სიახლეები

მთავრობის მიერ გაყიდული ქუჩის ბედი გაურკვეველია

15.09.2015
მთავრობის მიერ გაყიდული ქუჩის ბედი გაურკვეველია

„ეს რომ ჩაიკეტოს, ფაქტობრივად, 240 კომლს [ყოფილი სოფელი მინდა] ახალ ბულვართან გასასვლელი ეკეტება. შემოთავაზება იყო ალტერნატიული გზების, თუმცა ეს იქნება დაშორებით და ჩვენთვის უვარგისი, მაგ გზით 7-8 კომლი თუ ისარგებლებს ნორმალურად. კონკრეტული ნახაზიც არ არსებობს, პროექტზე რომ არაფერი ვთქვათ. ის, რაც თითქოს უნდა გაკეთდეს, ელიავას ქუჩასაც კი არ უერთდება… ეს ყველაფერი ვიღაცის ბიზნესინტერესებია და ჩვენ ალტერნატივაც არ გვექნება, რადგან აქ მიწის ყველა გოჯი გაყიდულია“, – ამბობს გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრები თემურ ჯიჯავაძე.

მერიის მიერ შედგენილი დოკუმენტიდან ჩანს, რომ მთავრობის მიერ გაყიდული გზის მონაკვეთზე ქუჩის დაგეგმარება გადაწყვეტილი არ არის. სატენდერო საპროექტო გზები და ქუჩები ნახაზზე ბათუმის მერიას ყვითელი ხაზით აქვს აღნიშნული.

აღნიშნულ პრობლემაზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა. მაშინ ჩვენს მიერ მოძიებული დოკუმენტებით გაირკვა, რომ გზის ის მონაკვეთი, რომლის ჩაკეტვასაც მოსახლეობა აპროტესტებს, იმ ნაკვეთშია გაერთიანებული, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წლის 3 ივნისს აუქციონზე პირობებით გაყიდა. ამ ნაკვეთის ფართობი 25 ათასი კვადრატული მეტრია და ის საკუთრებაში კომპანია „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ 2015 წლის 9 ივნისს დაირეგისტრირა.

მაშინ მოსახლეობამ „ბათუმელებს“ აცნობა, რომ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფლებადან“ მიიღეს წერილი, რომ ინვესტორთან შეთანხმებით, გზა, რომელიც მოსახლეობას აკავშირებს ზღვასთან, იქნება 4 მეტრი სიგანის და გამოდგება მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის, ხოლო მანქანით გადაადგილება შესაძლებელი იქნება წრიული ზოლის გამოყენებით“.

გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა, არსებული პროექტით, აქ შეწყდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი აღნიშულთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ შემდეგი ინფორმაცია მოაწოდა: „კომპანიის მიერ გზის დაკეტვა არ იგეგმება. მოსახლეობას მიეცემა საშუალება ისარგებლოს როგორც საფეხმავლო, ასევე ალტერნატიული სამანქანე გზით. ამ ეტაპზე სასტუმროს პროექტის დამუშავება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, კონკრეტულად როგორი გზა იქნება და სად განთავსდება შენობა-ნაგებობები“.

კაჩინსკებისა და ლორთქიფანიძის ქუჩების კვეთა /ფოტო ბათუმელების არქივიდან/

„ბათუმელები“ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს ამჯერადაც დაუკავშირდა. ისინი ამბობენ, რომ ახალი ინფორმაცია არ აქვთ, თავიანთ პოზიციაზე რჩებიან და ყველა ღონეს მიმართავენ, რათა ყოფილი სოფლის გზა, რომლითაც ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდნენ, გზად/ქუჩად დარჩეს, რათა შემოვლითი გზებით სარგებლობა არ მოუწიოთ.

მოსახლეობა არსებულ მოუწესრიგებელ ქუჩებსაც აპროტესტებს. როგორც ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, „ამ ტენდერს მოყვება მომდევნო ტენდერები – საპროექტო, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა და ლორთქიფანიძისა და მიმდებარე ქუჩებიც, შესაბამისად, კეთილმოეწყობა“.

გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: