Batumelebi | ტურიზმი შემოდგომაზე – სად წავიდეთ ტურიზმი შემოდგომაზე – სად წავიდეთ – Batumelebi
RU | GE  

ტურიზმი შემოდგომაზე – სად წავიდეთ

 

ზაფხულის დასრულება სულაც არ ნიშნავს, რომ ტურიზმისათვის ხელსაყრელი დრო ამოიწურა. პირიქით, თბილი შემოდგომა საუკეთესო პერიოდია მოგზაურობისთვის, მით უფრო, რომ ამ დროს შეგიძლიათ საქართველოს ლანდშაფტები სულ ფერებში დაინახოთ. სად შეიძლება წავიდეთ 2-3 დღით და რისი ნახვა სჯობს შემოდგომაზე საქართველოში? „ბათუმელებმა“  ეს კითხვა იმ ადამიანებს დაუსვა, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ და კარგად იცნობენ ტურისტულ ადგილებს საქართველოში. 

ღვინის ტურიზმი, კახეთი, რთველი  შემოდგომაზე კახეთი #1 ადგილია, რომელსაც ტურკომპანიები და გამოცდილი მოლაშქრეები ურჩევენ 2-3-დღიანი ტურით საქართველოში მოგზაურობის მსურველებს.  რთველი, ღვინის ტურიზმი და შემოდგომაზე წითელ-ყვითლად შეფერილი ფოთლოვანი ტყეები კახეთს, რომელიც საქართველოში რელიგიური ტურებით დაინტერესებულთათვისაც ძალიან საინტერესო ადგილია, შემოდგომაზე საუკეთესო ადგილად აქცევს სამოგზაუროდ. ბლოგერი ნიკა უხურგუნაშვილი, რომელიც ბევრს მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, კახეთში ორ ადგილს გვირჩევს.

„კახეთში შემოდგომაზე ძალიან ლამაზია გომბორის ტყე, ფართოფოთლოვანი ხეებით, რომელიც საოცარ ფერებს იძენს. ასევე, სამცხე-ჯავახეთში საფარის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია და ხედი მონასტერზე ახლო მდებარე გორაკებიდან. ფოტომოყვარულებისთვის ეს ორი ადგილი განსაკუთრებულად საინტერესო იქნება, საკმაოდ ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენს და შესაშური ფერების ფოტოებითაც დაბრუნდებებიან“, – ამბობს ნიკა.

საქართველოს მთიანეთი, ოღონდ 15 ოქტომბრამდე –  ლელა წიკლაური, მოლაშქრეთა კლუბ „ფენიქსის“  ხელმძღვანელი საქართველოს მთიანეთს, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთს გვირჩევს. „შემოდგომაზე ძალიან ლამაზია თუშეთი, ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში თუშეთში გზები უკვე იკეტება და მანამდე უნდა შეძლოთ წასვლა.

ულამაზესია შემოდგომაზე ფშავ-ხევსურეთიც. ოქტომბრის შუა რიცხვებამდე აქაც ნორმალური ამინდია, მერე უკვე ჩამოთოვს მთებზე, აცივდება და გზებიც ჩაიკეტება.

აუცილებლად გამოვყოფდი რკონს [კასპის მუნიციპალიტეტი, თეძმის ხეობა, აქ მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი], რომელიც შემოდგომაზე განსაკუთრებული ადგილია, ძალიან ლამაზი ტყეა და საუკეთესო ადგილია ორდღიანი ლაშქრობისთვის.“

რაჭა, წყლის ზედაპირზე არეკლილი ფერადი ტყეები –  „რაჭა შემოდგომაზე არის ზღაპარი, რადგან შერეული ტყეებია რაჭაში და ულამაზესი სანახავია. საერთოდ, ვისაც უყვარს ბუნება, ლაშქრობა, ეს ძალიან კარგი დროა სამოგზაუროდ“, –  ამბობს ლელა წიკლაური. რაჭაში, ნაქერალას უღელტეხილს გაივლით თუ არა, შაორის წყალსაცავს მიადგებით, რომელიც შვიდი კილომეტრის მანძილზე გასდევს გზას. შემოდგომაზე ტყე სხვადასხვა ფერად იწყებს ფერიცვალებას და შაორის წყალსაცავშიც ირეკლება, რაც ერთ-ერთი დაუვიწყარი სანახაობაა რაჭაში შემოდგომით ჩასული ტურისტებისათვის.

შემოდგომა უცხოეთში  – გასულ კვირას CNN-მა ვებგვერდზე 20 საუკეთესო ადგილის შესახებ გამოქვეყნა ინფორმაცია, რომელიც სწორედ შემოდგომაზე უნდა მოინახულოთ. ჩამონათვალში პირველ ადგილზეა გერმანია, მიუნხენი, სადაც ოქტომბერში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლუდის ფესტივალი _ „ოქტობერფესტი“  იმართება.  სიაშია ასევე კანადა, იაპონია, მექსიკა, ბაჰამის კუნძულები, ინდოეთი და ასე შემდეგ. ევროპაში შემოდგომით საუკეთესო ადგილად მიიჩნევა შვეიცარია, იტალია და პორტუგალია.

ტურიზმის სპეციალისტები ამბობენ, რომ შემოდგომაზე უცხოეთში მოგზაურობას რამდენიმე პლუსი აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის –  სასტუმროებისა და ავიაბილეთების შედარებით დაბალი ფასებია.

 შემოდგომა ქალაქიდან გაუსვლელად  –  და ბოლოს, თუ ქალაქიდან, რეგიონიდან გასვლას ორი დღით ვერ ახერხებთ, აჭარაში მდებარე მტირალას პარკს ან კინტრიშის ნაკრძალს შეგიძლიათ ეწვიოთ, სადაც ფოთოლცვენა სექტემბრის ბოლოს იწყება ან კიდევ  ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, რომელიც შემოდგომაზე განსაკუთრებით ლამაზია. ბლოგერი დათო ტრაპაიძეც სწორედ ამ ადგილების მონახულებას გირჩევთ: „სამწუხაროდ, ბათუმი ვეღარ დაიკვეხნის სეზონის ცვლით გამოწვეული მცენარეული საფარის ფერთა სიჭრელით. მაგრამ, სამაგიეროდ გვაქვს მწვანე კონცხი და ბოტანიკური ბაღი, რომელიც ჩვენივე სიზარმაცის გამო ასე შორს გვგონია. საკმარისია გადააბიჯო სიზარმაცეს და სულ რაღაც ოც წუთში იქ ხარ, სადაც გულწრფელად აღიარებ – არა, კარგია, რომ ამოვედი. აქ შეიძლება იგრძნო, ნახო, შეეხო შემოდგომას. ნეკერჩხლის, ჭადრის, ტირიფის ყვითელ ფოთლებში გაიარო“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნანა კვაჭაძე