფაროს, ადამიანების თანამგზავრები ისევ ადამიანები და წიგნები არიან,“ – ამბობს მანანა ბოლქვაძე. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მთავარია იკითხონ ადამიანებმა და სულერთია რა ფორმით – წიგნში თუ კომპიუტერის ეკრანზე. როგორი მოსახერხებელიც არ უნდა გახდეს კითხვის პროცესი ელექტრონული წიგნების საშუალებით, მისთვის ჩვეულებრივ წიგნს ვერაფერი შეცვლის, როგორც ამბობს, მტვერიც კი უყვარს, ბიბლიოთეკის საცავებში რომ აფენია ძველ წიგნებს.

სასიამოვნო სიახლეებზეც გვიყვება, უსინათლოთა და სმენის უნარის არმქონე პირებისთვის შექმნილი ხმოვანი პროგრამების პაკეტზე, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ წიგნებსა და დისკებზე ჩაწერილ ხმოვან წიგნებზე. ეს ყველაფერი აუცილებელი აღჭურვილობით საჯარო ბიბლიოთეკის პირველ სართულზე, დარბაზში მოწყობილ სპეციალურ კუთხეშია განთავსებული.

ბიბლიოთეკარი მანანა ბოლქვაძე გარდა სიამოვნებისა, რასაც საკუთარი საქმიანობიდან იღებს, იღებს უცნობი ადამიანების ყურადღებასაც, ვინც შეიძლება თავად მას არ ახსოვს, მაგრამ ახალგაზრდები ქუჩაში ცნობენ:

„კინოთეატრის გრძელ რიგში ვიდექი ერთხელ ბილეთების საყიდლად და უცებ ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა, ბილეთი გადმომცა და მითხრა: ეს იმისთვის, რა დროც ჩვენზე დაგიხარჯავთ ბიბლიოთეკაშიო,“- ყვება ბიბლიოთეკარი.

იხსენებს მუდმივ მკითხველებს, რომლებსაც თურმე ბიბლიოთეკაში უშტატო თანამშრომლებად მიიჩნევენ: „მწერალ ანზორ კუდბას, მაგალითად, საყვარელი ადგილი აქვს ჩვენს დარბაზში, ბოძთან უყვარს ჯდომა, თუ იქ თავისუფალი ადგილი არ დახვდა, უკან ბრუნდება, მიდის,“- ამბობს ბიბლიოთეკარი.

რა ემართება დაძველებულ წიგნებს, როცა მათი განახლება შეუძლებელია?

„ნეტა, ყველა წიგნი ასე დაძველდეს,“-ამბობს მანანა ბოლქვაძე, – „ახალს შევიძენთ ან დავაქსეროქსებთ. წიგნმა უნდა იმოძრაოს, ხელიდან ხელში გადავიდეს, გაცვდეს. თაროზე შემორჩენილ ხელუხლებელ გამოცემებს ბიბლიოთეკაში მკვდარ წიგნებს ვეძახით“. სურს, რომ ასეთი ბედი არც ერთმა წიგნმა არ გაიზიაროს.

თუ „მკვდარი“ წიგნები არსებობენ, არსებობენ ცოცხალი წიგნებიც, გაინტერესებთ რომელი წიგნები ცოცხლობენ ყველაზე აქტიურად? გადადით ლინკზე და გაიგეთ რას კითხულობენ ყველაზე ხშირად ბათუმის ბიბლიოთეკაში.

რა წიგნებს კითხულობენ ყველაზე ხშირად ბიბლიოთეკაში ბათუმელები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: