მთავარი,სიახლეები

მოსახლეობა დარიცხულზე მეტ წყლის გადასახადს იხდის, საბიუჯეტო დაწესებულებები – პირიქით

22.03.2018 • 2279
მოსახლეობა დარიცხულზე მეტ წყლის გადასახადს იხდის, საბიუჯეტო დაწესებულებები – პირიქით

ბათუმში მიმდინარე წლის სამ თვეში მოსახლეობამ, კომერციულმა თუ საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, მოხმარებული წყლისა და წყალარინებისთვის, ჯამში, 2 447 208 ლარი გადაიხადეს. ბათუმში წყლის ერთადერთი მიმწოდებელი მუნიციპალური შპს „ბათუმის წყალია“.

აბონენტებს ძველი დავალიანებებიც აქვთ, თუმცა „ბათუმის წყალმა“ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რამდენია ეს დავალიანება ჯამში. კომპანიამ არც ის საბიუჯეტო ორგანიზაციები დაგვისახელა, რომლებსაც წყლის ყველაზე მეტი დავალიანება აქვთ.

ინფორმაცია დავალიანებების შესახებ „ბათუმელებმა“ კომპანიისგან დღეს ოფიციალურად გამოითხოვა. „ბათუმის წყალმა“ კი მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალ-მარტში [დღემდე] დარიცხული და გადახდილი თანხის შესახებ მოგვაწოდა მონაცემები.

„ჯამში რამდენია ძველი დავალიანება დღევანდელი დღის მდგომარეობით, ეს არის კომპანიის შიდა ინფორმაცია. რაც შეეხება კომერციული ორგანიზაციების დავალიანებებს, ეს პერსონალური ინფორმაციაა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ საბიუჯეტო ორგანიზაციებთან მიმართებაშიც. ამიტომ, თქვენ მიერ მოთხოვნილ მონაცემებს ვერ მოგაწვდით“, – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

კომპანიის მიერ მოწოდებული მონაცემებით, ბათუმში წყლისა და წყალარინებისთვის მიმდინარე წელს ჯამში:

[crosslist]

  • საბიუჯეტო ორგანიზაციებს დაარიცხეს 230 780 ლარის გადასახადი, ორგანიზაციებმა კი 12 437 ლარით ნაკლები გადაიხადეს;
  • კომერციულ ორგანიზაციებს დაარიცხეს 1 277 206 ლარი, მათ მიერ კი გადახდილია 1 275 179 ლარი [2 027 ლარით ნაკლები];
  • მოსახლეობას დაარიცხეს 939 223 ლარი, გადახდილია – 1 132 271 ლარი, ანუ 193 048 ლარით მეტი.

[/crosslist]

იმ თანხაში, რაც აბონენტებმა გადაიხადეს, ძველი დავალიანებების ნაწილიც შედის.

„მოსახლეობასთან და ასევე კომერციასთან მიმართებაში ყოველთვიურ დარიცხვასა და ამოღებას შორის არსებული სხვაობა გამოწვეულია ძველი დავალიანებების გადანაწილების გამო“, – მოგვწერა „ბათუმის წყალმა“.

კომპანიის მიერ მოწოდებული სამი თვის მონაცემებით ნათლად ჩანს, რომ საბიუჯეტო და კომერციული ორგანიზაციები იმაზე ნაკლებს იხდიან, რაც გადასახდელი აქვთ, მოსახლეობას კი, იმაზე მეტს ახდევინებენ, რაც დაარიცხეს.

„აბონენტებს, რომლებსაც გააჩნიათ ძველი დავალიანება და არ შეუძლიათ მათი ერთდროულად დაფარვა, კომპანია სთავაზობს გადახდის განსხვავებულ მეთოდს, რომელიც გულისხმობს ძველი დავალიანების რამდენიმე წელზე გადანაწილებას და ყოველთვიურად, შეთანხმების შედეგად დადგენილი თანხის რაოდენობის დაფარვას, ყოველთვიურად მოხმარებული წყლის საერთო ხარჯთან ერთად“, – აცხადებს „ბათუმის წყალი“.

კომპანიის ინფორმაციით, ძველი დავალიანების მქონე საყოფაცხოვრებო აბონენტებს შეუძლიათ დავალიანების რამდენიმე თვეზე გადანაწილების მიზნით დაწერონ განცხადება კომპანიის სათავო ოფისში, ან გააგზავნონ წერილი ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე info@bats.ge
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს არსებული დავალიანების წინასწარ დადგენილი პროცენტის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
აბონენტებს დავალიანების დაფარვა შეუძლიათ ქვემოთ მითითებული ფორმის მიხედვით:
„ბათუმის წყალს“ საერთო ჯამში 78 536 აბონენტი ჰყავს. აქედან 68 189 – მოსახლეობა; 10 088 – კომერციული ორგანიზაცია; 259 – საბიუჯეტო ორგანიზაცია.

ბათუმში წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების ტარიფები[ლარი]:

ბათუმის წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების ტარიფები ქალაქის საკრებულომ 2006 წელს დაარეგულირა

დღეს წყლის მსოფლიო დღეა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: